ბაჩო დოლიძე – “ნაცმოძრაობაზე”: პარტიას კულისებში ჩამალული პერსონები მართავენ

“პარტიას კულისებში ჩამალული პერსონები მართავენ. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბაჩო დოლიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, თუ “ნაცმოძრაობა” ქვეყნის მასშტაბით ებრძვის არაფორმალურ მმართველობას, საკუთარ პარტიაში არ უნდა იქმნებოდეს ასეთ პრეცედენტი.

“ხელისუფლება ოპოზიციას მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს, ოპოზიციონერ ლიდერებს კონკრეტული დაჯგუფებების წევრებს ახვედრებს, რომლებიც ფიზიკურ ძალადობას არ ერიდებიან. “ოცნება” რომ აღარ იქნება ხელისუფლებაში და მათაც დახვდებათ ასეთი დაჯგუფებები, იტყვიან, გაბრაზებული ხალხიაო?! თუ ფიქრობენ, რომ მათი მმართველობით ხალხი ძალიან კმაყოფილია?! 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხალხს ძალიან მარტივი არჩევანი ექნება გასაკეთებელი…

რაც შეეხება მდგომარეობას “ნაციონალურ მოძრაობაში”, წალენჯიხაში რწმუნებული იმის გამო გაათავისუფლეს, რომ შიდაპარტიული არჩევნების დროს ლევან ხაბეიშვილს არ უჭერდა მხარს. კი, ეს ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება, მაგრამ იმედია, პარტია მალე გადაეწყობა მთავარ მიზანზე, ფოკუსირდება შედეგზე და ამბიციები უკანა პლანზე გადავა.

რა უნდა იმის მიხვედრას, რომ ამ დიდ ბრძოლაში თითოეულ ადამიანს ძალიან დიდი ფასი აქვს?! ისე ნუ ვიზამთ, რომ სამი-ოთხი კაცი დარჩეს ბოლოს პარტიაში. “ნაციონალური მოძრაობა” დიდი პარტიაა და იქ განსხვავებული აზრი ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლო დრომდე მენეჯმენტი ყოველთვის ახერხებდა სიტუაციის მართვას, საერთო მაგიდის გარშემო დასხდომას და ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას ისე, რომ ყველა აქტორი იყო გათვალისწინებული. სამწუხაროდ, დღეს ასე არ ხდება, პარტიას კულისებში ჩამალული პერსონები მართავენ. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა.

თუ ქვეყნის მასშტაბით ვებრძვით არაფორმალურ მმართველობას, საკუთარ პარტიაში არ უნდა ვქმნიდეთ ასეთ პრეცედენტს! ეს ჩვენი ამომრჩევლის ძალიან დიდი შეურაცხყოფაა! თუ ასე გავაგრძელებთ, მიუმხრობელი ელექტორატი კი არა, საკუთარი ამომრჩეველიც აღარ დაგვიჯერებს, რომ ცვლილება გვინდა. გამოდის, ცვლილება კი არა, ჩანაცვლება გვნდომებია… რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარის არჩევას, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ თუ “ნაციონალური მოძრაობა” 2024 წლის არჩევნებში დღეს არსებული კონფიგურაციით მიიღებს მონაწილეობას, არა მგონია, სასურველი შედეგი დადოს!

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ არის შესაძლებელი ნიკა მელიას გუნდი “ლელოში” ვიხილოთ თუ არა – არ ვიცი, ნიკას ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი. ჩემი აზრით ჩვენ ახლა ასეთი რამ გვჭირდება – თითოეულმა პარტიამ უნდა იმუშაოს კონკრეტულ სეგმენტზე, კონკრეტულ ამომრჩეველზე… ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევა კი არა, საერთო კალათაში ხმების ჩადება გვჭირდება! სამუშაოა ბევრია, საჭიროა კოორდინაცია, ურთულესი საარჩევნო წელი მოდის”,- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები