“ვაქცინაცია არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვების დაცვის საშუალებაცაა” – “საქართველოს წითელი ჯვრის” წარმომადგენლი იმუნიზაციის კვირეულის შესახებ

“საქართველოს წითელი ჯვრის” ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ანა ლომთათიძის განცხადებით,
იმუნიზაციის კვირეულის ძირითადი მიზანი არა მხოლოდ გეგმური იმუნიზაციის, არამედ covid 19- ის ვაქცინაციის ხელშეწყობაა. ამის შესახებ ლომთათიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაცია არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვების დაცვის საშუალებაცაა.

“23 აპრილიდან ევროპის გეგმური იმუნიზაციის კვირეული დაიწყო, რომელშიც სხვა პარტნიორებთან ერთად ჩვენც საკმაოდ აქტიურად ჩავერთეთ. ორშაბათს კვირეული გორში გავხსენით. მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა აქტოვობაა დაგეგმილი. კვირეულის ძირითადი მიზანი არა მხოლოდ გეგმური იმუნიზაციის, არამედ covid 19- ის ვაქცინაციის ხელშეწყობაა, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ აქტუალური საკითხია, განსაკუთრებით – მშობლებისა და ბავშვებისთვის. აღნიშნული დემოგრაფიული სამიზნეები ჩვენი აქტოვობების ფარგლებში განსაკუთრებით გათვალისწინებულია.

ზოგადად, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ვისაუბრებ. ვაქცინაცია არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვების დაცვის საშუალებაცაა. მთელი რიგი ინფექციური დაავადებები არსებობს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს. ვაქცინები და, ზოგადად, იმუნიზაცია კაცობრიობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა იქიდან გამომდინარე, რომ მთელი რიგი დაავადებების, რომლებიც ოდესღაც დიდ გამოწვევას წარმოადგენდა, თავიდან არიდებაა შესაძლებელი ისეთი პრევენციული მიდგომით, როგორიც ვაქცინაციაა. ეს საკითხი განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა მნიშვნელოვანი, მათი იმუნური სისტემა თავიდანვე სრულად ჩამოყალიბებული არაა, მთელ რიგ ინფექციურ დაავადებებთან გამკლავება მათთვის უფრო რთულია. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის რისკების შემცირება მცირე ასაკიდანვე მოხდეს. ვაქცინაცია რეალურად ამას ემსახურება.

დღესდღეობით ქალაქ რუსთავში ვაქცინაციის ერთი ცენტრი გვაქვს, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია “ფაიზერის” ვაქცინით ხდება, ასევე, გვაქვს ორი მობილური ვაქცინაციის ერთეული, რომელიც რეგიონის მასშტაბით უფრო რთულად მისადგომ ადგილებს ფარავს.

ქვეყნის მასშტაბით ფილიალების ქსელი გვაქვს. გადამზადებული მოხალისეების ბაზა გვყავს, ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კონტაქტში ვართ და ინსტრუმენტები გვაქვს იმისათვის, ვაქცინებზე სწორი მესიჯების გავრცელება მოხდეს. მოგეხსენებათ, ბევრი არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული”, – განაცხადა ანა ლომთათიძემ.

ცნობისთვის, 23 – 29 აპრილს “ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის” ევროპის რეგიონული ბიურო ევროპის იმუნიზაციის კვირეულს აღნიშნავს.

“დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” ცნობით, აღნიშნული ინიციატივის მიზანი იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაზრდაა.

“კვირეულის აღნიშვნას საქართველო 2007 წლიდან აქტიურად უერთდება. წლევანდელი კვირეული ფოკუსირებული იქნება ვაქცინაციის პროცესის გაუმჯობესებაზე ევროპის იმუნიზაციის 2030 წლის დღის წესრიგის კონტექსტში და COVID-19 პანდემიის გამო ვაქცინაციის მაჩვენებლების გლობალური შემცირების დაძლევაზე.

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამას საფუძველი 1996 წელს ჩაეყარა”- ნათქვამია NCDC- ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2002 წელს საქართველო სერტიფიცირებული იქნა, როგორც ველური პოლიომიელიტის ვირუსისაგან თავისუფალი ტერიტორია.

როგორც NCDC – ში აცხადებენ, ბოლო 10 წლის განმავლობაში იმუნიზაციის კალენდარში 5 ახალი ვაქცინა დაინერგა და ეროვნული კალენდარი განვითარებული ქვეყნების აცრების კალენდარს თითქმის სრულად მიუახლოვდა.

” იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი მდგრადი და მზარდია, პროგრამა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება.
ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს დაფინანსებით მნიშვნელოვნად განახლდა და გაუმჯობესდა ქვეყნის ცივი ჯაჭვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

2002 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უნივერსალური კალენდარი – წლამდე ასაკის ბავშვთა ოთხჯერადი ვაქცინაცია, ორსულთა სკრინინგი HBsAg-ზე და დადებითი შედეგის შემთხვევაში, ახალშობილთა აცრები HepB მონოვაქცინით და იმუნოგლობულინით.

2022 წელს საქართველომ მიაღწია B ჰეპატიტის კონტროლის რეგიონულ მიზნებს იმუნიზაციის საშუალებით.

2020 წელს საქართველო წითურას ვირუსისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადდა”, – ნათქვამია NCDC-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები