კახა გოგოლაშვილი: არ არსებობს საქართველოს სუვერენიტეტი ევროპული ინტეგრაციის გარეშე

“აშკარაა, რომ პუტინის გადაწყვეტილება მისთვის არის მნიშვნელოვანი, ხოლო რაც მისთვის არის კარგი, ჩვენთვის ცუდი და დამაზიანებელია. ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ამბობენ, ეს ეკონომიკურად მომგებიანიაო, მაგრამ არის საკითხები, რომელთაც ასე მარტივი არგუმენტებით ვერ შეაფასებ”,- ამის შესახებ ექსპერტი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველოს სუვერენიტეტი ევროპული ინტეგრაციის გარეშე არ არსებობს.

“აშკარაა, რომ პუტინის გადაწყვეტილება მისთვის არის მნიშვნელოვანი, ხოლო რაც მისთვის არის კარგი, ჩვენთვის ცუდი და დამაზიანებელია. ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ამბობენ, ეს ეკონომიკურად მომგებიანიაო, მაგრამ არის საკითხები, რომელთაც ასე მარტივი არგუმენტებით ვერ შეაფასებ. წარმოიდგინეთ, ომია, რუსეთი და ევროპა ომობენ. მართალია, ევროპის ჯარისკაცები არ იბრძვიან, მაგრამ მთელი რესურსები იქით აქვთ მიმართული, რომ უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს. თითქოს ჩვენ ევროპის მხარეს ვართ, მაგრამ გამოდის, რუსეთის საქმეს ვაკეთებთ, ვეხმარებით დაწესებული შეზღუდვების გადალახვაში და რუსეთს მეგობრულ ხელს ვუწვდით. ეს ეკონომიკურად იმდენად აუცილებელი რომ იყოს, ჩვენი გადარჩენა მხოლოდ ამაზე იყოს დამოკიდებული, შესაძლოა მაშინ ეს გაეგოთ, მაგრამ იმის თქმა, ეს ეკონომიკურად მომგებიანიაო და ა.შ., ამით პრაქტიკულად ეხმარები მოძლიერებაში. ყაზახეთი და სომხეთი არ აპირებენ ევროკავშირში შესვლას, ჩვენ კი ვითხოვთ, მიგვიღეთო, და ცხადია, ეს ერთმანეთთან ძალიან შეუსაბამოა. საბოლოოდ ისე გამოვა, რომ ეს არც ეკონომიკურად იქნება მომგებიანი, არც პოლიტიკურად და შეაფერხებს ჩვენს ევროინტეგრაციას. ჩვენ წაგებული დავრჩებით, ამით მხოლოდ რუსეთი მოიგებს.

ამის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი იქნება: საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ითხოვს ევროკავშირში გაწევრებას და ამავე დროს რუსეთთან აღრმავებს თანამშრომლობასო. ფრენები ჩვენ რომ არ გაგვეუქმებინა, შეიძლებოდა ასეთი მძაფრი რეაქცია არ მოჰყოლოდა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ იყო და ახლა ვაწესებთ. ეს არის არსებითი. ამით ჩვენ რუსეთთან ურთიერთობას ვაუმჯობესებთ. სანქციებს რომ არ უერთდები, შესაძლოა ეს გაიგონ, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობას რომ იუმჯობესებ, აღრმავებ თანამშრომლობას, მეტ ტურისტს იწვევ, ნახევარი მილიონი არ მყოფნის და მინდა მილიონი ჩამოვიდესო, ასეთი ქმედებები ომის პერიოდში ხომ მტრობად აღიქმება? ამაშია პრობლემა. ეს ერთი და მეორე – რუსეთზე ხდები დამოკიდებული… არ არსებობს საქართველოს სუვერენიტეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარეშე. 2008 წელს ამერიკამ და ევროპამ გადაგვარჩინეს, თორემ რუსეთი გვიპყრობდა. ახლა ჩვენი ხელით ვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ…

ვფიქრობ, ძალიან ბევრი კერძო და პირადი ფაქტორია ამაში ჩართული. თუ ევროკავშირში ყოფნა გინდა და უკრაინაში ომის პერიოდში ევროკავშირისთვის საზიანო გადაწყვეტილებას იღებ, ფრენებს აღადგენ რუსეთთან, ამან რა მოგება უნდა მოგიტანოს, რომ დანაკარგი გადაწონოს? ამის გათვლა ხომ ძალიან მარტივია? ამიტომაც ვფიქრობ, რომ იძულებით მიღებული გადაწყვეტილება ჩანს… ერთი-ორი წლის შემდეგ ჩვენ ევროკავშირში მაინც გავწევრდებით, ევროკავშირის გაფართოების პაკეტში უკვე ვართ. ჩვენი გრძელვადიანი მიზანი ევროკავშირში გაწევრებაა. რაც მთავარია, ევროკავშირმა უკვე თქვა, კი ბატონო, მიგიღებთ, მაგრამ დავალებები უნდა შეასრულოთო… ევროსკეპტიციზმი მაშინ უნდა გაუჩნდეთ, ევროკავშირი ისეთი პრიმიტიული საზოგადოება რომ იყოს, რომელიც, დავალებას შეასრულებ თუ არა, მაინც მოგცემს სტატუსს, მაინც დაიწყებს შენთან მოლაპარაკებებს, მაინც გაწევრდები. თუ ასეა, მაშინ ასეთ კავშირში რა გვინდა? ეს იგივეა, სტუდენტმა გამოცდებზე ორიანები რომ მიიღოს და მაინც დატოვონ უნივერსიტეტში. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ამ უნივერსიტეტისგან, რას ასწავლიან და რა სპეციალისტი გამოვა? ანუ რატომ უნდა მიხაროდეს ისეთ ევროკავშირში შესვლა, სადაც სულერთია, შენ დემოკრატიული სახელმწიფო ხარ თუ დიქტატურა, შენთან ადამიანის უფლებები დაცულია თუ არა, ხალხს პერსპექტივა აქვს თუ არა, აშენებ სამართლებრივ სახელმწიფოს თუ არა? ევროკავშირში რომ გინდა გაწევრება, ხომ იცი, რომ იქ სხვა სტანდარტებია, სხვა მოთხოვნები, იცი, რომ ვერავინ დაგჩაგრავს. ამიტომაც არ არის მარტივი ევროკავშირში გაწევრება. სტატუსი იმიტომ არ მოგვცეს, რომ დავალებები არ შევასრულეთ, და ამან არ უნდა გამოიწვიოს სკეპტიციზმი. პირიქით, ხალხი უფრო სერიოზულად უნდა განეწყოს. გაწევრებას ნამდვილად ბევრი მუშაობა სჭირდება და ძალიან მაგარი უნდა იყო, რომ გაწევრდე. ამიტომ ეს თუ ავუხსენით ჩვენს ხალხს, არა მგონია, სკეპტიციზმი გაუჩნდეთ.

რას ითხოვს ევროკავშირი ისეთს, რომ ვერ გააკეთო? გვეუბნებიან, რომ გვქონდეს სამართლიანი სასამართლო,­ ვებრძოლოთ კორუფციას, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ჩართეთ გადაწყვეტილებების მიღებაშიო… 12 პუნქტი შესრულებული რომ გვქონოდა და მერე აღგვედგინა ფრენები, შეიძლება ეს ეპატიებინათ… არადა, თუ მოინდომებენ, ორ კვირაშიც შეასრულებენ, მაგრამ რაღაცების დათმობა არ სურთ. თუ გინდა სტატუსის მიღება, რატომ ირთულებ საქმეს? გააჩნია იმასაც, ვინ იფრენს, აქ რომელიმე ისეთი თვითმფრინავი რომ დაჯდეს, რომელზეც დაპატიმრების ორდერია გაცემული, ხომ იტყვიან, რომ რუსეთი საქართველოს მეშვეობით არიდებს თავს სანქციებს? ეს ძალიან სარისკოა. გარდა ამისა, უსაფრთხოების მხრივაც სარისკოა – რუსეთმა ხვალ რომ გადაწყვიტოს, თბილისში აეროპორტში დესანტს იოლად გადმოსხამს. დაიკავებს აეროპორტს და ამას მოჰყვება რუსული სამხედრო თვითმფრინავები, როგორც ავღანეთში ქნეს, როგორც აპირებდნენ კიევის აღებას და ა.შ. ამაზე არავინ ფიქრობს. თითქოს რუსეთი ისეთი დელიკატური პარტნიორი იყოს, რომ ამას არ იკადრებს. ჩვენ ამის უფრო უნდა გვეშინოდეს, ვიდრე იმის, რომ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ”,- აცხადებს გოგოლაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები