გიორგი კობერიძე: რუსეთი რაც უფრო ხშირად დააშანტაჟებს დასავლეთს, მით მეტად გამკაცრდება დასავლეთის პოლიტიკა

“რუსეთი რაც უფრო ხშირად დააშანტაჟებს დასავლეთს, მით მეტად გამკაცრდება დასავლეთის პოლიტიკა. წარმოვიდგინოთ, რომ დასავლეთი დაჰყვა რუსეთის შანტაჟს, ეს იქნება კატასტროფული პრეცედენტი საერთაშორისო პოლიტიკისთვის, ბიძგი ტერორისტული სახელმწიფოებისთვის, რომ ამ თემით მანიპულაციით შეიძლება მიიღონ შედეგი. ამიტომ დასავლეთი ამ პრეცედენტს ვერ დაუშვებს”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ატომურ იარაღზე ლაპარაკი შანტაჟია.

“თუ გავითვალისწინებით, რომ რუსეთს ამ ატომური სადგურის ნაწილი დიდი ხანია დანაღმული აქვს და კაშხალიც ააფეთქა, რუსეთისგან გამორიცხული არაფერია. ეს იქნება დამანგრეველი არა მარტო უკრაინისთვის, არამედ თავად რუსეთისთვისაც, საერთოდ, მთელი მსოფლიოსთვის. ეს იქნება უპრეცედენტო ტერორისტული აქტი და უკრაინის განცხადებები იმის შესახებ, რომ შესაძლოა რუსეთი ამაზე წავიდეს, არის ერთგვარი პრევენციული მექანიზმი, რომ რუსეთს თავის მართლების გზა მოჭრილი ჰქონდეს. თუკი ასეთი რამ მოხდება, ისეთი აქტორების, როგორიც არიან ჩინეთი და თურქეთი, რომელსაც მეტ-ნაკლებად ნეიტრალური პოზიცია აქვს, დამოკიდებულება რუსეთისადმი უკვე ძალიან მწვავე გახდება და საერთო ჯამში, შეიძლება არა მარტო პუტინის რეჟიმის, არამედ რუსეთის სახელმწიფოებრიობის საკითხიც კი დადგეს. ეს იქნება ღია ტერორისტული აქტი და დანაშაული კაცობრიობის წინაშე, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ადამიანების მასობრივად განადგურება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ რუსეთში თვითმკვლელები არ არიან და ატომური იარაღის გამოყენებაზე ლაპარაკს უფრო პოლიტიკური დანიშნულება აქვს.

რუსეთი რაც უფრო ხშირად დააშანტაჟებს დასავლეთს, მით მეტად გამკაცრდება დასავლეთის პოლიტიკა. წარმოვიდგინოთ, რომ დასავლეთი დაჰყვა რუსეთის შანტაჟს, ეს იქნება კატასტროფული პრეცედენტი საერთაშორისო პოლიტიკისთვის, ბიძგი ტერორისტული სახელმწიფოებისთვის, რომ ამ თემით მანიპულაციით შეიძლება მიიღონ შედეგი. ამიტომ დასავლეთი ამ პრეცედენტს ვერ დაუშვებს. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა აგებულია დიპლომატიაზე. შეიძლება იყოს უკანონო, მაგრამ კონვენციური ომები, მაგრამ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება უპრეცედენტო დანაშაულია და საერთაშორისო საზოგადოებრიობა ამ იარაღით შანტაჟს არ დაუშვებს. ჩინეთი და ირანიც კი, რომელიც ჩინეთისგან განსხვავებით, ნეიტრალური კი არა, რუსეთის მხარდამჭერია, არ იქნებიან ამაზე თანახმა. ჩინეთი გლობალური მოთამაშეა, მას სულ სხვა ამბიციები აქვს და სულაც არ სურს რუსეთთან იყოს ასოცირებული. რუსეთმა მართლაც რომ გამოიყენოს ატომური იარაღი, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდება, ამას ვეღარაფერი გამოასწორებს და დარწმუნებული ვარ, ეს იციან რუსეთში. ამიტომაც ატომურ იარაღზე ლაპარაკი შანტაჟია.

პუტინი ძალიან ფრთხილია და მშიშარაც არის. ამას მოწმობს მისი ბიოგრაფიაც. ამიტომ მგონია, რომ ამას ვერ გაბედავს. მე პრობლემას უფრო იმაში ვხედავ, რომ ერთია, პუტინის რა ბრძანება იქნება და მეორე, რამე ინციდენტი არ მოხდეს და თავად პუტინს არ აუფეთქდეს რაიმე ნაღმი, თუ აქვს, ან ვინმემ ლოკალურად არ მიიღოს გადაწყვეტილება. თუკი პუტინმა ატომური იარაღის რაიმე ფორმით გამოყენების ბრძანება გასცა და პოლიტიკური თვითმკვლელობა გამოაცხადა, ეს ახლანდელი რუსეთის დასასრული იქნება. ამ ჰიპოთეზურ ვერსიაშიც გამოვრიცხავ ატომური სადგურის აფეთქებას, შეიძლება ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს. რაც შეეხება იმას, შანსი თუ არის, რომ პუტინის გადაწყვეტილების გარეშე აუფეთქდეთ – არ არის მაღალი, რადგან ატომური სადგურის ნაწილი დიდი ხანია, დანაღმულია. როგორც ამბობენ, ის ნაწილი, სადაც გამაგრილებელი სისტემაა. თუ რაიმე აფეთქდა, აპრიორი არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც სადგური დაზიანდება და კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. თუმცა, გამორიცხული არაფერია. ფრონტის ხაზი ძალიან მიუახლოვდა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს… არ არის გამორიცხული, უკრაინელებმა მანამდე დაიკავონ ის ადგილები, სანამ რუსები რამეს შეძლებენ და ამიტომ შესაძლოა ხალხი გაარიდეს. დასავლეთს წლების განმავლობაში ეშინოდა და ახლაც ეშინია იმის, ვის ხელში აღმოჩნდებოდა ეს იარაღი. ეს საფრთხე ახლაც არსებობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრიგოჟინის აჯანყება ვნახეთ, რომელმაც ცხადი გახადა, რომ ატომური იარაღის გაკონტროლების საფრთხე დიდია. ამაზე პასუხი მსოფლიოს როგორი შეიძლება ჰქონდეს, რთული სათქმელია. ეს შეიძლება სადღეისოდ ყველაზე რთული გამოწვევა იყოს. ნატო ყველაზე რთულ სცენარებს ამუშავებს და დარწმუნებული ვარ, ამაზეც იქნება ლაპარაკი, თუნდაც დღის წესრიგში არ ჩაწერონ. მით უმეტეს, უკრაინა მუდმივად შეახსენებს მსოფლიოს, რა მოხდება, თუკი რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ან რუსეთი გაიმარჯვებს. ასეთ საკითხებზე მსჯელობას უკრაინელებიც აყენებენ ხოლმე დღის წესრიგში და ცხადია, ამ სამიტზეც შეიძლება იმსჯელონ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, ფართო საზოგადოებრიობისთვის ცნობილი გახდეს, როგორ პასუხს გასცემენ. რუსეთის ხელისუფლება კი ამას აუცილებლად გაიგებს – შანტაჟს სჭირდება პასუხი და დასავლეთი აუცილებლად გასცემს”, – განაცხადა კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები