გია ხუხაშვილი: დღეს ქართველ საზოგადოებას ბევრად დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე სააკაშვილია
“ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტიკური კრიზისია, რომლიდანაც პოზიტიური გამოსავალი უკვე აღარ არსებობს – ქართულ პოლიტიკაში აღარ შეიძლება სააკაშვილი იყოს მთავარ თემად. დღეს ქართველ საზოგადოებას ბევრად დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე სააკაშვილია”,- ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
ხუხაშვილი რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხსაც გამოეხმაურა.
“ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი სახიფათო ეტაპი დგას. პუტინმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება – ჩანს, შეექმნა განცდა, რომ საქართველოში უკვე საკმარისად არის საფუძველი მომზადებული ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ჩვენი ქვეყნის, მისი გაგებით, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის რუსეთთან რეინტეგრაციის გზაზე. დაიწყო ამ მიმართულებით პროცესების ფორსირება – პირველი ნაბიჯები შეეხო სავიზო რეჟიმსა და კომუნიკაციების ინტენსივობის გაზრდას. ეს დასაწყისია, თუმცა რბილი ძალით რუსეთი აქამდეც მოქმედებდა. ამის გამაძლიერებელი ფაქტორია ისიც, რომ კრემლს ახლა ძალიან უჭირს უკრაინაში, ფაქტობრივად, იქ წაგებული ომის ფონზე პუტინისთვის უმნიშვნელოვანესია წარმატებული მაგალითები წარმოადგინოს, აჩვენოს, ესა თუ ის ქვეყანა საბჭოეთში დაბრუნებისკენ როგორ მიისწრაფვის… უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც იმპერიის მიმართ ლოიალური ხდები, თანაც გლობალური დაპირისპირების დროს, მას მადლიერების განცდა კი არ უჩნდება და კარგად მოქცევას კი არ ცდილობს, არამედ ამას სისუსტედ გითვლის და შენგან უფრო მეტს ითხოვს, ცდილობს დააჩქაროს შენზე გაბატონება. პუტინის ამ გადაწყვეტილებით ზუსტად ეს მოცემულობა მივიღეთ.
ამ დამღუპველ პროცესს ჰქონდა პირველი ფაზაც, ეს არის რბილი ძალით ექსპანსია. ვნახეთ დემოგრაფიული ექსპანსია – დაახლოებით 150 000 რუსეთის მოქალაქე ჩამოსახლდა საქართველოში. მარტო მათ ლეგალურ ანგარიშებზე მილიარდ დოლარზე მეტია. ეს ფული პირდაპირ საქართველოს ეკონომიკურ ექსპანსიას ხმარდება, ანუ საქართველოს ინტეგრაციას რუსულ ეკონომიკაში. ესაა რაც ლეგალურად ხდება, არალეგალურად კი რა პროცესი მიდის რომ წარმოვიდგინოთ, ეს მონაცემი დაახლოებით ხუთზე უნდა გავამრავლოთ. ამასთანავე, წლებია საინფორმაციო იერიში მიდის, ანუ პოლიტიკურ-პროპაგანდისტული გავლენების ზრდა. პირდაპირ უნდა ვთქვათ, დღეს პრორუსული პროპაგანდის შესაძლებლობები ბევრად დიდია, ვიდრე პროდასავლურის. ერთგვარი მატრიცაა შექმნილი РТР-ისა და ОРТ-ს პლატფორმაზე, ხდება სპეკულაციური თემების, ომის საფრთხის, დასავლეთის დემონიზების და ა.შ. პედალირება…
ევროპა, ევროკავშირი არის ქვეყნების გაერთიანება რაღაც ფასეულობათა სისტემის გარშემო. ეს არ არის მექანიკური ერთობა… ჩვენთვის ხომ ევროპაში მთავარი გეოგრაფია არ არის. ჩვენთვის მთავარია იმ სამყაროს მთავარი ფასეულობები – სამართლიანობა და უსაფრთხოება… საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ პირებთან ბევრი კითხვა და პრეტენზიაა, მაგრამ კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმ მოსაზრებას, რომ ამის გამო ქვეყანამ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი, აუცილებლად უნდა მივიღოთ. მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ფაქტორი მოიხსნას ქართული პოლიტიკიდან. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება! ეს უნდა ვთქვათ. ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა და დავასრულოთ მისი პოლიტიკის ნაწილად ქცევა. დღეს გვაქვს უზარმაზარი, გრძელვადიანი პრობლემები, იმპერია ლამის ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას იწყებს და დღედაღამ ისევ სააკაშვილის ტემპერატურისა და წნევის გაზომვით უნდა დავკავდეთ? ამას ექიმებმა უნდა მიხედონ. ვფიქრობ, თვითონაც უნდა ეცადოს სააკაშვილი, რომ შეეგუოს შექმნილ ვითარებას და იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე. კი ბატონო, იმსჯელონ სტრასბურგში, იურისტებმა იბრძოლონ მისი გათავისუფლებისა თუ ქვეყნიდან გაყვანისთვის, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში აღარ შეიძლება სააკაშვილი იყოს მთავარ თემად. დღეს ქართველ საზოგადოებას ბევრად დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე სააკაშვილია.
“ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტიკური კრიზისია, რომლიდანაც პოზიტიური გამოსავალი უკვე აღარ არსებობს. ის, ფაქტობრივად, უკვე ორად არის გაყოფილი. პარტიას არ წარმოადგენენ მხოლოდ ლიდერები, მას ასევე წარმოადგენენ მხარდამჭერები, ელექტორატი, რომელიც ასევე ორ ნაწილად გაიყო. მათი გაერთიანება უკვე შეუძლებელია. ახლა მთავარია ეს დროულად გაფორმდეს და ორი პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდეს. ეს, ჩემი აზრით, პოზიტიური პროცესია. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” მენეჯმენტს, სასწაული ხდება, ფაქტობრივად, ანგრევენ ყველაფერს. ოპოზიციის მთავარი საპროტესტო გზავნილი რა არის? ის, რომ ქვეყანა არაფორმალურად იმართება. დიდი ბოდიში და, თავის პარტიაში იგივე რატომ დაამკვიდრეს? რა მორალური უფლება აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” ილაპარაკოს ქვეყანაში ჩრდილოვან მმართველობაზე, როდესაც მათ პარტიაში იგივე ხდება? ღმერთმა არ ქნას და, ეგენი ხელისუფლებაში მოვიდნენ. რა გამოდის, ივანიშვილი ჩანაცვლდება კეზერაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილით? მელია ამ აბსურდზე აპელირებს და სწორადაც იქცევა…”,- აცხადებს ხუხაშვილი.