თარხუჯ ჯავახიშვილი ცნობილი პაპის, ივანე ჯავახიშვილის შესახებ
სპეციალურად მედიაჰოლდინგ “კვირასთვის” ინტერვიუ მოამზადა შალვა ლონდარიძემ.
ივანე ჯავახიშვილის პიროვნებასთან დაკავშირებული საინფორმაციო-შემეცნებითი რუბრიკის ფარგლებში, წარგიდგენთ ბატონ თარხუჯ ჯავახიშვილს, ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილს, რომელიც ჩვენი ეპოქის თანამედროვეა და, მისი წინაპრისგან განსხვავებით, სრულიად სხვა ამპლუაში მოღვაწეობს. ამის შესახებ – მოგვიანებით… ახლა კი დღევანდელი ინტერვიუ.
შ.ლ.- ბატონო თარხუჯ, მოგესალმებით! დღეს გამორჩეული დღე მაქვს. არაერთ რესპონდენტს გავსაუბრებივარ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებთანაც, როგორც რეპორტიორს, განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს. ერთ-ერთი ასეთი თქვენ ხართ.
თ.ჯ.- მადლობა, რომ მომიწვიეთ, თუმცა, განსხვავებულს ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან ჩემი პაპის შესახებ ისედაც ბევრი რამ არის ცნობილი. სიმართლე გითხრათ, საიდან დავიწყო, არ ვიცი, კონკრეტულად რა გაინტერესებთ?
შ.ლ.- დღეს სულ სხვა კუთხით მსურს ივანე ჯავახიშვილი წარმოჩენა. ჩემი გადაწყვეტილება ამასწინათ გამოცემულმა წიგნმა – „ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ განაპირობა, სადაც თქვენი პაპისა და ბებიის ულამაზესი, ძალიან მგრძნობიარე სიყვარულია აღწერილი, ჩემთვის ეს ყველაფერი აღმოჩენა და განმაცვიფრებელი იყო. არასტანდარტულად დავიწყებ ჩვენს ინტერვიუს, ყოველგვარი სტანდარტების გარეშე. მოდით, თავდაპირველად მიპასუხეთ, როდის აღმოაჩინეთ თქვენს ცნობიერებაში, რომ ივანე ჯავახიშვილი, პაპათქვენის გარდა… საზოგადოებისთვის გამორჩეული ადამიანი იყო?
თ.ჯ.- არასოდეს დავფიქრებულვარ ამაზე, პასუხისთვის ცოტაოდენი დრო მჭირდება…
შ.ლ.- მცირეოდენი პაუზა კარგიც არის, თქვენი გულახდილობა ძალიან დამეხმარება, სხვანაირად კარგი ინტერვიუ ვერ შედგება…
თ.ჯ.- ცოტა შორიდან დავიწყებ და კალინინის ქუჩას გავიხსენებ, ახლანდელ ივანე ჯავახიშვილის 66 ნომერს. მე რომ დავიბადე, პაპა უკვე გარდაცვლილი იყო… ბავშვობიდანვე მახსოვს ჩვენი დიდი ოჯახი, რომელიც მუდმივად ადამიანების ფუსფუსით გამოირჩეოდა. ბიძაჩემი ალექსანდრე, ლალით წოდებული, შინაურები ასე ეძახდნენ მას… ხუმრობდა ხოლმე, რომ სახლი, სადაც ყველა ერთად ვცხოვრობდით, ნოეს კიდობანი იყო…
შ.ლ.- ნოეს ეს კიდობანი მრავალრიცხოვანი იყო?
თ.ჯ.- საკმაოდ… ადამიანები იმ პერიოდში ასეთ თანაცხოვრებაში იყვნენ ერთმანეთთან. უშუალოდ, პაპას ოჯახს რაც შეეხება, ხუთი წევრისგან შედგებოდა, ანასტასიას და ივანეს სამი შვილი ჰყავდათ, თუმცა, ამავე სახლში ცხოვრობდნენ ჩვენი ნათესავებიც. პაპას გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის წევრებმა ოთახების წყობა გადააკეთეს, ვიწროდ ცხოვრების გამო არსებული სიტუაცია რეკონსტრუქციას მოითხოვდა, მაგრამ რაც გამოკვეთილად მახსოვს პაპის ნაკაბინეტარიდან, იგი, მუქი, მოყავისფრო-მოწითალო ტონის კედლებისგან შედგებოდა. რაც შეეხება ჩემს ცნობიერებას პაპაჩემის შესახებ…
ახლაც გამოკვეთილად მახსოვს, დედამ მის ბიძასთან სტუმრად წასვლა გადაწყვიტა და თან წამიყვანა. ვარაზისხევი ნელ-ნელა ფეხით ავიარეთ, როდესაც უნივერსიტეტს მივუახლოვდით, მომიტრიალდა და მითხრა. „მოდი, პაპას საფლავი ვნახოთ“. მაშინ პატარა ვიყავი და საფლავის მნიშვნელობა არც ვიცოდი, მაგრამ რაღაცნაირად მივხვდი, რომ მნიშვნელოვანი ადგილი იყო და გამორჩეული ადამიანისთვის განკუთვნილი… როდესაც კიდევ წამოვიზარდე, თანდათან, მეტი და მეტი მესმოდა პაპის საქმიანობის შესახებ.
შ.ლ.- ამ ცხოვრებაში ისე ხდება ხოლმე, რომ ცნობილ ადამიანებზე ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება, ასევე მათ შვილებსა და მეუღლეებზე, მშობლები კი რაღაცნაირად იჩაგრებიან ხოლმე… ცოტა რამ ბატონი ივანეს მშობლებზეც რომ მიამბოთ…
თ.ჯ.- პაპაჩემის მამას ალექსანდრე ერქვა, მის მამას კი – ივანე, ასე რომ, თაობებს შორის სახელების მონაცვლეობა მეორდება. ალექსანდრემ თავის დროზე თბილისის გიმნაზია დაამთავრა. მოგვიანებით, ის პედაგოგიურ საქმიანობას მათემატიკის განხრით ეწეოდა. ივანეს დედას სოფიო ვახვახიშვილი გახლდათ. ჩემი დიდი ბებია ადრეულ ასაკში გათხოვდა და შვილების აღზრდით იყო დაკავებული.
შ.ლ.- რაც შეეხება ბატონი ივანეს დედმამიშვილებს, ვინ იყვნენ ეს ადამიანები?
თ.ჯ.- ექვსი და-ძმა იყო. ყველაზე უფროსი – ეკატერინე, კატოდ წოდებული. სხვათა შორის, ბევრ წიგნშია დაბეჭდილი ერთი კონკრეტული ფოტო, რომელსაც მცდარი მითითება ახლავს, თითქოს, სურათზე, მშობლებთან აღბეჭდილი ბავშვი… ივანე ჯავახიშვილია, არადა ეს არის კატო! რაც შეეხება ივანეს, იგი კატოს შემდეგ დაიბადა. მერე მოდიან: გიორგი, მიხეილი, ალექსანდრა და დავითი.
ალექსანდრა (საშა), გახლდათ რჩეულიშვილების რძალი. იგი, მწერალ გურამ რჩეულიშვილის ბებია იყო.
შ.ლ.- აი, რა საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი, თუმცა, მჯერა, ჩვენი საუბრისას, სხვა საინტერესო ამბებიც გაცხადდება.
ბატონო თარხუჯ, ამასწინათ გამოიცა შესანიშნავი წიგნი „ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“, რომელიც თქვენი პაპისა და ბებიის სიყვარულის მემატიანედაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ამის შესახებ, ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე კი მინდა, მიამბოთ, თუ როგორ გაიცნეს მათ ერთმანეთი…
თ.ჯ.- პაპისა და ბებიის გაცნობა ზუსტად იმ სახლში მოხდა, რომელზეც ინტერვიუს დასაწყისში მოგახსენეთ. ეს იყო მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის სალონური ტიპის სახლი, სადაც მაშინდელი გამორჩეული საზოგადოება იკრიბებოდა. მარიამი, რომელიც ერეკლე მეორის შვილიშვილის, შვილიშვილი იყო, ანასტასიას მამიდად ეკუთვნოდა. ერთ-ერთი ასეთი სალონური წვეულების დროს, ივანე, სტუმრად ორბელიანების სახლში აღმოჩნდა… ბებიისა და პაპის სასიყვარულო ისტორიაც, მაშინ დაიწყო. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება! დაქორწინების შემდეგ კი ახალგაზრდა წყვილი საბოლოოდ დაფუძნდა ორბელიანების სახლში, ახლანდელ – ივანე ჯავახიშვილის 66 ნომერში.
შ.ლ.- ქორწილმა და ჯვრისწერამ როგორ ჩაიარა?
თ.ჯ.- მიზეზი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ისე მოხდა, რომ საქართველოში ჩაფიქრებული ჯვრისწერა პეტერბურგში, ოქტომბერში შედგა, რომელსაც გარკვეული წინააღმდეგობაც კი ახლდა თან. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჯვრისწერა კინაღამ ჩაიშალა…
შ.ლ.- ეს როგორ, რა მიზეზით?
თ.ჯ.- მღვდელს, რომელსაც ჯვრისწერის ცერემონიალი უნდა ჩაეტარებინა, რიტუალის შესრულებაზე, თავდაპირველად კატეგორიული უარი განუცხადებია… სასულიერო პირის ჭირვეული ხასიათი კი, ივანესა და კატოს საგვარეულო საბუთებმა გამოიწვია. მღვდელი, თურმე აცხადებდა, რომ ერთი გვარის ადამიანებს ჯვარს არ დაწერდა! თუმცა, გაუგებრობა მალევე დასრულდა და ახალგაზრდებიც დაქორწინდნენ.
შ.ლ.- დიდად უცნაურია… ჯავახიშვილისა და ჯამბაკურ-ორბელიანის ერთ გვარში გაერთიანება…
თ.ჯ.- გეთანხმებით…
შ.ლ.- წინააღმდეგობები არც ხელისუფლებისგან აკლდა დიდ მეცნიერს… საბჭოთა, სტალინურ ეპოქას უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ის ინტელიგენციაც, რომელიც თავის დროზე აგენტურად „მოინათლა“. იყო უამრავი ფაქტი, რის გამოც ადამიანებმა საკუთარი სისხლით აღბეჭდეს საბჭოთა წყობის „იდეალური“ მხარეები. უსამართლობას ივანე ჯავახიშვილიც არაერთხელ შეეჯახა, თუმცა, მაინც „გადარჩა“. რით ახსნით ამ ფაქტს?
თ.ჯ.- ზუსტი პასუხი ამაზე არ მაქვს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი ერთი ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ. პაპას, სანამ უნივერსიტეტიდან დაითხოვდნენ, ბერია შეხვდა და მისი მეუღლის უნივერსიტეტში ჩარიცხვა თხოვა. ივანე დათანხმებულა, მაგრამ ერთი მთავარი პირობით, ბერიას მეუღლეს, შესაბამისი განათლების დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარედგინა, რაც ხელისუფალის ცოლს არ გააჩნდა… ბერიას გამონაკლისის დაშვება უთხოვია, თუმცა, პაპა პრინციპული კაცი იყო და ბერიასთვის უთქვამს, რომ შეღავათი ვერ დაიშვებოდა!
უარის მიღების შემდეგ ბერიას განუცხადებია: „კარგად მესმის თქვენი, ბატონო ივანე, მაგრამ თხოვნის მაგივრად ბრძანება, რომ იყოს?! – რაზეც ივანეს უპასუხია: „უნივერსიტეტში ბრძანებებს, მხოლოდ მე ვიძლევი!“. მოგეხსენებათ ეს პასუხი იმ პერიოდში რას ნიშნავდა… ფაქტობრივად, პაპამ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. გავიდა მცირე დრო და პაპაჩემს, საქართველოს ფაშისტური ორგანიზაციის ფუძემდებლობა დააბრალეს…
შ.ლ.- უმძიმესი ბრალდებაა, თუმცა, გასაკვირი არის ის, რომ რაღაც დროის შემდეგ ბატონი ივანე, ასე ვთქვათ – რეაბილიტირდა… რამ განაპირობა ეს ფაქტი, თქვენ როგორ ფიქრობთ?
თ.ჯ.- მართალია! 37 წლის ცნობილი რეპრესიული ტალღის შემდეგ, დაიწყო ხელისუფლების ახლებური ხედვა, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პაპას აგარაკი და მანქანაც კი გადასცეს. არის ასეთი ვერსია, რომ ივანესადმი ლოიალური დამოკიდებულება, თვით სტალინმა გამოავლინა. რამდენად მართალია, არ ვიცი, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ტროცკი, ხშირად უმეორებდა სტალინს, თითქოს საბჭოთა კავშირის ბელადი ველურების ქვეყნიდან იყო, სტალინს კი საპირისპიროს დამტკიცება სურდა.
შ.ლ.- ტროცკი ვერ წარმოიდგენდა, მექსიკაშიც თუ იპოვიდნენ და თავს გაუპობდნენ, რის შედეგადაც გარდაიცვალა კიდეც… თორემ, სტალინისთვის ასეთი „შეხსენებებისგან“, ალბათ, მაინც თავს შეიკავებდა…
ჩვენს ძირითად თემებს დავუბრუნდეთ. ამ წუთიდან ქალბატონ ანასტასიაზე მინდა განსაკუთრებული აქცენტები გავაკეთოთ.
ბებიას როგორ დაახასიათებდით, როგორი ქალბატონი?
თ.ჯ.- შემიძლია ვთქვა, რომ ბებიაჩემი რამდენიმე წლის წინ მეორედ გავიცანი, როდესაც პაპისადმი მის მიერ დაწერილ ერთ-ერთ წერილს გავეცანი. ეს იმდენად დიდი სიახლე იყო, რომ გაოგნებული, განცვიფრებული დავრჩი!..
შ.ლ.- მანამდე არ იცოდით ამ უდიდესი სიყვარულის შესახებ?
თ.ჯ- გამოდის, რომ არ ვიცოდი, რადგან ბებიაჩემს არასოდეს უსაუბრია მისი გრძნობების შესახებ.
შ.ლ.- რატომ, მკაცრი ბუნების ქალბატონი იყო?
თ.ჯ.- დიახ, მაგრამ ძალიან სამართლიანი! ის, ჩემთვის დედაც იყო და ბებიაც, შემიძლია ვთქვა, რომ მან აღმზარდა, თუმცა ამ ფაქტის მიუხედავად, არასოდეს უსაუბრია პაპისადმი უდიდეს სიყვარულზე.
შ.ლ. – ისე, რა მაცდურია ხანდახან ადამიანის გარეგნობა… ნატურით შეიძლება ძალიან სუსტი იყო, ტანმორჩილი, სახეზე მკაცრი გამომეტყველებითაც კი და ამ დროს უდიდეს გრძნობას ატარებდე…
თ.ჯ.- ზუსტი ნათქვამია… ახლაც რომ ვუფიქრდები, თურმე რა დონეზე უყვარდათ ამ ადამიანებს ერთმანეთი… განცვიფრებული ვარ!.. მათი სიყვარულის შესახებ იქამდე არაფერი იყო ცნობილი, ვიდრე მათივე წერილები არ გაიხსნა… ემოციების ნამდვილი ვულკანია!
შ.ლ.- სიმართლე გითხრათ, როდესაც ამ მოსიყვარულე სულების წერილებს გავეცანი, ჩემთვის გავიფიქრე… ქართველი რომეო და ჯულიეტა…
თ.ჯ.- დიახ, გეთანხმებით, ოღონდ ისინი პატარები იყვნენ.
შ.ლ.- დიახ, ისინი – პატარები…
ბატონო თარხუჯ, პაპასა და ბებიას შორის სასიყვარულო წერილებით მიმოწერა 1905 წლიდან იწყება და 1939 წლამდე მუდმივ დინამიკაშია. 1940 წელს ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა… ამხელა გრძნობის შემდეგ, როგორ განვითარდა ბებიასთან დაკავშირებული მოვლენები?
თ.ჯ.- ოჯახის წევრები, თურმე დიდი ხანი თათბირობდნენ, თუ როგორი ფორმით ეთქვათ ანასტასიასთვის, ივანეს გარდაცვალების ამბავი…
რაც შეეხება მისი სიცოცხლის შემდგომ წლებს, ბებია ძალიან თავმდაბალი ქალი იყო. არასოდეს უსარგებლია პაპის ავტორიტეტით, ყოველთვის ერიდებოდა მისი სახელით პრივილეგიის მიღებას და რაიმე სახის შეღავათით არასდროს უსარგებლია. სასაუბრო თემის დროს, თუკი პაპას სახელი გაჟღერდებოდა, შვილიშვილებს გვეტყოდა: „ივანე ჯავახიშვილი, რომ თქვენი პაპა იყო, ამაში არავითარი თქვენი დამსახურება არ არის!“. დღემდე გამოკვეთილად მახსოვს ბებიაჩემის ეს სიტყვები და კიდევ ერთი ფრაზაც მახსენდება. „პაპათქვენს ვერასოდეს ვერ გაუსწორდებით თქვენი საქმიანობით. ერთადერთი რაც შეგიძლიათ, იცხოვროთ ისე, რომ პაპას სახელს ოდნავი ჩრდილიც კი არ მიადგეს!’.
შ.ლ.- არ დაგიმალავთ და თითქოს მეც ვიგრძენი ქალბატონი ანასტასიას მკაცრი ხასიათი, წარმოვიდგინე მისი სახე და ინტონაციაც კი… თუმცა ამ წუთებშიც განცვიფრებას იწვევს მისი ზეამაღლებული სიყვარული ბატონი ივანესადმი და – პირიქით.
ასეთ სიყვარულს როდესაც ატარებ, გამორიცხულია, რომ სიცოცხლის რომელიმე მონაკვეთში რაიმე არ დაიბარო, სურვილის ან ანდერძის სახით. ბებიის შემთხვევაში მოხდა ასეთი რამ?
თ.ჯ.- მოხდა… გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ბებიამ შვილებს ანდერძის სახით, თხოვა, მისი სხეული დაეწვათ, ხოლო ფერფლი სპეციალურ ჭურჭელში მოეთავსებინათ და ამ სახით, მისი მეუღლის გვერდით ყოფილიყო, თუნდაც საფლავის უკან, მალულად… ბებიას არც წარწერაზე ჰქონდა პრეტენზია და მით უმეტეს დაკრძალვის ჩატარების ცერემონიალზე. ეს იყო მისი ადამიანური თხოვნა…
შ.ლ.- ძალიან იმოქმედა ამ ისტორიამ… მაგრამ ინტერვიუ უნდა განვაგრძო! რა მოხდა ბებიის გარდაცვალების შემდეგ?
თ.ჯ.- ოოო… აი, ამ დროს მართლაც ძალიან უცნაური მოვლენები განვითარდა. ანასტასიას არასოდეს, არაფერი უთხოვია და არც მოუთხოვია! მახსოვს ყველანი საგონებელში ჩავარდნენ, არავინ იცოდა როგორ მოქცეულიყო ამ ანდერძთან დაკავშირებით…
შ.ლ.- ეს რომელი წელია, ბატონო თარხუჯ?
თ.ჯ.- 1969, ვასილ მჟავანაძის პერიოდი… რა თქმა უნდა, ბებიის გარდაცვალების ამბავი მაშინ მჟავანაძემდეც მივიდა, თანაც ბებიაჩემის გაცხადებული სურვილით…
შ.ლ.- უკვე წარმომიდგენია რა დილემის წინაშე დადგებოდა საბჭოთა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება…
თ.ჯ.- მჟავანაძე თავად ჩაერთო ამ საკითხის განხილვაში, მაგრამ არა ბებიაჩემის გადაწყვეტილების სასარგებლოდ და სადღაც მართალიც არის, ვინაიდან ბებიას ამ ფორმით მის მეუღლესთან ვერავინ დაკრძალავდა. ანასტასიას ამისთვის არც რაიმე ტიტული გააჩნდა და დაკრძალვის ფორმაც აბსტრაქტული იყო… თუმცა მახსოვს ის ფაქტი, რომ მჟავანაძის უშუალო ინიციატივით, ბებია საბოლოოდ დიდუბის პანთეონში დაიკრძალა.
შ.ლ.- რა უცნაური ამბავია…
ჯავახიშვილის ცოლობის გამო… უნივერსიტეტის პანთეონის მიღმა… და ასევე, ჯავახიშვილის მეუღლეობის გამო – დიდუბის პანთეონში…
თ.ჯ.- კომუნისტებს ბევრი უცნაურობა ახასიათებდათ…
შ.ლ.- საინტერესო თემებს შევეხეთ, საინტერესო ფაქტებით. ახლა, განსაკუთრებული ყურადღება ძალიან სასიამოვნო ამბავზე მსურს გავამახვილო. გამოიცა შესანიშნავი წიგნი – “ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ გამოცემის მთავარ რედაქტორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელს, ბატონ ზურაბ გაიპარაშვილს და მის კოლეგებს, რომლებმაც ძალიან სერიოზულად იმუშავეს ამ პუბლიკაციასთან დაკავშირებით, მადლობა ასევე თქვენ, როგორც წიგნის მთავარ კონსულტანტს. ობიექტურობა მოითხოვს იმასაც, რომ მადლობის სიტყვებით მოვიხსენიო კასპის მუნიციპალიტეტი და „საქართველოს ფოსტა“. მათი უშუალო დაფინანსებით გამოიცა ეს უნიკალური წიგნი. ამის შესახებ საზოგადოების ნაწილი ინფორმირებულია, მაგრამ ამჯერად თქვენგან მინდა, რომ გარკვეული დეტალები გახდეს ცნობილი.
თ.ჯ.- პაპისა და ბებიის სიყვარულის წიგნად გამოცემის იდეა უნივერსიტეტიდან წამოვიდა. იყო აღზრდა სხვადასხვაობაც იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორი იყო პირადი წერილების საჯაროდ გამომზეურება, თუმცა საბოლოო ჯამში მივედით ერთ საერთო დასკვნამდე… წერილები, მხოლოდ არქივის თაროებზე შემოდებული და დამტვერილი არ უნდა ყოფილიყო. მართლაც, კარგი წიგნი გამოიცა და ვინც ამ წიგნის გამოცემაში თავისი წვლილი შეიტანა, მადლობას ვუხდი.
შ.ლ.- საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ გამოგვივიდა, მაგრამ თემა იმდენად დიდია, რომ ნამდვილად ღირდა ამ სივრცეში შესვლა.
ახლა კი მცირე ინფორმაცია თავად ჩემი დღევანდელი რესპონდენტის შესახებ. ვინც არ გიცნობთ… გაეცანით ამ ადამიანებს, ჩვენს დღევანდელ მკითხველებს და ასევე გაგვაცანით დიდი ივანე ჯავახიშვილის შთამომავლები…
თ.ჯ.- ჩემს შესახებ ძალიან მოკლედ ვიტყვი. ვარ არქიტექტორი, ორმოცდახუთი წელია რაც სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ვასწავლი და რასაც ვაკეთებ ბედნიერი ვარ. მყავს მეუღლე, ერთი შვილი და ორი შვილიშვილი, არჩილი და ნიკოლოზი. ბებიაჩემის მიერ წარმოთქმულ ფრაზას, „დამსახურების“ შესახებ… მათაც ვუმეორებ ხოლმე.
შ.ლ.- დიდი ბაბუის შთამომავლები როგორ სწავლობენ?
თ.ჯ.- ძალიან გულახდილად გეტყვით. ოჯახში არავის გვჭირდება მათთვის იმის თქმა, რომ დაჯექი, წაიკითხე წიგნი და ისწავლე. იმედი მაქვს ასე იქნება მომავალშიც!
შ.ლ.- ბატონო თარხუჯ, ამ ოპტიმისტურ და სასიამოვნო ნოტაზე დავასრულებ ჩვენს დღევანდელ საუბარს, ინტერვიუსთვის კი დიდ მადლობას მოგახსენებთ. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენმა მკითხველმა ამ ინტერვიუს მეშვეობით, მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი არაერთი ფაქტის შესახებ შეიტყო.
თ.ჯ.- თუკი საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა, მოხარული ვარ. დიდი მადლობა.
სარედაქციო თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
02.07.23