ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აქტიურად დგას სხვა უწყებების გვერდით და აკეთებს მაქსიმუმს, რათა უსაფრთხოების ეს განზომილება სათანადოდ იყოს დაცული
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმზე ეროვნული კიბერმედეგობის გაძლიერებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს როლსა და უწყების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
„ეროვნული კიბერმედეგობის გაძლიერებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აქტიურად დგას სხვა უწყებების გვერდით და აკეთებს მაქსიმუმს, რათა უსაფრთხოების ეს განზომილება სათანადოდ იყოს დაცული. სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები ამის პირდაპირი დადასტურებაა,“ – აღნიშნა მან.
მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კიბერსარდლობის ჩამოყალიბებასა და დაკომპლექტებაზე, ასევე, აქტიურ ფაზაშია კიბერუსაფრთხოების ბიუროს ახალი შენობის პროექტირება, სადაც თანამედროვე სტანდარტების საოპერაციო სივრცე მოეწყობა. სიტყვით მიმართვისას, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელობა.
„უწყებრივი თანამშრომლობის პოზიტიური შედეგია SNGP-ის კიბერთავდაცვის პაკეტის ეროვნულ დონეზე ატანა და თანამშრომლობის ამ ფორმატისათვის უფრო მეტი ლეგიტიმაციის შეძენა. ჩვენ გვჯერა, რომ კიბერსივრცის კომპლექსურობიდან გამომდინარე მჭიდრო კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან, ნატოსა და ევროკავშირთან არის წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი,“ – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ კიბერსწავლებებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებში. კიბერუსაფრთხოების ფორუმი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფორუმის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და საერთაშორისო დონეზე, კიბერკომპონენტის საშუალებით, საქართველოს პოზიციონირების გაძლიერება. ღონისძიებაში მონაწილეობენ კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართული საქართველოს საჯარო უწყებების წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები პარტნიორი ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან, ასევე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.