გია ხუხაშვილი: მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამომრჩეველსა და პოლიტიკურ ელიტას შორის ხიდი ჩატეხილია
“მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამომრჩეველსა და პოლიტიკურ ელიტას შორის ხიდი ჩატეხილია. როდესაც პოლიტიკურ ელიტაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც – ჯამურად მთელი პოლიტიკური ელიტა არ არის ლეგიტიმური”,- ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ფაქტობრივად, ამომრჩეველი დარჩენილია წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანის ამარა.
“მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამომრჩეველსა და პოლიტიკურ ელიტას შორის ხიდი ჩატეხილია. როდესაც პოლიტიკურ ელიტაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც – ჯამურად მთელი პოლიტიკური ელიტა არ არის ლეგიტიმური. ეს ძალიან აშკარად ჩანს არა მარტო ამ კვლევებიდან, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ეს სურათი გვაქვს – ამომრჩეველთა 60%-ზე მეტი არ ახდენს საკუთარი არჩევანის იდენტიფიცირებას არც ერთ მოქმედ პოლიტიკურ ძალასთან. ეს არის სამწუხარო რეალობა. გარდა ამისა, ორი ძირითადი პოლიტიკური ცენტრის მიუღებლობა უკვე პიკზეა. მათი ნეგატიური რეიტინგები, თუ რომელ პარტიას არასოდეს არ მისცემენ ხმას, ორ-სამჯერ აჭარბებს მათ პოზიტიურ რეიტინგს. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი დელეგიტიმიზებული არიან.
ფაქტობრივად, ჩვენი ამომრჩეველი დარჩენილია წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანის ამარა – წარსული “ნაცმოძრაობაა”, აწმყო – “ქართული ოცნება”. სინამდვილეში ადამიანი არჩევანს აკეთებს მომავალზე და ამ მომავლის არჩევანს არათუ ეს ორი პოლიტიკური ცენტრი, არამედ სხვა პარტიებიც ვერ სთავაზობენ – ანუ, ფაქტობრივად, დღეს არჩევანი არ არსებობს. მომავლის არჩევანია საჭირო და როდესაც ასეთი სიტუაციაა, ძალიან ნოყიერი ნიადაგია ახალი პოლიტიკური ცენტრების ფორმირებისთვის. ფაქტობრივად ძალაუფლება ქუჩაში გდია, მაგრამ ამღები არავინ არის. შესაბამისად, ან უნდა გამოჩნდეს რაღაც სრულიად ახალი და კაპიტალიზაცია მოახდინოს ამ განწყობების, ან უნდა მოიძებნოს ალტერნატიულ ბაზარზე, ანუ იმ ბაზარზე, რომელიც არ არის განთავსებული ამ ორი ძირითადი ძალის ორბიტაზე, ისეთი ალტერნატიული კონფიგურაციები, რომლებიც შექმნიან სინერგიას. პოლიტიკაში ყველაფერი უბრალო არითმეტიკით არ იზომება. პატარა 1-2%-იანი პარტიები სულ რომ გაერთიანდნენ, მათი რეიტინგები ჯამში 5-6%-ს მაინც არ აღემატება, მაგრამ სინამდვილეში რეიტინგების დაჯამება ხომ არ ხდება და შესაძლოა ორი-სამი ერთ-ორპროცენტიანი პარტია გაერთიანდეს და შექმნან სინერგია, რომელმაც ჯამურად შესაძლოა 30%-იც მოიცვას.
უნდა იყოს ისეთი ძალა, რომელიც არ ასოცირდება არც წარსულთან და არც აწმყოსთან, უნდა იყოს მომავალზე ორიენტირებული და რაც მთავარია, პოზიტიური დღის წესრიგით, ძალას ასხივებდეს, რადგან ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს არა მარტო იმის მიხედვით, ვინ მოსწონს და ვინ არა, არამედ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარდა იმისა, სწორ რაღაცებს ამბობს, ხელისუფლებაში მოსვლაც შეუძლია, ამის უნარი აქვს ანუ პოლიტიკური ძალის დემონსტრირება უნდა მოახდინოს. თუ ვინმე შეძლებს ამ ტიპის პოზიციონირებას, ვფიქრობ, ძალიან დიდი შანსია, ხელისუფლება შეიცვალოს. ახალი ცენტრების რაოდენობას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ალტერნატიული ცენტრი იყოს. ორი უკვე არსებობს და თუ იქნება მესამეც, ის დაარღვევს ამ ორცენტრიანობის წონასწორობას. სულაც არ არის აუცილებელი, მესამე ცენტრი ხელისუფლებაში ექსკლუზიურად მოვიდეს. ასეთი ცენტრისთვის 15-20% საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ოქროს გასაღები ჩაიგდოს ხელში. ასეთ შემთხვევაში ის იქნება ყველაფრის განმსაზღვრელი, რადგან მათ გარეშე მთავრობას ვერც “ქოცები” დააკომპლექტებენ და ვერც “ნაცები” და ვისკენაც გადაიხრება, იქ მოხდება ხელისუფლების ფორმირება. მაგრამ აქ მთავარია რესურსების პრობლემაც. ხომ ვხედავთ, როგორ დალაგდა “ნაც”-“ქოცების” ორი ცენტრი – ადრე თუ ლიდერი მაინც რაღაცას ნიშნავდა ამ ცენტრებში, ახლა ფულზე დახურდავდა ყველაფერი, ჩამოკეზერაშვილდა. სამწუხაროდ, ასეთ თამაშში ფულს სერიოზული როლი აქვს და ალტერნატიულ პარტიებს რესურსები არა აქვთ. რესურსებში მხოლოდ ფულს არ ვგულისხმობ, მედია, ინფრასტრუქტურული რესურსი და ა.შ. პარტიებს არა აქვთ. ამიტომაც ძნელი სათქმელია, რამდენი ცენტრის შექმნა მოხერხდება. მაგალითად, “ლელოს” აქვს რაღაც რესურსი. კი ბატონო, თვითონ ვერ განვითარდა, მაგრამ “ლელოს” აქვს მინიმუმ ერთი ძლიერი მხარე – მას აქვს ლეგალური, გამჭვირვალე რესურსები. მე მგონია, თუ მესამე ცენტრი შეიქმნა, მასში “ლელო” აუცილებლად უნდა იყოს.
პოლიტიკური ლოგიკით “ნაციონალებს” უნდა აწყობდეთ ალტერნატიული ცენტრების გაჩენა, რადგან ელექტორალური ზრდის რესურსი “ნაცმოძრაობას” არა აქვს. შესაბამისად, “ოცნებისთვის” ხმების წართმევა არ შეუძლია, ამიტომ მესამე ცენტრი მათთვისაც აუცილებელია, თუკი მათი ამოცანა “ოცნების” დამარცხებაა. ისიც ფაქტია, რომ ასე არ მოქმედებენ. მათი გათვლა მარტივია – ხელისუფლებაში მოვლენ თუ არა, მთავარ ოპოზიციურ ძალად მაინც დარჩებიან. ამიტომ მუდმივად ცდილობენ პატარა პარტიები მიიწებონ. ამით ელექტორალურად ვერაფერს იღებენ, რადგან როგორც კი ესა თუ ის პარტია “ნაციონალების” ორბიტაზე აღმოჩნდება, ის ელექტორატს კარგავს, ასევეა “ქართული ოცნებაც”. ესენი არიან ორი რელიგია თუ სექტა – რაღაც რწმენაზე აგებული და რაც მთავარია, ორივე მონოთეისტური – ჰყავთ თავისი კერპები, რომლებიც არსად არ არიან, მაგრამ ყველგან არიან…. თუ ჩვენი მოქალაქეები დარჩებიან ცუდსა და უარესს შორის არჩევანის პირისპირ, ისევ ნეგატიური არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ნეგატიურ არჩევანში კი ყოველთვის იგებს ის, ვისაც მეტი რესურსი აქვს. ასეთი “ქართული ოცნებაა” და როგორც ყველა წინა ციკლში, ამჯერადაც მოიგებს”,- განაცხადა ხუხაშვილმა.