მამუკა არეშიძე: რუსეთი აუცილებლად შეეცდება ჩვენ ჩათრევას პროვოკაციაში, ფრენების აღდგენაც პროვოკაცია იყო

“რუსეთი აუცილებლად შეეცდება ჩვენ ჩათრევას პროვოკაციაში. ფრენების აღდგენაც პროვოკაცია იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არ გამოვიდეთ მდგომარეობიდან, აი, სწორედ ახლა გვჭირდება ლავირების პოლიტიკა. ქვეყანა ახლა მყიფე მდგომარეობაშია, სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას”, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, მამუკა არეშიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, რუსეთი ახლა რბილ ძალას იყენებს.

“პირდაპირ გეტყვით, არავითარი დიპლომატიური ურთიერთობით არ მოგვარდება დეოკუპაციის საკითხი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს რუსეთთან მრავალწლიანი ურთიერთობის მწარე გამოცდილება. რუსები თავს ყოველთვის სიტუაციის ბატონ-პატრონად მიიჩნევენ, ვითარება შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთს გაუჭირდება, საქართველოს კი ექნება ამერიკისა და ევროპის უპირობო მხარდაჭერა. ჯერჯერობით რუსეთს არ უჭირს. კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი – რაც არ უნდა გაუჭირდეს რუსეთს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ისეთი ფორმით აღარ აღდგება, როგორც ჩვენ გვსურს. ილუზია ნუ გვექნება, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არასოდეს დათანხმდებიან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ძველი ფორმატით აღდგენას. რატომ? იმიტომ, რომ აუცილებლად დაიწყება საუბარი, კონფედერაციაზე ან ფედერაციის განსაკუთრებულ მოდელზე. დასავლეთის სტილი ასეთია – პრობლემას ჩარჩოში მოაქცევენ, მაგრამ არ აგვარებენ.

ამჯერად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე არც ერთ რუს ოფიციალურ პირს განცხადება არ გაუკეთებია. პრორუსმა პოლიტიკოსებმა საზოგადოებაში მოლოდინი გააჩინეს – ადამიანებს მუდმივად აქვთ იმედი, რომ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი დადებითად გადაწყდება. მათ ვარაუდი გამოთქვეს. ეს დაემთხვა საზოგადოების განწყობას და ასე აგორდა თემა. მე ვამბობ, რომ ეს არის ნონსენსი, არ მოხდება, გამორიცხულია. გაგიკვირდებათ, მაგრამ იმ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებთან ურთიერთობაც მაქვს და მათზე მაღალი რანგის პირებთანაც, რომლებიც გაცილებით ხშირად და იოლად შედიან კრემლის სხვადასხვა კაბინეტში. ერთმა ასეთმა მაღალი რანგის პოლიტიკოსმა მითხრა, სექტემბრისკენ იძულებული ვიქნებით აფხაზეთთან დაკავშირებით რევერსი დავიწყოთო.­ ესე იგი, უკან დავბრუნდეთ და უარი ვთქვათ მათ დამოუკიდებლობაზეო. მე იქვე ვუთხარი, რომ ამის არ მჯერა! დიახ, მიზანმიმართულად ჩამაწვეთეს ეს ინფორმაცია და იმიტომ ჩავაცივდი, ვისგან გაქვს ეგ ინფორმაცია-მეთქი და ბოლოს ამოღერღა, მხოლოდ ჩემი ვერსიააო. სხვათა შორის, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი დღეს საქართველოსთან დათმობაზე წასასვლელად მზად არ არის, ჩვენს ხელისუფლებას მაინც შეუძლია რუსები გვარიანად აწრუწუნოს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამის შანსი არის. მხოლოდ ერთ მარტივ სქემას გეტყვით. მაგალითად, ვიცით, რომ დასავლური პროდუქცია ტრაილერებით შედის სომხეთში და იქიდან მიდის რუსეთში. საქართველოს შეუძლია ეს “სომხური ტვირთი” არ გაატაროს არც სომხეთისკენ და არც სომხეთიდან. ამ შესაძლებლობების შესახებ “ქართულმა ოცნებამ” იცის და ამის ნიშნებს ხშირად ვხედავ. ერთია, რას ლაპარაკობენ საჯაროდ მოლაპარაკე ”თავები” და მეორე, რას აკეთებენ კულუარებში გადაწყვეტილების მიმღები პირები. მე ვხვდები, რაც ხდება კულუარებში, მაგრამ არ ვიცი, დღის წესრიგი…

ახლა რუსეთი რბილ ძალას იყენებს. ნახეთ, რა დარჩა მოსკოვს, ერთადერთი ერთგული მოკავშირე – ბელარუსი, ღია მტერი – უკრაინა და მოლდოვა. მართალია, მოლდოვას მტრობა არ შეუძლია, მაგრამ ხასიათს ავლენს და იღრინება. რაც შეეხება ცენტრალური აზიის რესპუბლიკებს, მათი ნაწილის “დათრევას” თურქეთი ცდილობს, ნაწილის – ჩინეთი. რუსეთს ახლა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანთან შეუძლია “მოფერიანებულად” ლაპარაკი. ამიტომ საქართველოს ჩათრევა ძალიან სჭირდება, როგორც მწყურვალს წყალი. ამიტომ, თუ “თაფლაკვერით” ვერ მიაღწევს შედეგს, აუცილებლად მოგვიქნევს მათრახს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ გასამათრახებლად არ გავიხადოთ – რუსეთი აუცილებლად შეეცდება ჩვენს ჩათრევას პროვოკაციაში. ფრენების აღდგენაც პროვოკაცია იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არ გამოვიდეთ მდგომარეობიდან, აი, სწორედ ახლა გვჭირდება ლავირების პოლიტიკა. ქვეყანა ახლა მყიფე მდგომარეობაშია, სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სამეზობლოშიც ბევრს ვადგავართ ყელზე… არ არის სწორი ეს გაუთავებელი იწილო-ბიწილო, სხვაგვარი პოლიტიკაა საჭირო”,- განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები