28 ივლისი – 72 წელი ჟენევის კონვენციის „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ხელმოწერიდან
1951 წლის 28 ივლისს ხელი მოეწერა კონვენციას, რომელმაც პირველად განსაზღვრა „ლტოლვილის“ ცნება და ასევე დაადგინა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ზოგადი საფუძველი.
ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ჟენევის კონვენცია შედგება პრეამბულისა და 46 მუხლისგან. კონვენცია აჯამებს წინა საერთაშორისო დოკუმენტებს ლტოლვილებთან დაკავშირებით და წარმოადგენს ლტოლვილთა უფლებების ყველაზე სრულყოფილ კოდიფიკაციას, რაც კი ოდესმე განხორციელებულა საერთაშორისო დონეზე.
ლტოლვილთა სამართლებრივი სტატუსის დარეგულირების აუცილებლობა წარმოიშვა პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც სამი იმპერიის დაშლამ, ტერიტორიულმა ცვლილებებმა და გენოციდის შემთხვევებმა გამოიწვია მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება.
ამრიგად, 1930 წელს ერთა ლიგამ შექმნა ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არა მხოლოდ აგრძელებდა რუს და სომეხ ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მუშაობას, არამედ საკუთარ თავზე აიღო 1924 წელს ლტოლვილებისთვის განსახორციელებელი ჰუმანიტარული სამუშაოები, რომელიც სრულდებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 1924-1929 წლებში.
1946 წელს, როდესაც ლტოლვილთა ნაკადი განსაკუთრებით დიდი გახდა, შეიქმნა ლტოლვილთა სპეციალური საერთაშორისო ორგანიზაცია, ხოლო 1948 წლის 10 დეკემბერს მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. იგი, სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა თავშესაფრის უფლებას.
საბოლოოდ, 1951 წელს ჟენევაში მიღებულ იქნა კონვენცია ლტოლვილთა სტატუსთან დაკავშირებით. კონვენციაში მოცემულია „ლტოლვილის“ ცნების დეფინიციები და დადგინდა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ზოგადი საფუძველი. დოკუმენტში მითითებული იყო მოქმედების შეწყვეტის თარიღი: იგი ეხებოდა ლტოლვილებს, რომლებიც ასეთები გახდნენ 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად.
1954 წლის 22 აპრილს ძალაში შევიდა ჟენევის კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. მას შემდეგ 140-ზე მეტმა სახელმწიფომ მოახდინა კონვენციის რატიფიცირება. დღეს, კონვენციის წყალობით, მილიონობით ლტოლვილს მთელ მსოფლიოში შეუძლია მიიღოს ყოვლისმომცველი დახმარება სახელმწიფოებისა და არაკომერციული ორგანიზაციებისგან, რომელთა შორისაა წითელი ჯვარიც.