გორში 2008 წელს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

გორში 2008 წელს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 15 წლის წინანდელი მოვლენები.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მიხეილ შაყულაშვილთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკო.
გორში იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. ხელისუფლების წარმომადგენლები აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ. პანაშვიდი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ გადაიხადა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინები 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული ძმები რომელაშვილების სახელობის მემორიალთანაც მიიტანეს და გმირი ძმების მამასთან მურაზ რომელაშვილთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს აგვისტოს ომი და ძმების გმირული ისტორია.
2008 წლის ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
დღეს აგვისტოს გმირებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა შოვში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს და მწუხარება გამოხატეს რაჭაში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები