„საქართველოში ნატოს სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია“
ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომ შესაძლოა, ნატოს სამხედრო-საწვრთნელი ცენტრი შეიქმნას, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით სიხარულიძე პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, საქართველოში ნატოს სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის შექმნა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე იქნება ფოკუსირებული.
“მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის კომპონენტები, რომლებიც გულისხმობს სწორედ საქართველოს შეიარაღებული ძალების უფრო კარგად აღჭურვას და მომზადებას, იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, მათ ნატოს შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთქმედება შეძლონ და მეორე, მათი პროფესიონალიზმი და მომზადების დონე ამაღლდეს“,- განაცხადა დავით სიხარულიძემ. საქართველოში შესაძლოა ნატოს სამხედრო-საწვრთნელი ცენტრი შეიქმნას. ამის შესახებ განცხადება უელსის სამიტის წინ გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა.