ვახტანგ ძაბირაძე: კარგი იქნებოდა, ნატოსთან ჩვენი დაახლოება უფრო სწრაფად განვითარებულიყო

“კარგი იქნებოდა, ნატოსთან ჩვენი დაახლოება უფრო სწრაფად განვითარებულიყო, მაგრამ დასავლეთი, ჩვენი პარტნიორები, ასე არ მუშაობენ – დემოკრატიულ სახელმწიფოებში გადაწყვეტილებები სწრაფად ვერ მიიღება, იქ საზოგადოების აზრს ითვალისწინებენ”, – ამის შესახებ ექსპერტმა, ვახტანგ ძაბირაძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ნატოსთან ურთიერთობა არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი გზა.

“შტატების ეს განცხადება აჩვენებს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ევროპისა და ამერიკისთვის სასურველი პარტნიორი. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველო უნდა გახდეს როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს წევრი და ამას საჯაროდაც ამბობენ, მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების ბოლოდროინდელი აშკარად გაუგებარი პოზიციისა, განსაკუთრებით ნატოს შესახებ… ვინმემ ისე არ გაიგოს, თითქოს ვამბობ, რომ ნატოში უნდა შევიდეთ და ტერიტორიულ მთლიანობაზე უარი უნდა ვთქვათ, არამც და არამც, მე ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს ერთობლივი პროცესი – ჩვენ ნატოსკენ უნდა მივდიოდეთ, ალიანსთან ურთიერთობა უნდა გავაღრმაოთ და პარალელურად ყველაფერი გავაკეთოთ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ნატოსთან ურთიერთობა არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი გზა… ვერ გავიგეთ, რომ არა აქვს მნიშვნელობა, რუსეთს როგორ მოექცევი, როცა დასჭირდება იქ და ისე დაგარტყამს, სულ რომ არ ელი და ამ დროს შეიძლება დამცველი და მხარდამჭერი მეგობარი აღარ შეგვრჩეს… კარგი იქნებოდა, ნატოსთან ჩვენი დაახლოება უფრო სწრაფად განვითარებულიყო, მაგრამ დასავლეთი, ჩვენი პარტნიორები, ასე არ მუშაობენ. 2008 წელს შეიძლებოდა მიგვეღო მაპ-ი, მაგრამ ვერ მივიღეთ, ბუქარესტის სამიტზე საფრანგეთმა და გერმანიამ დაბლოკეს ამ სტატუსის მონიჭება. იქ ამ პროცესს ცოტა სხვაგვარად უყურებენ, უფრო ფართოდ. დასავლური ქვეყნები მკაფიო გადაწყვეტილებებს იღებენ მხოლოდ კრიტიკულ ვითარებაში.

დემოკრატიულ სახელმწიფოებში გადაწყვეტილებები სწრაფად ვერ მიიღება, იქ საზოგადოების აზრს ითვალისწინებენ, განსხვავებით ავტორიტარული ქვეყნებისგან. დასავლეთი ცდილობს უკრაინაში მიმდინარე ომით შექმნილ კრიზისულ ვითარებაშიც იმოქმედოს გონივრულად, არ მიიღოს სპონტანური გადაწყვეტილებები, ფრთხილობს და გადამწყვეტ ნაბიჯს, თუნდაც უკრაინის ნატოში მისაღებად, არ დგამს. მოგეხსენებათ, ითქვა, რომ შეიქმნება ნატო-უკრაინის საბჭო, რომლის საშუალებითაც უკრაინას ნატოსთან დასაახლოებლად და ერთობლივი გადაწყვეტილებების მისაღებად უფრო მეტი ბერკეტი ექნება. წესით, დღეს ჩვენც უნდა ვითხოვდეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების გარანტიებს ნატოსგან, მეტად ვმუშაობდეთ, საკუთარ დღის წესრიგს წარვადგენდეთ, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება, სამწუხაროდ. მოკლედ, იმის გაგება გვჭირდება, რომ დასავლეთს გადაწყვეტილების მისაღებად იმაზე დიდი დრო სჭირდება, ვიდრე ეს ავტორიტარულ ქვეყნებში ხდება. ამის მაგალითად გამოდგება რუსეთი, თუნდაც დღევანდელი საქართველო თუ ჩვენი სამეზობლო. ავტორიტარულ რეჟიმებს საზოგადოების აზრი არ აინტერესებთ.

უკრაინის გადაწყვეტილება შეიძლება დიდწილად სააკაშვილს არც უკავშირდებოდა და სხვა წყენა აქვს ზელენსკის, მაგრამ ეს რომც არ იყოს, როდესაც შენს მოქალაქეზე ასეთი ჩანაწერი ვრცელდება და არ იცი, რომ ის ციხეში კი არა, საავადმყოფოშია და მშვენიერი პირობები აქვს შექმნილი, ეს ბუნებრივად გიბიძგებს პოლიტიკურად არასწორი განცხადებებისკენ. სააკაშვილისადმი ჩვენს მოსახლეობის დიდი ნაწილის დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია, თან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ადამიანმა უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი და ისე შემოვიდა საქართველოში. ამიტომ, როდესაც ცდილობენ პოლიტიკური წონა შესძინონ სააკაშვილს, ვფიქრობ, ტყუილად ხარჯავენ დროს, ეს აღარ გამოვა. ვფიქრობ, ამ საკითხში ჩვენი პარტნიორები ცდებიან, რადგან მათთან კომუნიკაცია უფრო მეტად აქვთ “ნაციონალურ მოძრაობასა” და მასთან დაკავშირებულ წვრილ პარტიებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ ჩააქვთ სხვა ინფორმაცია, ხელისუფლება კი ამის შესაცვლელად ვერაფერს აკეთებს. არადა, ეს კაცი ხან კვდება და ხან პოლიტიკაში ისე აპირებს ჩართვას, რომ საქართველო და უკრაინა, ორივე უნდა გაათავისუფლოს. იქნებ როგორმე ჩამოყალიბდეს, კვდება თუ პოლიტიკაში მოდის.

რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირება ქუჩაში და ქვების სროლას, რაც ხდება, ჩვენი პოლიტიკური სინამდვილისთვის უცხო არ არის. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებები დიდწილად ასე იქცეოდნენ. სამწუხაროდ, იგივე გრძელდება. გაიხსენეთ 2011 წელი, როდესაც ანალოგიური რამ ხდებოდა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ, იმჟამინდელი ხელისუფლებაც ხომ დღევანდელივით იქცეოდა. ხელისუფლების განცხადებები მაშინ და დღეს ზედმიწევნით ჰგავს ერთმანეთს. ცოტა შეიძლება ფრაზეოლოგია იყოს შეცვლილი, მაგრამ არსობრივად ერთი და იგივეა. ყველა, ვის აზრსაც არ იზიარებენ, მონათლულია მოღალატედ და რადიკალად. ისე, საქართველოში ოპოზიცია ყველა ხელისუფლების დროს მოღალატედ ცხადდებოდა. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ხელისუფლებას, რომელსაც ოპოზიცია მოღალატეებად და ქვეყნის დამაქცევლად არ მოენათლა.

მომავალი არჩევნების კონტექსტში ცოტა ადრე კი დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს. საქმე ის არის, რომ თუ პოლიტიკური გარემო ორპოლუსიანი დარჩა, ანუ ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნება” ძალაუფლებას შეინარჩუნებს მომავალ არჩევნებზეც, ამიტომ ხელისუფლებას სურს ამგვარი ინციდენტებითა და “ნაციონალებთან” დაპირისპირებით შეავსოს მთლიანად პოლიტიკური მედიასივრცე, რათა არ დარჩეს ადგილი სხვა პოლიტიკური ძალებისთვის და მაქსიმალურად შეზღუდოს მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა. ეს შესაძლოა “ნაციონალების” ინტერესებშიც იყოს”, – განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები