დემურ გიორხელიძე: როცა ევროპარლამენტარები და სახდეპის მაღალჩინოსნები საქართველოს უსუსურ ბრალდებებს უყენებენ, ეს ცხადად აჩვენებს, რა სავალალო დღეშია კოლექტიური დასავლეთი
“როცა ევროპარლამენტარები და სახდეპის მაღალჩინოსნები საქართველოს უსუსურ ბრალდებებს უყენებენ და სანქციებით ემუქრებიან, ეს ცხადად აჩვენებს, რა სავალალო დღეშია კოლექტიური დასავლეთი”, – ამის შესახებ ეკონომისტი და ანალიტიკოსი, დემურ გიორხელიძე “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა ასე ძალიან თუ აშფოთებთ, მაშინ ამერიკელებმა წაიღონ ქართული პროდუქცია თავიანთ ბაზარზე.
“ქართული და სომხური ეკონომიკები საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებების მიზანმიმართული პოლიტიკის წყალობით კი არა, მათგან დამოუკიდებელი გარემოებების შედეგად გაიზარდა. კერძოდ, მას შემდეგ რაც ბელარუსში ე.წ. ფერადი რევოლუციის მცდელობას ჰქონდა ადგილი, ხოლო უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია დაიწყო ამ ქვეყნებს უამრავმა მოქალაქემ გაარიდა თავი და ძირითადად იმ სახელმწიფოებს მიაშურა, სადაც არასოდეს ჰქონია ადგილი სტუმრებისადმი აგრესიას თუ არ ჩავთვლით ხელოვნურ პროვოკაციებს, რომლებსაც დღეს საქართველოში ნეოლიბერალური იდეოლოგიით მოშხამული “მეხუთე კოლონის” წარმომადგენლები აწყობენ.
რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეები საქართველოში თავიანთი დანაზოგებით ჩამოვიდნენ, ბევრი მათგანი იურიდიულ პირადაც დარეგისტრირდა და საქართველოს ბიუჯეტში გადასახადი შეაქვს… იგივე ხდება ჩვენს მეზობელ სომხეთშიც, რომლის ეკონომიკამაც კიდევ უფრო დიდი სარგებელი ნახა. ამის გამო თუ საქართველო დასავლეთისაგან აგრესიასა და სანქციებს თუ იმსახურებს, მაშინ ჩვენ სხვანაირად დავსვამთ საკითხს.
ჯერ კიდევ 9 წლის წინ, 2014 წლის ივნისში, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და იმთავითვე გაიშალა დიდი პროპაგანდა, თითქოს ეს ჩვენი ეკონომიკის აყვავებას გამოიწვევდა, მაგრამ მე დეტალური ანალიზის საფუძველზე მაშინვე განვაცხადე, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ქართული ეკონომიკა ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებდა.
დღეს ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 წლისთავზე, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორებს რუსეთი და თურქეთი წარმოადგენენ. მაშ, სად არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და სად არის მათი ზრუნვა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე? სად არიან ჩვენი ამერიკელი პარტნიორები და რატომ არ დებენ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში? რა, რუსეთმა აუკრძალა ამის გაკეთება?
რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა ასე ძალიან თუ აშფოთებთ, მაშინ ამერიკელებმა წაიღონ ქართული პროდუქცია თავიანთ ბაზარზე. ან ევროკავშირს ვინ უშლის ყველაფერი ქართული, რაც რუსულ ბაზარზე იყიდება თავის ბაზარზე შეიტანოს და გაყიდოს? უთხრან ქართველებს – ნუ გაყიდით ნურაფერს რუსეთში, ევროპის ბაზარზე შემოიტანეთ და ჩვენ უფრო მეტს გადაგიხდითო. ამის გაკეთება არ უნდათ და თან გვეუბნებიან – რუსეთშიც ნურაფერს გაყიდით, შიმშილით ამოწყდითო.
როცა ევროპარლამენტარები და სახდეპის მაღალჩინოსნები საქართველოს უსუსურ ბრალდებებს უყენებენ და სანქციებით ემუქრებიან, ეს ცხადად აჩვენებს, რა სავალალო დღეშია კოლექტიური დასავლეთი.
კანდიდატის სტატუსი და საერთოდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ერთი დიდი ბლეფის ნაწილია…
პირდაპირ გეუბნებით, ვერც სანქციებს დაგვიწესებენ და ყურებზე ხახვს ვერ დაგვაჭრიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რა სანქციები უნდა დაუწესონ საქართველოს, რომელსაც ინდუსტრია არ გააჩნია და არაფერს არ აწარმოებს ისეთს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება რომ სჭირდებოდეს?
ან რატომ უნდა დაგვიწესონ სანქციები, როცა მთელი ევროკავშირი და აშშ წარმატებით ყიდულობენ სანქცირებული რუსეთისგან მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონელს, რომელიც თავიანთი ეკონომიკების ფუნქციონირებისთვის სჭირდებათ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან სამარცხვინოა როცა მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი საქართველოს სანქცირებასა და დასჯაზე ლაპარაკობს”,- განაცხადა გიორხელიძემ.