14 ივლისი ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა
14 ივლისი ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ყოველ წელს იხსენებს გენიალური ვაჟა-ფშაველას უკვდავ შემოქმედებას და უდიდეს პატივს მიაგებს მის სახელს.
„162 წლის წინათ დაიბადა გენიოსი, რომლის შემოქმედებაც ადვილად უმკლავდება პოეზიის, ალბათ, ყველაზე მკაცრ საზომს, აკაკი გაწერელიამ ფორმულასავით რომ დაგვიტოვა: „მხოლოდ ისეთი პოეტია საჭირო, ურომლისოდაც სიცოცხლე გაძნელდებოდა“.
ჩემთვის ყველა დღე ვაჟასიაო, წერდა მურმან ლებანიძე და ამით ყველა ჭეშმარიტი ქართველის გულისთქმას გამოხატავდა.
მართლაც, ხომ წარმოუდგენელია ქართველი კაცის წუთისოფელი ვაჟას პოეზიისა თუ პროზის გარეშე?! ფიქრადაც ხომ ვერ გავივლებთ, რომ შეიძლება „ალუდა ქეთელაური“ ან „ხმელი წიფელი“ არ გვქონდეს?!
ორი წლის წინ, როცა ჩარგალში საქართველო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ფშაველი გენიოსის დაბადებიდან 160-ე წლისთავი აღნიშნა, რუსთავის სახელმწიფო თეატრმა ვაჟას კარ-მიდამოში, ღია ცის ქვეშ, „სტუმარ-მასპინძელი“ წარმოადგინა. შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ვაჟას გმირები გაცოცხლდნენ იქ, სადაც იშვნენ, თუმცა ისინი ყოველთვის ცოცხლობენ ჩვენ გვერდით და გვასწავლიან სამშობლოს სიყვარულს, სტუმარმასპინძლობის წმინდათაწმიდა წესსა თუ „ბილწთან არშეკვრის“ დიდებულებას.
სანამ საქართველო ცოცხალია, ვაჟას შემოქმედებაც მასთან ერთად იცოცხლებს.
გენიოსი, რომელიც საკუთარ თავს ნაიალაღარ ხარს ადარებდა, თითქოს დღესაც ბუბუნებს: „ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე“! და თითქოს დღესაც შეგვახსენებს: „ნუ შეგაშინებთ, არ გავნებსთ მთიდან ყვირილი ხარისა!“- ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.