„შორიდან უფრო კარგად ჩანს, რა უსამართლოდ ვექცევით სამშობლოს“ – მწერალი, ნამდვილი ამბებით და ათენური მონატრებით

დაიბადა იმერეთში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, ერთხანს წყალტუბოს მეორე საშუალო სკოლაში მუშაობდ მასწავლებლად. 2003 წლიდან ემიგრაციაში წავიდა საბერძნეთში, სადაც მალევე  შექმნა ოჯახი.
ამბობს, რომ არც  ახსოვს, როდისმე თუ არ წერდ. მისი ლექსების შემფასებელნი ოჯახი და მეგობრები იყვნენ.
წერს ლექსებს, ნოველებს, ბოლო დროს კი რომანზე მუშაობაც დაიწყო…
2021 წელს  მისი ნოველა რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის პრიზით დაჯილდოვდა
გამოცემული  აქვს ლექსების ორი კრებული:  „შუაღამის მზე მთვარის ნიღბით”, „ბეღურები თუ იქნება უფრო მეტი”.
ამბობს, რომ  თავისუფალი ამბიციისგან,  ერქვას პოეტი, ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი, პოეტი მერქმევა თუ არ მერქმევა. – მაგდა გორგიძის პერსონა.

– დავიბადე საქართველოში. იმერეთის ერთ პატარა სოფელში. დაწყებითი სკოლა სოფელში დავამთავრე და მერე წყალტუბოში გადავედით.
სოფელი ჩემთვის მთელი სამყარო იყო. მერე აღმოვაჩინე ახალი სამყარო ქალაქის სახით… მერე კიდევ ახალი სხვა ქალაქების  სახით და მივხვდი, რომ ეს შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს..
ახლა, როცა ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯე და სოფლები და ქალაქები კი არა, ქვეყნები ვნახე და გავიცანი, ვიცი,  რომ ყველაზე მყარი იმ სამყაროთაგან, რომელშიც მიცხოვრია – ჩემი სოფელია.
შეიძლება ყველაფერი სხვა დამავიწყდეს და ჩემი სოფელი არასდროს დამავიწყდება.
– ქუთაისში სწავლობდით, შემდეგ სკოლაშიც მუშაობდით…
– ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი დავამთავრე და 1994 – 2003 წლებში წყალტუბოს მეორე საშუალო სკოლაში ვმუშაობდი მასწავლებლად (ეს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლებია).
ასევე, სკოლაში „ადამიანის უფლებები”, ასეთი საგანი ისწავლებოდა (მგონი, 1996-97 წლებიდან დაიწყო), კადრების გადამზადებას რომ უწოდებდნენ, ის გავიარე და წარმატებით ვასწავლიდი. ამან ბევრ რამეზე დამაფიქრა და მიმახვედრა.
–  პირველი ლექსები…
– როგორ დავიწყე წერა…. რაც თავი მახსოვს სულ ვწერ. „ვწერ“ –  საკმაოდ  გაბედული განაცხადია. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შორს იყო იმ გაგებისგან, რასაც ახლა ვუწოდებ  ლექსის წერას. უბრალოდ შინაგანი ხმა მკარნახობდა და ძალა არ შემწევდა, შევწინააღმდეგებოდი.
პირველი ლექსი, რომელიც  ასე ვთქვათ, „გამოვაჩინე“, აკაციის ყვავილზე იყო.
ვწერდი ყველაფერ იმაზე,  რასაც განვიცდიდი:  მეგობრებზე, დედაზე, სოფელზე, ბუნებაზე… როგორც ყველას, ჰქონდა ნაყოფიერი და შედარებით კრიზისული წლები – როცა მუზა მტოვებდა ხოლმე.
ბოლო ათი წელი იქნება, უფრო ვერლიბრით ვამბობ სათქმელს, რაც განსაკუთრებულ თავისუფლებას და სიამოვნებას მანიჭებს.
–  ლექსების ორი კრებულის ავტორი ხართ.  როგორ შეიცვალა სათქმელი პირველი კრებულის გამოცემიდან დღემდე?
– გამოცემული მაქვს ლექსების ორი კრებული უფრო იმისთვის, რომ ჩემს მეგობრებს ჰქონოდათ ჩემი ნააზრევის გაცნობის საშუალება და ამდენი წლის ნაწერი თავმოყრილი ყოფილიყო სადმე.
აბსოლუტურად თავისუფალი ვარ ამბიციისგან,  მერქვას პოეტი. თუმცა, კარგად ვიცი  ლიტერატურული და ემოციური ღირებულება  იმისა, რასაც ვწერ.
ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი, პოეტი მერქმევა თუ არ მერქმევა.
პირველი კრებული – „შუაღამის მზე მთვარის ნიღბით” 2021 წელს გამოქვეყნდა, მეორე კი 2022 წელს „ბეღურები თუ იქნება უფრო მეტი”.
პირველში ლექსების შერეული თემატიკაა, მეორე კი მხოლოდ სატრფიალო ლირიკაა. ამ ორ კრებულს შორის, სიმართლე გითხრათ, სათქმელი დიდად არ შეცვლილა.
აი, მესამე კრებული, რომელსაც ახლა ვამზადებ, მართლა განსხვავებული იქნება: სათქმელიც, ნათქვამის ფორმაც, გამომსახველობაც და ყველაფერი სხვანაირი იქნება.
– ამბობთ, რომ რასაც წერთ, ნამდვილ ამბებზეა. რომელ ლექსს გამოარჩევდით თქვენი შემოქმედებიდან. გაგვაცანით ჩვენც …
– კი, ნამდვილ ამბებზე ვწერ. ჩემმა მეგობრებმა იციან – არც ერთი ლექსი, ჩანახატი, ნოველა, მოთხრობა, რომელიც დამიწერია, არ არის  გამოგონილი… ან მე გადამხდა, ან თავის დროზე სხვებისგან მოვისმინე.
აი, ერთი ლექსი, რომელიც სიტყვა-სიტყვით სიმართლეა:
„გაიხარე ახლა დედაჩემო“ (ეს ყველა დედის ხმაა)

თეტიდა უნდა რქმეოდა დედაჩემს.
არ ვიცი, რა ლოცვა უთხრა
იმ წყალს – პირველად რომ მაბანავა…
ის ვიცი,რომ ყველა ისარი
უძლურია ჩემს დასაკოდად.

ეს რა წყალში მაბანავე, დედაჩემო?!
როგორ გეჭირე?!
ვარდისფერი ქუსლებით თუ
ღინღლიანი თავით?
ვიტირე თუ ვიცინე პირველი  განბანისას?

რას ფიქრობდი, დედაჩემო?!
რას ბუტბუტებდი?
რომელიმე ტროპარს თუ
შენი მოფიქრებული ლოცვით
ესაუბრებოდი გამჩენს?

რა სთხოვე სამყაროს, დედაჩემო?!
ყველაფერი ის, რასაც უხვად მაძლევს
შენ გამოითხოვე ჩემთვის?

ტალახი გესროლონ და
მინდვრის ყვავილებად იქცესო.
შხამი ჩაგიწვეთონ სასმისში და
ბადაგად დატკბესო.
ეკალს ფეხი დაადგა და
ლორთქო ბალახად იქცესო.

ასეთი მზითევი როგორ შემიგროვე
დედაჩემო –
საამო იყოს შენი  ხმა და დამამშვიდებელი შენი თვალო.
დასიცხულს ჩრდილად გადაეფარე
და შემცივნულს მზედ აენთეო.
საფუარი არ გამოილიოს შენს
სახლშიო.

ნაკვერჩხალი არ ჩაქრეს შენი ბუხრის ღადარშიო.
დროულად დამწიფდეს შენი  ეზოს
ხილი და
დაღვინდეს  შენი ყურძნის მაჭარიო.
შოთას წიგნი  გაიცრიცოს ხშირი გადაფურცვლისგან შენს ხელშიო.

ყველა ლოცვა და შელოცვა გისმინა
სამყარომ, დედაჩემო!
გაიხარე ახლა:
ყველაფერი რაც შენ მომეცი,
მე ჩემ ძეს  გადავეცი!
– დიდი კულტურის ქვეყანაში ცხოვრობთ. პოეზია და თანამედროვე ბერძნები… როგორ ლექსს ანიჭებენ უპირატესობას და ძირითადად რა თემებზე წერენ?
– ყოველთვის ვიცოდი, რომ საბერძნეთი დიდი კულტურის ქვეყანა იყო. აქ ცხოვრებამ, ამ ხალხის ცხოვრების წესის გაცნობამ და უფრო კი იმან, რომ ძველბერძნული ენის სწავლა დავიწყე, სხვა თვალით დამანახვა ელადა.
ხშირად უთქვამს ჩემთვის რიგით ბერძენ ადამიანს: კაცობრიობას სინათლე მივეცითო. მართლაც, ძველი ელადა და რამდენიმე სხვა ძველი ცივილიზაცია იყო „სინათლის“ შემოქმედი. ეს მით უფრო ამაღელვებელია ჩემთვის, რომ ჩემს სამშობლოს, საქართველოსაც იმ ძველ ცივილიზაციებს შორის მოვიაზრებ (არა მარტო მე).
რაც შეეხება თანამედროვე ლექსს, მე რაც ვიცი და რასაც ვკითხულობ თანამედროვე ავტორებს, ძირითადად, ვერლიბრი და თავისუფალი ლექსი იწერება, თუმცა საოცრად მელოდიური და კარგად შეკრული ვერლიბრი. მაგალითისთვის კიკი დიმულა შემიძლია დავასახელო. უფრო ძველებიდან – კარიოტაკიის, იანის რიცოსი, ოდისეას ელიტისი.
მწერლებს რაც შეეხება, კაზანძაკისის ნაწარმოებები ჩემი სამაგიდო წიგნებია. შორს წაგვიყვანს ამ თემაზე საუბარი…
რაზე წერენ ბერძენი თანამედროვე პოეტები: სამყაროზე და ყველაფერ იმაზე, რაც ამ სამყაროს საცნაურს ხდის ჩვენთვის.
– თქვენი ნოველა  აფხაზეთზე რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის  პრიზიორი გახდა. როგორ დაიწერა ეს ნოველა?
– ძალიან გამიხარდა „ერთი მოთხრობის“ კონკურსის პრიზიორობა.
უნდა ვთქვა, რომ არ ვმონაწილეობ კონკურსებში. ლექსის წერა  და ზოგადად წერა შეჯიბრება არაა.
ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო. თავად ინანიშვილის  სიყვარულმა და ამ კონკურსის კარგმა სახელმა მიბიძგა და გამოვგზავნე  მოთხრობა.
როგორ დაიწერა: აფხაზეთი  ჩემთვის უსაშველო ტკივილია.
მაგრამ მეშინოდა ამ თემაზე წერა, პომპეზურობისა და „ურა პატრიოტიზმის“ ელფერი არ ჰქონოდა ჩემს ნაწერს, ეს მაშინებდა.
ერთ დღეს მამაჩემთან ვლაპარაკობდი სოცქსელში, ჩემი პირველი წიგნი ახალ მიღებული ჰქონდა. მიქებდა ნააზრევს და უცებ, სულ რომ არ ველოდი, ისე მითხრა: „აფხაზეთზე დაწერე, მაგდუ“.
დამისახელა ადამიანი, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა და მოაყოლა – ისეთ ამბებს ჰყვება, რომ მოუსმინო, ბევრს დაწერ აფხაზეთზეო.
მეც ვიცნობდი ასეთ ადამიანს. მახარეს. მახარე რეალურად არსებული პიროვნებაა (სახელი შევცვალე).
ისტორია ნამდვილია, ძირითადი შინაარსი.  დანარჩენი კი, ერთ საღამოს დავჯექი და  მის მონათხრობს ნოველის ფორმა მივეცი.
რა გამომარჩევს სხვათაგან? გულწრფელობა დიდი დოზით და მაღალი ხარისხის მიმღებლობა.
ნებისმიერ ადამიანს ვიღებ ისეთს, როგორიც არის. არ მაქვს არანაირი სტანდარტი –  ადამიანი უნდა იყოს ასეთი და ისეთი. როგორიცაა, ისეთი უნდა იყოს.
მეგობრებმა იციან და თუ როდისმე ვინმე სხვა დაინტერესდება,  რაზე ვწერ და რას, ვეტყვი: არც ერთი ლექსი, ჩანახატი,  ნოველა, მოთხრობა, რომელიც დამიწერია, არაა გამოგონილი. ამბები, რაც მათშია ან მე გადამხდა, ან თავის დროზე სხვებისგან მოვისმინე.
– 2003  წლიდან საბერძნეთში ცხოვრობთ. ათენში შექმენით ოჯახი…
– 2003 წლის გაზაფხულზე დავტოვე საქართველო იმ ფიქრით, რომ მალე დავბრუნდებოდი. თუმცა სხვანაირად მოხდა და სამუდამოდ დავრჩი.
მალე ოჯახი შევქმენი, ბერძენ მოქალაქეზე დავქორწინდი. მეუღლე არაჩვეულებრივი ადამიანია, პროფესიით არქიტექტორი. კარგი პროფესიონალი და უზომოდ შრომისმოყვარე. ეს არის ის, რაც ჩემს აღფრთოვანებას იწვევს. იშვიათია, ადამიანს ასე უყვარდეს მუშაობა.
ასევე ძველი ბერძნული ლიტერატურის კარგი მცოდნეა. თითქმის მთელი მსოფლიო შემოვლილი აქვს და ერთ რამედ ღირს  მისი მოსმენა, როცა მოგზაურობის ამბებს ჰყვება.
შვილი – ალექსანდრე. გონებაგახსნილი, მოფიქრალი  ბიჭია. 13 წლისაა.  ამბობს: „ნეტა საბერძნეთი მეტად მიყვარს თუ საქართველო“?!
ალბათ ერთნაირადო, თავადვე  პასუხობს კითხვას.
უყვარს საქართველო და თვლის, რომ ორი სამშობლო აქვს.
ჩემი ოჯახი ჩემი სიამაყეა.
–  როგორია თქვენი თვალით  ათენიდან დანახული საქართველო?
– პირველ რიგში, მონატრების გრძნობა ჭარბობს… მერე ტკივილი და ზოგჯერ ბრაზი მახრჩობს, რადგან  შორიდან უფრო კარგად  ჩანს,  რა უსამართლოდ ვექცევით სამშობლოს.
ხელისგულზე საგოგმანებელი ქვეყანაა საქართველო, ჩვენ კი  რას ჩავდივართ?!
ბევრი რამაა შესაცვლელი. პირველ რიგში – ქართველის  მენტალიტეტი და დამოკიდებულებები ზოგადად.
გული მტკივა, რომ ორმაგი სტანდარტებია ქვეყანაში,  ყველა სფეროში… ეს განვითარების და წინსვლის  საშუალებას გვისპობს.
არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ცუდს ვხედავ აქედან. კარგსაც ვამჩნევ და მიხარია, თუმცა, სამწუხაროდ, ახლა მძიმე ჟამი უდგას ჩემს ქვეყანას – დაკარგული ტერიტორიები და  არამდგრადი მდგომარეობა.
– ხომ არ აპირებთ პროზაული ნაწარმოებების წიგნად გამოცემას?
– კი. მაქვს საკმაო რაოდენობის ნოველები და  „პატარა ამბები“, რომელთა წიგნში თავმოყრასაც ვისურვებდი.
– ჰობი…
– ერთხანს ფოტოგრაფიით ვიყავი გატაცებული. ხელოვნების გამორჩეულ დარგად მიმაჩნია ფოტოხელოვნება – მე „შუქითწერა”  დავარქვი.
მიყვარს მოგზაურობა და შემიძლია ყველაფერი მოვიკლო, ოღონდ ახალი ადგილები ვნახო.
–   რაზე მუშაობთ?
– საკმაოდ დიდ საქმეს შევეჭიდე. რომანს ვწერ. შრომატევადი საქმეა. მინდა განსხვავებულად ვთქვა სათქმელი.  მესამე წელია ვმუშაობ ამ რომანზე.
ვფიქრობ გულში: დაე, კიდევ ერთი ამდენი  დამჭირდეს, ოღონდ შევძლო დავწერო ისე, როგორც ჩავიფიქრე.
ბარემ იმასაც გეტყვით, რაზე ვოცნებობ:  ჩემი ქვეყნის თავისუფლებაზე! ტკივილით და სისხლით მოიპოვება ის, მაგრამ უნდა მოვიპოვოთ!

                                                         თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები