ვახტანგ ძაბირაძე: ვვარაუდობ, რომ ღარიბაშვილმა და შოლცმა ანტირაშისტულ კოალიციაზე ისაუბრეს
“ვვარაუდობ, რომ ღარიბაშვილმა და ოლაფ შოლცმა ანტირაშისტულ კოალიციაზე ისაუბრეს – შოლცსა და ჩვენს პარტნიორებს, ჩემი აზრით, უფრო მეტად აინტერესებთ საქართველოს პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის წინ”, – ამის შესახებ ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
ძაბირაძე ინტერვიუში, ოპოზიციაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც აფასებს.
“ამ შეხვედრის თაობაზე ცოტა რამ ვიცით, როგორც ითქვა, ის დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ შემდეგ არ გამართულა ბრიფინგი და არ გაკეთებულა პოლიტიკური განცხადებები. ორივე მხარე მხოლოდ მოკლე, ზოგადი რელიზებით შემოიფარგლა. მე დიდად არ მჯერა იმ მითქმა-მოთქმისა, რაც ამ შეხვედრას უძღოდა წინ, თითქოს ვიღაც სადღაც დაიბარეს… როგორც ამბობენ, ეს შეხვედრა კარგა ხნის განმავლობაში მზადდებოდა, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ღარიბაშვილსა და შოლცს შორის მარტივი საუბარი არ შედგებოდა. საქმე არ შეეხება მხოლოდ ქვეყნისთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებას და ცნობილ 12 რეკომენდაციას. ვფიქრობ, უფრო გლობალურად, მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზეც იქნებოდა ლაპარაკი. საქმე ისაა, რომ უკრაინაში ვითარება სულ უფრო და უფრო უახლოვდება ზღვარს, კახოვკის ელექტროსადგურის აფეთქებით, რუსეთმა საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა. ამასთანავე, ჩვენ მოვისმინეთ ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის რასმუსენის განცხადება. მან ბრძანა, არ გამოვრიცხავ ნატოს წევრი რიგი ქვეყნები ამ ომში უფრო აქტიურ ჩართვას გეგმავდნენო. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ როგორც თავის დროზე ანტიფაშისტური კოალიცია, ასევე ახლა ანტირაშისტული უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს. ამ კოალიციაში ყველას თავისი ფუნქცია ექნება. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ არა მარტო იმ თემებზე იქნებოდა ლაპარაკი, რაზეც ევროპარლამენტარები საუბრობდნენ, არამედ, ვფიქრობ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აინტერესებთ, ბოლოს და ბოლოს, რას აპირებს საქართველო, იქნება თუ არა ანტირაშისტული კოალიციის წევრი? ვვარაუდობ, რომ შოლცისა და ღარიბაშვილის შეხვედრის მთავარი თემა იყო სწორედ ეს საკითხი და არა ყბადაღებული 12 პუნქტი. რა თქმა უნდა, ამაზეც ისაუბრებდნენ, მაგრამ შოლცსა და ჩვენს პარტნიორებს, ჩემი აზრით, უფრო მეტად აინტერესებთ საქართველოს პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის წინ.
თუ ჩემი ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება, ამას ექნება გაგრძელება. ვფიქრობ, ანტირაშისტულ კოალიციას მის გარეთ დარჩენილი მოთამაშეებისადმი ექნება თავისი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ეს მოხდება დიფერენცირებულად, მიდგომა ზოგთან იქნება უფრო მკაცრი, ზოგთან კი, ნაკლებად. მათ აინტერესებთ, როგორი იქნება საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რათა ჩვენდამი პოლიტიკაც შესაბამისად განსაზღვრონ. მათ უნდათ იცოდნენ, რას შეიძლება ელოდონ ჩვენგან. რთული სათქმელია, სად შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა – ბოლო დროს ბევრი უცნაური რამ ხდება, მათ შორის საქართველოს შიდა პოლიტიკაშიც. მოხდა საზოგადოების დიფერენცირება. ყველა ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოების 80% პროდასავლურ და პროევროპულ პოზიციაზე დგას, მაგრამ რჩება დანარჩენი 20%, რომელიც ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა.
დღეს “ქართული ოცნებისთვის” ამ ყველაფრის მიღმა უმნიშვნელოვანესია ძალაუფლების შენარჩუნება. ამისთვის რას აღარ ცდილობს, უკიდურესად ფრთხილობს რუსეთთან, შესაბამისად, არ ველი, რომ რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს. მაგრამ აუცილებლად აღსანიშნავია, რომ რადიკალიზმს საქართველოს არც ჩვენი პარტნიორები სთხოვენ, თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენგან მოითხოვენ უფრო მკაფიო და მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებას. სხვა რა მოცემულობა შეიძლება მივიღოთ, ამის პროგნოზი მიჭირს, რთულია ამ ვითარებაში ახალი, კონცეპტუალური შეფასების გაკეთება… უკვე პირდაპირი, შეიძლება ითქვას, არადიპლომატიური ტექსტებით მიდის ლაპარაკი. ასეთივე განწყობა იყო ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზეც – მუდმივად საუბრობენ ევროკომიისის 12-პუნქტიან დავალებაზე, მაგრამ ვფიქრობ, ეს იმ დიდი პაზლის მხოლოდ ერთი ნაწილია, რასაც საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ბოლო დროს ჩამოყალიბებული დამოკიდებულება ჰქვია…
“ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელ ლიდერებს ძალიან პატარა სივრცე აქვთ მანევრირებისთვის. მათ გასცეს დიდი დაპირებები, სანამ პარტიის სათავეში მოვიდოდნენ, ამბობდნენ, რომ სააკაშვილს გაათავისუფლებდნენ, აქციებს გამართავდნენ და ა.შ., მაგრამ ვერაფერიც ვერ გააკეთეს. იმის ნაცვლად, რომ პარტია გაეძლიერებინათ, დაასუსტეს – პარტია დატოვეს გამოცდილმა ლიდერებმა. ახლა აღარ იციან, რა ქნან. ბუნებრივია, პარტიის მომხრეები მათგან ითხოვენ ქმედებას, სვამენ კითხვას, თუ არაფერი შეიცვლებოდა, რისთვის გადავირჩიეთ მელიაო. შესაბამისად, ხაბეიშვილის გუნდს სურს ამ ვითარების გადაფარვა და იწყებს პიარკამპანიას მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელების თემით. ასე ცდილობენ მარცხის გადაფარვას. მართალია, ეს ყველაფერი “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ სხვა გამოსავალი რა აქვთ? რა შეუძლიათ ხაბეიშვილსა და მის გუნდს, რით შეიძლება გაამართლონ მელიას გაშვება და საკუთარი მოსვლა? ამიტომ ურჩევნიათ “ოცნების” წისქვილზე დაასხან წყალი, ვიდრე პარტიაში გაჩნდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა. არადა, აუცილებლად გაჩნდება, რისი იმედიც აქვს მელიას, ამიტომ არ მიდის პარტიიდან და სწორადაც იქცევა. მას შემოდგომამდე დრო აქვს, შემოდგომაზე ბევრი რამ გაირკვევა. ოპოზიციაში ”ნაციონალური მოძრაობის” გარდა, თუ ვის აქვს დამოუკიდებლად თუ კოალიციაში გაერთიანების შემთხვევაში 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი, დღეს ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ელექტორატში ნამდვილად არის მოთხოვნა მესამე ძალაზე.
ყველა ბოლოდროინდელი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი გაუცხოებულია პოლიტიკურ ცხოვრებასთან, მათ არც “ქართული ოცნება” მოსწონთ და არც “ნაციონალური მოძრაობა” და ვინაიდან ვერ ხედავენ მესამე ძალას, არჩევნებისადმიც ნიჰილისტურად არიან განწყობილი. ოპოზიციაში ამ ყველაფრის ანალიზს ნაკლებად აკეთებენ, ვერც დასკვნები გამოაქვთ და ზედმეტადაც ჩქარობენ. როცა კოალიციაზეა ლაპარაკი, ყველას სურს თვითონ იყოს სამყაროს ცენტრი და დანარჩენებმა მის გარშემო იტრიალონ, რაც ასევე არასწორი მიდგომაა. რა უნდა შესთავაზოს ახალი ამ მესამე ცენტრმა ამომრჩეველს, ამაზე ნაკლებად ფიქრობენ. დღეს მთელი ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებისგან მთავარ განმასხვავებელ ნიშნად ასახელებს იმას, რომ თვითონ პროდასავლურია, “ქართული ოცნება” კი პრორუსული. უცებ რომ შეიცვალოს მმართველმა ძალამ რიტორიკა, დაიწყოს ძველებურად პოზიციონირება აქტიური პროდასავლური გზავნილებით, მაშინ რა რჩება ოპოზიციას?!”,- განაცხადა ძაბირაძემ.