პეტრე მამრაძე: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა
“ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში ჩინეთის როლი სულ უფრო და უფრო იზრდება, დომინანტური ხდება”,- ამის შესახებ “მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.
მამრაძე ინტერვიუში ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებსაც ეხმაურება.
“იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი მარგველაშვილს ჯერ კიდევ მაშინ ვაკვირდებოდი როცა ზურაბ ჟვანიას ლანდივით დასდევდა და მისი არაფორმალური მრჩევლის ფუნქციას ასრულებდა, შემიძლია თამამად განვაცხადო – მას არავითარი მრწამსი და პრინციპები არ გააჩნია, ყოველთვის მხოლოდ პირად გამორჩენაზე ფიქრობს. აკი თავად განაცხადა – პლასტილინის კაცი ვარ და ყველანაირ ვითარებას მოვერგებიო.
მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ივანიშვილის ნდობა მოეპოვებინა. სხვათაშორის, სწორედ მაშინ როდესაც მარგველაშვილი განათლების მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა “ქართული ოცნების” კოალიციაში შემავალი პოლიტიკოსები, რომლებიც მას ჟვანიას დროიდან მოყოლებული იცნობდნენ, კულუარებში ქირქილებდნენ – მარგველა მინისტრი გახდა, ე.ი. საქართველოს დედა აღარ ჰყავსო.
პირადი სარგებლის მისაღებად ყველაფერზე წამსვლელია და ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია ნებისმიერი პარტია თუ პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მარგველაშვილს თავის რიგებში მიიღებს, მხოლოდ დასუსტდება და საკუთარი თავის დისკრედიტაციას მოახდენს.
ხაბეიშვილ-ვაშაძის ერთობა ძალზე კომიკურია და კრახისთვის არის განწირული. ერთადერთი პლატფორმა რაც “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებში ხმების მაქსიმუმ 10-12 პროცენტს მოუტანს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომლის გარეშეც პარტიის რეიტინგი ნულის ტოლია.
სამწუხაროდ, სააკაშვილი ჯერ კიდევ ახერხებს, ახალ-ახალი ადამიანები ჩაითრიოს იმ მარაზმში, რომელშიც თავად იმყოფება.
რაც შეეხება პრემიერის პეკინში ვიზიტს – ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში ჩინეთის როლი სულ უფრო და უფრო იზრდება დომინანტური ხდება. გამოჩენილი ამერიკელი მეცნიერები გრემი ალისონი და სხვები ჯერ კიდევ წლების წინა წერდნენ, რომ ჩინეთმა ეკონომიკის მოცულობით აშშ-ს გადაუსწრო. აქვე აღვნიშნოთ, რომ აშშ-ს საქართველოს ეკონომიკაში არასოდეს ჩაუდია ისეთი სერიოზული ინვესტიციები, როგორიც 2 ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება, ჩინეთს კი ამის გაკეთება შეუძლია.
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო უარს ამბობს პროდასავლურ კურსზე. აბა ნახეთ, რამხელა სავაჭრო ბრუნვა აქვთ ჩინეთთან აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებს, შეხედეთ როგორი მოცულობითია ჩინეთის წილი მსოფლიოს სატრანსპორტო ჰაბებში… და რა, ამის გამო ამერიკამ პროდასავლური კურსიდან გადაუხვია ან ევროკავშირი პროჩინური გახდა?”,- განაცხადა პეტრე მამრაძემ.