არჩილ თალაკვაძე: იმ ფონზე, როცა უკრაინის უპირობო მხარდაჭერას განვაგრძობთ, რადას წევრი იცლის საქართველოს შიდა პროცესებისა და ისეთი განცხადებებისთვის, რომლებიც ორი ქვეყნის მეგობრობას აზიანებს

სამწუხარო და სევდიანია, რომ მძიმე ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკური პირი, მაღალჩინოსანი იცლის იმისთვის, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთოს განცხადებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

დეპუტატს კითხვა დაუსვეს, რატომ ურჩიეს რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეს, დავით არახამიას, საქართველოში არ ჩამოსულიყო.

თალაკვაძის განცხადებით, დავით არახამია დაცილებულია იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს ომში მყოფ უკრაინელ ხალხს აქვს.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად დაცილებულია ეს ადამიანი იმ პრობლემებს, რეალურ ინტერესებს, საჭიროებებს, რომლებიც სამწუხაროდ, ომში მყოფ უკრაინელ ხალხს აქვს. იმ ფონზე, როდესაც უკრაინის უპირობო და მტკიცე მხარდაჭერას განვაგრძობთ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება, მთელი საზოგადოება დგას უკრაინის გვერდით, პოლიტიკური პირი, უკრაინის პარლამენტის წევრი იცლის საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ისეთი განცხადებებისთვის, რომლებიც საქართველო- უკრაინის მეგობრობას აზიანებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა სხვა კომენტარს არ გავაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის. როგორც ჩანს, ეს საქართველოში თითოეულს უფრო კარგად გვესმის, ვიდრე დავით არახამიას უკრაინაში“,– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას აპირებდა, თუმცა, გააფრთხილეს, რომ საზღვრის კვეთისას პრობლემები შეიძლებოდა, შექმნილიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები