მავთულზე ფეხსაცმლის ჩამოკიდების უცნაური ჩვეულება – 5 სავარაუდო მიზეზი
თითოეულ ჩვენგანს უნახავს მავთულებზე ჩამოკიდებული სპორტული ფეხსაცმელი ან ჩექმები. ამ ფენომენს შეიძლება საერთაშორისოც ეწოდოს – ის გვხვდება ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, აზიასა და აფრიკაში, ხოლო აშშ-ში თავისი სახელიც კი მიიღო – shoefiti (შუფიტი) – სიტყვებიდან “shoe” (ფეხსაცმელი) და “graffiti” (გრაფიტი). არსებობს მრავალი ინტერპრეტაცია იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ აკეთებს ასეთ „ინსტალაციას“. ჩვენ გვინდა, ყველაზე პოპულარულ შემთხვევებზე მოგიყვეთ.
1. ქუჩის ბანდების ან ნარკოდილერების სიმბოლო
დასავლეთში ბევრს მიაჩნია, რომ მავთულებზე ჩამოკიდებულ ფეხსაცმელს კრიმინალური ჯგუფები იყენებენ გავლენის ტერიტორიების დემარკაციის ნიშნად. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ამ გზით ნარკოტიკების გამყიდველები სიგნალს აძლევენ თავიანთ კლიენტებს ან კოლეგებს.
2. ძველი ახალგაზრდული ჩვეულება
ძირითადად, სპორტულ ფეხსაცმელს მავთულზე ახალგაზრდები ისვრიან, ამიტომ ვერსიას, რომ ეს სტუდენტების ძველი ჩვეულებაა, არსებობის უფლება ნამდვილად აქვს. ვიღაცას სჯერა, რომ ამ გზით მხიარული სტუდენტები აღნიშნავენ სესიების დასრულებას და არდადეგების დაწყებას.
3. საკალათბურთო ტრადიცია
შეერთებულ შტატებში თვლიან, რომ დენის სადენებზე სპორტული ფეხსაცმელი ქუჩის კალათბურთის გუნდების ხრიკებია. ცნობილია, რომ კალათბურთელებს უყვართ რაღაცის უფრო შორს და მაღლა ასროლა. ამბობენ, რომ ისინი ასე იშორებენ ძველ სპორტულ ფეხსაცმელს, რათა წარმატება მიიზიდონ. სპორტული ფეხსაცმელი ასევე შეიძლება გახდეს იმის ნიშანი, რომ იქვე არის კალათბურთის მოედანი, რომელსაც ჰყავს კონკრეტული მფლობელები.
4. კინემატოგრაფიული ვერსია
ტიმ ბარტონის კომედიურ-დრამაში Big Fish (2003) სოფლის მცხოვრებლებმა თავიანთი ფეხსაცმელი მავთულებზე აყარეს, რათა ეჩვენებინათ, რომ არ აპირებდნენ სახლების დატოვებას. ამ ჩვეულების ნახვა შეგიძლიათ ამერიკელი და ევროპელი კინემატოგრაფისტების ზოგიერთ სხვა ფილმშიც, სადაც არის მშობლიური ადგილების დამშვიდობების საკითხი. „შუფიტები“ ასევე გამოყენებულია სერიალში „სიმპსონები“.
ამის გამო, ითვლება, რომ ამ ჩვეულებას იგივე ფესვები აქვს, რაც მონეტების ჩანჩქერში ან შადრევანში ჩაგდებას. ადამიანი, რომელიც ფეხსაცმელს მაღლა აგდებს, სამყაროს აძლევს ნიშანს, რომ ის აუცილებლად დაბრუნდება ამ ადგილებში.
5. ელექტრო თეორია
ძლიერი ქარის დროს ახლომდებარე მავთულები შეიძლება ერთმანეთს შეეხოს, რაც მოკლე ჩართვას იწვევს. იქ, სადაც ხაზების მოწესრიგება შეუძლებელია, ელექტრიკოსები იმპროვიზებული საშუალებებით ცდილობენ მათ გამიჯვნას. ზოგჯერ ამისთვის გამოიყენება აგური, რომელსაც თოკზე აკრავენ კაუჭით, მაგრამ გაცილებით ადვილია ორი ძველი ფეხსაცმლის მაქმანებით შეკვრა და პრობლემურ მავთულზე გადახვევა.
და ბოლოს, უნდა განვმარტოთ, რომ ეს ჯერ კიდევ არ ითვლება დანაშაულად, რადგან მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს მავთულზე ფეხსაცმლის სროლას. მაგრამ, არსებობს ერთი “მაგრამ”… ელექტროგადამცემი ხაზებზე ან კომუნიკაციებზე უცხო საგნების ჩამოკიდებით, თქვენ შეიძლება ეჭვმიტანილი გახდეთ ვინმეს ქონების დაზიანების მცდელობაში ან დანაშაულებრივი განზრახვით კომუნიკაციის ჩაშლაში.