ზურაბ ჩიკვილაძე: დედაქალაქის მასშტაბით ენდოპროთეზირების დაფინანსება თბილისის მერიის და საკრებულოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა

თბილისის მერია მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების საჭიროების მქონე პირებისათვის  ოპერაციებს დააფინანსებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.

როგორც თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, პროგრამის ბიუჯეტი 500,0 ათასი ლარით განისაზღვრა და ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად 6000 ლარი გამოიყოფა.

ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით ენდოპროთეზირების დაფინანსება თბილისის მერიის და საკრებულოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.

„დღეს საკრებულოს სხდომაზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის მიხედვითაც, სექტემბრიდან,  მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების საჭიროების მქონე პირები დაფინანსებას მიიღებენ.  ჩვენი მიზანი თანამოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რაც გარკვეულ შემთხვევებში დიდი ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ენდოპროთეზირების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად, 6 000 ლარი განისაზღვრება, პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს აღნიშნული ოპერაციის საჭიროების მქონე ადამიანების  მდგომარეობას. ჩვენს თანამოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ალტერნატიული გზების მოძიება. ეს ჩვენი გუნდის მუშაობის შედეგია. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მიმართულებით თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პროგრამები დღითი დღე ფართოვდება, რაც ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის გარანტიაა“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები