გებელსის შურისძიება წიგნებზე და „პატარა კაცის სინდრომი“
1933 წლის 10 მაისს გერმანელმა ნაცისტებმა წიგნების საჯაროდ დაწვა დაიწყეს. ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე საშუალოზე ცუდი ებრაელი ავტორების ნაწერებიც დაწვეს და ძალიან კარგი არაებრაელი მწერლების წიგნებიც. მთავარი ნიშანი დასაწვავი წიგნისთვის “დეგენერაციული” კულტურის სული იყო.
ამ კარგად ორგანიზებული ამბის უკან ერთი შეუმდგარი მწერალი და პრინციპში, ადამიანიც, ნაცისტების მთავარი PR სტრატეგი და პროპაგანდისტი, იოზეფ გებელსი იდგა.
ამ კაცუნას, ვისაც ცხოვრების პირველ ნახევარში არაფერში უმართლებდა და საკუთარი კომპლექსები ტანჯავდა (ხეიბარი იყო დაბადებიდან და საკუთარი ძმებიც კი არ ეთამაშებოდნენ), ყველა ქალი გაექცა, ვისთანაც რაღაც დააპირა.
შემდეგ, იოზეფმა მწერლობა გადაწყვიტა და დაწერა კიდეც წიგნი (ჩემი აზრით, საინტერესოდ მარაზმული) “მიქაელი”, რომლის პროტაგონისტიც კომუნისტური იდეოლოგიიდან ნაცისტურ პარტიაში ინაცვლებს. “მიქაელი” თავად იოზეფის პროტოტიპია. არც მთლად მესია, მაგრამ ალეგორიულად სინათლის ანგელოზის დარი და ტოლ-სწორი.
ფრონტიდან ახალი დაბრუნებული ტიტანური ენერგიის პატრონი დახეტიალობს საკუთარ ქვეყანაში და ქრისტეს სახებას ეძებს ადამიანში (რაღაც შუალედურია ნიცშეს ზე-კაცსა და ქრისტიანულ იდეოლოგიას შორის). “მიქაელი” არც ერთმა გამომცემელმა არ დაბეჭდა. რამდენიმე მწერალმა კი გებელსის ამ ტექსტს სრული სისულელე უწოდა მას მერე, რაც დაიბეჭდა 1929 წელს, ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
გებელსმა ცუდად ჩაიდო გულში ბოღმა და შური კარგ წიგნებზე იძია. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია ფროიდისა და უფრო მეტად, ფრომის თეორიისა, რომ არსებობს შემოქმედებითი და მორალური იმპოტენციაც, რაც სადიზმში გადაიზრდება ხოლმე სხვა ხელოვანების მიმართ ან მარაზმში, თუ ასეთი ადამიანი მცირე ან საკმაოდ დიდ ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში.
საინტერესოა, რომ ეს წიგნი საბჭოთა კავშირში გამოიცა ომის დასრულებისთანავე და პოპულარულიც იყო.
მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა