გია ხუხაშვილი: რუსეთის იმპერია შუშის ფეხებზე დგას და, ადრე თუ გვიან, მოსახდენი მოხდება

“ერთდღიანმა სამხედრო ამბოხმა აჩვენა, რომ რუსეთი ძალიან დასუსტებულია. უკვე რუსეთშივე საეჭვო გახდა პუტინის უძლეველობა და ამის მერე კიდევ ძნელად დასაჯერებელი იქნება, რომ პუტინი ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი რუსეთში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება აშკარად უფრო დასუსტდა.

“ის, რაც რუსეთში მოხდა და რაც, ჩემი აზრით, გარკვეული პროცესების მხოლოდ დასაწყისია, განპირობებულია ისტორიული კანონზომიერებით. ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმი ერთგვარ მითზე დგას – ეს არის საკუთარი უძლეველობისა და შეუმცდარობის მითი. როგორც კი ის ნგრევას იწყებს, ეს საბოლოოდ გადადის სისტემის შიგნით დაპირისპირებაში, ანუ როგორც კი მსახურები უზენაესის უძლეველობაში შეიტანენ ეჭვს, თავის გადარჩენაზე ზრუნვას იწყებენ და ვისაც ამის რესურსი აქვს, ამ პროცესის ინიციატორიც ის ხდება. ამ ეტაპზე ეს აღმოჩნდა პრიგოჟინი, მან ბრძოლა დაიწყო თავის გადარჩენისთვის. გვინდოდა ეს დაპირისპირება ყოფილიყო უფრო მასშტაბური და რუსეთისთვის უფრო მეტად დამაზიანებელი, მაგრამ ჯერ ეს არ მოხდა მხოლოდ ერთი მიზეზით, როცა ორივე მხარე ნაძირალაა, მათ შორის გარიგების შანსი ყოველთვის არსებობს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ეს მოხდა.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის იმპერიის დასასრული არ არის მოახლოებული. თუნდაც პრიგოჟინის ეს ბუნტი და “ვაგნერის” რეიდი მოსკოვამდე აჩვენებს, რომ იმპერია უკვე შუშის ფეხებზე დგას და ადრე თუ გვიან, მოსახდენი მოხდება. როდესაც სისტემა ზრდის ურჩხულს, ის ბოლოს აუცილებლად შეჭამს თავის შემქმნელს. პუტინის რეჟიმი სწორედ ამ გზას ადგას და პრიგოჟინმა სწორედ ეს აჩვენა. ყველაზე მეტად ის მიკვირს, საქართველოს პრორუსულ ბანაკში პუტინის ამ დროებით გადარჩენის გამო სიხარულის ჟივილ-ხივილი რომ ატყდა. როგორ უნდა დაეცეს ქართველი ისე, რომ უხაროდეს საქართველოს უპირველესი მტრის, ოკუპანტის გადარჩენა. თუ მაგათ ლოგიკას გავყვებით, თურმე მთელი ეს არეულობა: ვერტმფრენების ჩამოყრა, მოსკოვში სანგრების შენება, ქალაქის შესასვლელების ჩახერგვა და ასე შემდეგ, გამოწვეული იყო “ვაგნერის”, როგორც დამოუკიდებელი სამხედრო ფორმირების ბრძოლის ველიდან გამოყვანის, დაშლის ან არმიაში ინტეგრირების მიზნით. მე ამ აზრს კატეგორიულად არ ვიზიარებ. ამ ერთდღიანმა სამხედრო ამბოხმა აჩვენა, რომ რუსეთი ძალიან დასუსტებულია. უკვე რუსეთშივე საეჭვო გახდა პუტინის უძლეველობა და ამის მერე კიდევ ძნელად დასაჯერებელი იქნება, რომ პუტინი ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს. მან ჯერ მოღალატედ გამოაცხადა პრიგოჟინი, მერე კი იძულებული გახდა “მოღალატესთან” გარიგებულიყო.

დარწმუნებული ვარ, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მიუხედავად ომისა, უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, ახლა დაუცველობის განცდა გაუჩნდებათ. გასაგებია, ქართველი პუტინისტები შეეცდებიან, რომ პუტინის უძლეველობის მითი კვლავაც განავითარონ, მაგრამ ამ მითმა თვითონ რუსეთში დაიწყო მსხვრევა. ამ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აშკარად გამოჩნდა, რა დიდი დაძაბულობაცაა რუსეთის არმიაში, ეს კი უკრაინის წისქვილზე ასხამს წყალს. მათ დაიწყეს კიდეც გარკვეული მიმართულებებით კონტრშეტევა, რაც მისასალმებელია. დიახ, რაც მოხდა, სწორედ რუსეთის სისუსტის დასტურია. შესაძლოა იმ სცენარით არ წარიმართა, როგორითაც ჩვენ გვსურდა და რასაც ველოდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვანი რამ მოხდა – ამის შედეგად რუსეთის ხელისუფლება აშკარად უფრო დასუსტდა. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ რუსული იმპერია სასტიკ მარცხს განიცდის ამ გლობალურ ომში”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები