დათო მაღრაძე: ვისაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი არ დაუკარგავს, იმას სჯერა, რომ ეს აფხაზებთან ერთად უნდა მოხდეს
“რუსეთთან ახლაც ომი გვაქვს, ტყვიებსა და ჭურვებს არ გვესვრის, მაგრამ ევროკავშირისკენ ძალიან რთულ გზას გავდივართ და მართებული იქნებოდა, დღევანდელმა ოპოზიციამაც დაპირისპირების სიმძაფრე დროებით შეაჩეროს, იმიტომ, რომ ერთ-ერთ მთავარ საყვედურს სწორედ პოლარიზაციის გამო გვეუბნებიან”,- ამის შესახებ პოეტი დათო მაღრაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ვისაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი არ დაუკარგავს, იმას სჯერა, რომ ეს აფხაზებთან ერთად უნდა მოხდეს.
“მთქმელი ნათქვამს უნდა ჰგავდეს, თუ მათ შორის თვისებრივი კავშირი არ არის, ყველანაირ სიტყვას ფასი ეკარგება. თანამედროვე ევროპის რა მოგახსენოთ, მაგრამ დავით ლორთქიფანიძის არქეოლოგიური კვლევის შედეგმა პირველ ევროპელებთან შეიძლება მიგვიყვანოს… არა მაქვს განცდა, რომ ქვეყანამ საგარეო კურსს გადაუხვია, ყბადაღებულ 12-ვე პუნქტთან დაკავშირებულ ყველა ხარვეზზე მიმდინარეობს მუშაობა, ამაში კი ოპოზიცია არ მონაწილეობს. 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, მაშინდელმა ოპოზიციამ ოპონირება დროებით შეწყვიტა, რაც ძალიან სწორია, შეცდომებსა და შედეგებზე ამ კოშმარის დასრულების შემდეგ ვისაუბროთო, თქვა… რუსეთთან ახლაც ომი გვაქვს, ტყვიებსა და ჭურვებს არ გვესვრის, მაგრამ ევროკავშირისკენ ძალიან რთულ გზას გავდივართ და მართებული იქნებოდა, დღევანდელმა ოპოზიციამაც დაპირისპირების სიმძაფრე დროებით შეაჩეროს, იმიტომ, რომ ერთ-ერთ მთავარ საყვედურს სწორედ პოლარიზაციის გამო გვეუბნებიან. არ ვიცი, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს სამართლებრივად მიუდგებიან თუ პოლიტიკურად, მაგრამ საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ორივენაირად. იმედია, სამართლებრივად გადაწყდება, რადგან მიმაჩნია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ყველა პარამეტრით დაიმსახურა. ვფიქრობ, სტატუსი ევროპასთან მეტად დაახლოების საშუალებაა, ამიტომაც მინდა მოსახლეობის უმეტესობასთან ერთად მისი მიღება. ჩემი მიზანია ევროპასთან მეტი სიახლოვე, სტატუსი კი ამის ხელშემწყობი შესაძლებლობაა. დღევანდელ ევროპაში დამკვიდრებული თანაცხოვრების კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია, რაშიც ეს სტატუსი დაგვეხმარება. დაპირისპირების, კულტურის, განსხვავებული აზრის გადმოცემის დროს კულტურული სივრციდან გაუსვლელობა ევროპაში ძალიან თვალსაჩინოა. თავდაჭერილობის უქონლობა და ემოციების უკონტროლობა კულტურის დეფიციტით აიხსნება, სამხრეთული ტემპერამენტი არაფერ შუაშია. ტემპერამენტი ადამიანის, ერის თვისებებსა და ხასიათს გადმოსცემს ლიტერატურაში, კინოში, მხატვრობაში, ხელოვნებაში… თუმცა, როგორც ქართული კულტურა არსებობს, ასევეა უკულტურობაც. 90-იან წლებში მას პატრიოტიზმს უწოდებდნენ, ახლა გამოხატვის თავისუფლება დაარქვეს. სათაურები იცვლება, შინაარსი კი იგივე რჩება. როგორი მოდური სიტყვითაც არ უნდა შენიღბო, უკულტურობა არ გაქრება. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს ხელისუფლებაში შემთხვევითი ხალხი მოვიდა, მათ საორგანიზაციო საკითხებში თუ ხალხთან ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონდათ, არც განათლება ჰქონდათ მიღებული და შესაბამისი საფეხურებიც არ გაუვლიათ, ხელისუფლების სათავეში შემთხვევით აღმოჩნდნენ და ეს პრეცედენტი შემდგომ საქართველოში ტრადიციად იქცა – ნებისმიერ ადამიანს თუ ადამიანთა ჯგუფს ქვეყნის მართვა ყოველგვარი წინა პირობების გარეშე სურს. ათწლეულების განმავლობაში საქართველოში უკულტურობა ებრძვის კულტურას. არსებობს ქართული ლიტერატურა და მაკულატურა, მეორე ნაწილს, ძირითადად, მეტად ენერგიული და ერთმანეთის მხარში მდგომი ადამიანები ავსებენ. ქართული მაკულატურის პროპაგანდა ლიტერატურის პოპულარიზაციას არ ნიშნავს… თანაცხოვრების კულტურა ევროპულ სამყაროსთან დაახლოებას ნიშნავს. იმედია, ქართველი საზოგადოება განსაცდელის დროს ღირსებას შეინარჩუნებს. ამითაც იცნობა საზოგადოება, ანუ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ღირსების შენარჩუნება შეუძლია.
საქმე ის არის, რომ იმ მხრიდან, საიდანაც არ ველოდით, უამრავ უსამართლობას წავაწყდით, როგორც ევროპარლამენტიდან, ასევე უკრაინის ხელისუფლებისგან, რაც განსაკუთრებით გულსატკენია. თან ერთი კაცის გულისთვის ამხელა დემარში?!სააკაშვილის შესახებ ყოველ დილით აცხადებდნენ, რომ საღამოს უნდა გარდაცვლილიყო, სიკვდილისგან ღმერთმა ყველა დაიფაროს, ნამდვილად არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს, თუმცა, სანამ სტრასბურგის პასუხი არ გამოქვეყნდა, სპეკულაციები არ წყდებოდა. ამიტომ ვუწოდებ იმ გამოსვლებს დაუმსახურებელ შენიშვნებს, რომელსაც ქართველი საზოგადოება გაკვირვებული უყურებს. ჩემი აზრით, ეს ტენდენცია განაპირობა იმან, რომ მართლაც არსებობენ “პროექტის მოქალაქეები”. არ ვიცი, ავტორი ვინ არის, მაგრამ მისი პერსონაჟები გამოიკვეთა, დრომ და განსაცდელმაც გადაამოწმა. რუსეთ-უკრაინის ომამდე, როდესაც ანტირუსული ისტერიკა იყო, საქართველო და უკრაინა ამ იდეის ფლაგმანები იყვნენ. ანტირუსული ისტერიკა, რომელსაც რუსეთმა თავად შეუწყო ხელი, როდესაც საქართველოს შემდეგ უკრაინაში შეიჭრა, ფრონტში უნდა გადაზრდილიყო. 2012 წელს საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები მოხდა. დამარცხებულმა ძალამ სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში გადაინაცვლა. ასეთი პრეცედენტი ისტორიას არ ახსოვს… გამოცდილების გაზიარებას დავარქმევთ თუ რეფორმებს, ფაქტი მაინც ყვირის და მისი ჩაჩუმება ძნელია. პროექტი გრძელდება, უკრაინის ხელისუფლების დიდი ნაწილი საქართველოს ყოფილი მმართველი ძალის წევრები არიან, ზოგიც აქედან აძლევს მითითებას. ერთი “პროექტის მოქალაქეებს” აქ მეორე ფრონტის გახსნა ევალებოდათ.
იმაში, რომ უკრაინის ომის კვალდაკვალ აყვირდნენ, ახლა აფხაზეთის დაბრუნების დროაო… ქართველი ხალხის მიმართ როგორი არასოლიდარული უნდა იყო, რომ დღეს ქართველს აფხაზთან საომრად მოუწოდო?! ამას საქართველოს მტრის გარდა არავინ გააკეთებს. აფხაზეთი აფხაზებთან ბრძოლით უნდა დავიბრუნოთ, ამას გვეუბნებიან?.. ეს იმ კოშმარული წლების გამეორება იქნება, რომელიც ერთხელ უკვე გამოვიარეთ, მაშინ ეს ხალხი სამუდამოდ უნდა დავკარგოთ. ვისაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი არ დაუკარგავს, იმას სჯერა, რომ ეს აფხაზებთან ერთად უნდა მოხდეს და ასეთი მოწოდებები დანაშაულია… გარდა ამისა, იქ რუსეთს ბაზა არ დაუხურავს და იქაურობის პირისაგან მიწისაგან აღგვა ასე ადვილიც არ არის. წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაში იმ პროექტის მონაწილეები რომ იყვნენ, ქვეყანაში რა ვითარება იქნებოდა. უკრაინას ევროპა და აშშ ეხმარებიან იარაღით, ჰუმანიტარულად, მაგრამ ძირითადად მაინც თავისი ცოცხალი ძალით იბრძვის. გარდატეხა ჯერჯერობით არ მომხდარა, მაგრამ როგორც ჩანს, უტევს და წარმატებითაც. საქართველო კი არ არის ასეთი სამხედრო მასშტაბისა და შესაძლებლობების ქვეყანა. ამიტომაც არ მომწონს ეს პროექტი. ან როგორ შეიძლება მომწონდეს, როდესაც მართლაც ერთი ციდა საქართველოს ახალგაზრდობა სხვა ქვეყნის ახალგაზრდობის უკეთეს მომავალსა და კეთილდღეობას ეწირება, როგორი მნიშვნელოვანი და პატივსაცემიც არ უნდა იყოს ეს ქვეყანა ჩემთვის. ოკუპანტი რუსეთის პირისპირ უპირველესად ჩემი ქვეყნის ახალგაზრდობა მედარდება. აშკარაა, რომ პროექტის ავტორებს საქართველოსთან სხვა მოთხოვნა ჰქონდათ, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ, რადგან ვერ გავუძლებდით. რაც შეეხება საქართველოს ელჩის ჩამოსვლასა და უკრაინის პრეზიდენტს, როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს თავს ესხმის, ის კი თავს იცავს, ცივილიზებულ სამყაროში იმ ქვეყნის ხელმძღვანელის სიტყვა თითქმის ყველა საკითხზე ისმის როგორც სიმართლე. ამიტომ პასუხისმგებლობა უმაღლეს დონეზე უნდა იყოს აყვანილი, რადგან შენს ნებისმიერ სიტყვასა და ქცევას გამადიდებელი შუშით უსმენენ და მცირეოდენი გადაცდომაც კი შესამჩნევი ხდება. ვწუხვარ, რომ უკრაინის ხელმძღვანელი პროექტის მოქალაქედ დარჩა. არადა, მას ძალიან დიდი ასპარეზი ჰქონდა… ზელენსკის შეეშალა და შეცდომას რაც მალე გამოასწორებს, მით ნაკლებად დაზარალდება ორი ქვეყნის ურთიერთობა.
არის ასეთი ამერიკული მხატვრული ფილმი “დიდი დიქტატორი”, რომლის ავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი გენიალური ჩარლი ჩაპლინია. ეს არის სატირა ადოლფ ჰიტლერსა და გერმანელ ნაციონალ-სოციალისტებზე. პარალელს არ ვავლებ, თვალსაჩინოებისთვის ვამბობ, ვინაიდან უკრაინის პრეზიდენტიც არტისტული სამყაროდან მოდის – ჩაპლინმა ამ ფილმით ისეთი საშინელი იმპერია გაბზარა, როგორიც მაშინდელი ფაშისტური გერმანია იყო. აი, ეს შეუძლია გენიალურ არტისტს… ეს გაბედული ფილმი თავად შტატებშიც აკრძალული იყო. ზელენსკის ჰქონდა ამის ასპარეზი, მაგრამ, ვფიქრობ, არ გამოიყენა. მას ავიწყდება ან არაფრად დაგიდევთ იმას, რომ ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ხალხი კი რჩება და მის მეხსიერებაში ყველაფერი ილექება. მას ერთი მთავარი დაავიწყდა – საქართველო მხოლოდ მოქმედი ან ყოფილი ხელისუფლება არ არის, ეს ხალხთა შორის ურთიერთობაა, რომლის შენებაში მონაწილეობა ცალკე გმირობაა. მე ვერ ვხედავ საფრთხეს, რომ მისმა სიტყვებმა საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვაში ხელი შეუშალოს, რადგან როდესაც ფრონტზე მთლიანად მოკავშირეების ხელშეწყობაზე ხარ დამოკიდებული, შენი სუვერენიტეტის ხარისხი ძალიან მცირეა. ხანდახან მგონია, ზელენსკის უკრაინის ფრონტის ამბებსაც კი აღარ ეკითხებიან.
ჩვენს ხელისუფლებას, დიახ, უამრავი შეცდომა აქვს დაშვებული, გირგვლიანის საქმის ფიგურანტი მოსამართლეები ქართული სასამართლოს ავანგარდში არ უნდა იყვნენ. ეს შეცდომა კი არა, ქართველი საზოგადოების შეურაცხყოფაა. “ნაცმოძრაობამ” მოსვლის დღიდან ძალის დემონსტრირება დაიწყო, თუ რაზეა წამსვლელი, როგორ შეუძლია თავისი მოქალაქის დასჯა. ამ დროს მოსახლეობის ნაწილმა საზარელი განსაცდელის დროს ღირსება შეინარჩუნა და რეჟიმს დაუპირისპირდა, თუმცა მათ შეურაცხყოფას არც ეს ხელისუფლება ერიდება და ის მოსამართლეები ახლაც პოსტზე ჰყავს. მოსამართლეების შესახებ ახლაც იმავე აზრზე ვარ – ეს ქართველი საზოგადოების შეურაცხყოფა იყო, ოღონდ მათი ახლა დასანქცირება არც 17 წლის წინანდელი მკვლელობით არის განპირობებული და არც ქართველი საზოგადოების თანადგომით. ისინი იმიტომ დაასანქცირეს, რომ კონიუნქტურის ტყვეობაში არ აღმოჩნდნენ. ყოფილ პრეზიდენტსა და მის გუნდზე საუბრისას უხერხულობასაც კი ვგრძნობ, სადამდე მივიდნენ, სახე, ფორმა, ხასიათი დაკარგეს… ჯერ კვდებოდა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მშვენიერი პირადი ცხოვრება აქვს, აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასაც აპირებს, უკრაინა უნდა გადაარჩინოს, აფხაზეთი დაიბრუნოს და ააყვავოს. სად არის ლოგიკა, თანამიმდევრულობა?!
თანამედროვე სამყაროში კულტურულ ევროპასაც გაუჭირდა, მაგრამ ის უნდა გადარჩეს. ეს ჩვენ მიმართ სამართლიან დამოკიდებულებაზეც აირეკლება. ამასთანავე, აშშ-თანაც გვჭირდება სტრატეგიული ურთიერთობის განვითარება, მხოლოდ შენარჩუნება საკმარისი არ იქნება. აშშ-ის ახალ ელჩს, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა შეუდგეს მოვალეობის შესრულებას, წარმატებულ დიპლომატიურ კარიერას ვუსურვებ და თხოვნა-შეთავაზება მექნება – იქნებ საურთიერთობო წრე გააფართოოს, რათა ქართველ საზოგადოებაში არსებულ განწყობებებზე სრულყოფილი სურათი ჰქონდეს. იმედია, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი არსებულ სურათს აცნობიერებს და “აღთქმულ ქვეყნამდე” ებრაელი ხალხივით 40 წელი არ მოგვიწევს სიარული. ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, არც ის არის მოსე და არც ჩვენ ვართ ეგვიპტიდან გამოსული. თუ საფუძვლიანი შენიშვნები აქვთ, ხარვეზები დაახლოებულ ურთიერთობაში უფრო სწრაფად აღმოიფხვრება, ვიდრე ჩვენი დისტანცირებით. გაუსაძლისი მოლოდინი ადამიანებს ენთუზიაზმს აკარგვინებს. ქართველ ხალხში ევროპული ოჯახისკენ სწრაფვის ენთუზიაზმის გაქრობა, ჩემთვის ტრაგედია იქნება. უსასრულო მოლოდინის რეჟიმში გადაყვანით მოტივაცია ყოვნდება.
პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა, რასაც მივესალმები, იმიტომ, რომ ლექსის მწერალი კაცი ვარ და არავის შეწყალებას არ შევეწინააღმდეგები, ჰუმანიზმს როგორ შეიძლება არ ემხრობოდე… თუმცა, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს ისე შეუმცირდა უფლებები, რომ ვეტოსა და შეწყალების უფლება დარჩა. სულ უსაქმოდ რომ არ დარჩეს, ხან ერთს იყენებს და ხან მეორეს. ციხეში ყოფნისთვის ყველა ცოდვაა. ამას წინათ გლდანის ციხეში უვადო პატიმრობამისჯილებს შევხვდი, შევპირდი, რომ გავახმოვანებდით მათ თხოვნას – ვისაც ხელეწიფება, იქნებ კანონმდებლობას გადაავლონ თვალი, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ იმედის უფლება ყველა მოქალაქეს ჰქონდესო. საუბარია იმაზე, რომ დიდი დროის გასვლის შემდეგ მაინც რომ გაუჩნდეთ შეწყალების იმედი.
პატრიარქსა და მეუფე შიოს ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. წმინდა წერილის თანახმად, როდესაც უფალმა მოციქულები საქადაგებლად წარგზავნა, უფლება მისცა, სადაც მიდიოდნენ, იქაურების მშობლიურ ენაზე ექადაგათ. ყველა ეპოქას თავისი ენა აქვს. საპატრიარქომ თანამედროვეობას ბევრნაირად უნდა შეხედოს და დღევანდელ ადამიანს ქრისტიანობა მისთვის გასაგები ენით მიაწოდოს. მხოლოდ თანამედროვე ქართულს არ ვგულისხმობ… იმ ადამიანისთვის, რომელსაც მთელი გულით სურს საყდარსა და სალოცავში უკეთესი ვითარება იყოს, ძნელია, როდესაც რაღაც ფაქტის შესახებ საპატრიარქოსგან ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები ესმის. ბევრი რამ არის გადასახედი… ბევრი რამ თავიდან უნდა გავიაზროთ – თუნდაც ათწლეულების განმავლობაში კათოლიციზმის ხელაღებით მწვალებლობად მონათვლა. ბევრი რამ შინაარსობრივად და რიტუალურად თავიდან არის გასააზრებელი, მათ შორის ის, თუ რატომ დავცილდით დასავლურ სამყაროს, თან ასე მწვავე დაპირისპირებით. საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და ისეთი ქვეყნები, სადაც პეტრე მოციქულის წმინდა ნაწილებია დაბრძანებული, შობას ერთ დროს აღნიშნავენ. როგორც ვიცი, ჯერ კიდევ კალისტრატე ცინცაძის დროიდან იყო მცდელობა, რომ ქართულ ეკლესიას შობა 25 დეკემბერს აღენიშნა, რაც უსაფუძვლო არ ყოფილა. რა თქმა უნდა, გამოწვევები მხოლოდ ამით არ განისაზღვრება, მაგრამ როდესაც ევროპისკენ მივისწრაფვით, იქნებ კალენდარს გადავხედოთ – ახალი წელი შუა მარხვაში რომ დგება, 25 დეკემბერს ვუგალობთ, მაგრამ შობას 7 იანვარს აღვნიშნავთ… თუ დასავლეთში, რომლის ნაწილიც ვართ, შობა 25 დეკემბერს თენდება, ჩვენთან რატომ არ თენდება?! თუ ეს მხოლოდ ასტრონომების გამოთვლებით დაიწერა, რა გამოდის, მხოლოდ ქართველებს გვყავდა საუკეთესო ასტრონომები?.. ამაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს. რაც შეეხება ახალ ინფორმაციას მეუფე შიოს შესახებ, ეს კიდევ ერთი მძიმე “სიურპრიზია” ეკლესიის წიაღიდან – ჯერ ციანიდის ამბავმა გააოგნა ქართველი საზოგადოება და ახლა ზედაპირზე დარიშხანის საქმე ამოვიდა. არ ვიცი, შიგნით რა ხდება, მაგრამ მივესალმები, თუ საპატრიარქო თავის საურთიერთობო-სამეგობრო წრეს გააფართოებს და მომავალში მეხოტბე-მადიდებლებით არ შემოიფარგლება. რეფორმა ქრისტიანობას არ სჭირდება. ის მარადიული ღირებულებაა და რეფორმას არ ექვემდებარება. როდესაც ღმერთს აღიარებ, მის მოძღვრებაში რეფორმას ვერ შეიტან, იმიტომ, რომ ღმერთის ქადაგებაა, მაგრამ შენი მსახურების ხასიათში შეიძლება რეფორმის გატარება”, – განაცხადა მაღრაძემ.