ბაჩო დოლიძე – “ნაცმოძრაობაზე”: დემოკრატიული არჩევნებით მოსულმა თავმჯდომარემ დაშალა ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის საბჭო, ბოლოს კი მთელი პარტიის მისაკუთრება მოინდომა

“ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პარტიაში დემოკრატიის სტანდარტი შეიცვალა. დემოკრატიული არჩევნებით მოსულმა თავმჯდომარემ პირველი რაც გააკეთა, იყო რეორგანიზაცია. დაშალა ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის საბჭო, ბოლოს კი მთელი პარტიის მისაკუთრება მოინდომა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბაჩო დოლიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში პარტიაზე საუბრისას აცხადებს.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობის” კარი დაკეტილია ძალიან ბევრი პირისთვის ერთი მიზეზის გამო, რომ ვანო მერაბიშვილის პოზიციას არ იზიარებენ. დოლიძე ინტერვიუში მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხსაც გამოეხმაურა.

“მმართველი ძალა საპარლამენტო საქმიანობის უზურპაციას ცდილობს. ვერც ერთი ინსტიტუცია ვერ ასრულებს თავის უფლებამოსილებას, თუ ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებს არ იზიარებს. უკვე მეტისმეტია, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს, მხოლოდ ქვეყანაში კი არა, საერთაშორისო მასშტაბით გზავნის სიგნალს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარება შეუძლებელია… ხელისუფლება დამნაშავე მოსამართლეების დაცვით ქვეყანაში ინსტიტუციების ფუნქციონირებას უთხრის ძირს. აბსოლუტურად ვიზიარებ შენიშვნას – “ნაცმოძრაობას” თავის დროზე სწორად რომ გაეტარებინა სასამართლო რეფორმა, ახლა მურუსიძისა და ჩინჩალაძის მსგავსი მოსამართლეები აღარ გვეყოლებოდნენ, “ქართულმა ოცნებამ” ხელიდან ხელში გადმოიბარა კორუმპირებული მოსამართლეები.

“ნაცმოძრაობის” ახალი მენეჯმენტი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს. ახლა პარტიაში ის კონფიგურაციაა, რომელიც დღევანდელ რეჟიმს ვერასდროს დაამარცხებს. ყბადაღებულ თემად აქციეს ის, რომ მელიამ ახალი ოფისი იქირავა. ვინც არ იზიარებდა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკას, ყველას კარი დაუკეტეს და ბუნებრივი იყო, შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც ამ ადამიანებს თავს მოვუყრიდით. ეს ოფისი არის გაერთიანების და არა დაქსაქსვის. პარტიას უამრავი ოფისი აქვს. 2 თვეზე მეტი გავიდა, არსად არ გვეძახიან. შესაბამისად, ოფისის გახსნა აბსოლუტურად ბუნებრივი იყო. გამიკვირდა ეს აჟიოტაჟი. პარტიას შეემატა კიდევ ერთი ოფისი, რატომ ატყდა ისტერიკა? “ნაცმოძრაობაში” ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა, ამის მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილებებზე მაინც ვთანხმდებოდით. ახალი მენეჯმენტი კი აზრსაც არ გვეკითხება. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ კულუარული ინფორმაციით, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში პრობლემებს­ ქმნის ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, ამაზე გპასუხობთ, რომ ამ კულუარული ინფორმაციის წყარო ლევანის გარემოცვაა. ამის გამო ძალიან ვწუხვარ. როდესაც ახალი კანდიდატის საკითხს განიხილავდნენ, ბევრი დეტალი უნდა გაეთვალისწინებინათ. ასეა თუ ისე, ამომრჩეველმა მიიღო გადაწყვეტილება და დღეს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილია. სხვა საკითხია, ვის მოსწონს ეს და ვის არა. ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პარტიაში დემოკრატიის სტანდარტი შეიცვალა. დემოკრატიული არჩევნებით მოსულმა თავმჯდომარემ პირველი რაც გააკეთა, იყო რეორგანიზაცია. დაშალა ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის საბჭო, ბოლოს კი მთელი პარტიის მისაკუთრება მოინდომა.

“ნაცმოძრაობას” ჩვენი გუნდი არ გამოეყოფა – ახლა ამოცანაა პარიტეტი იყოს დაცული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პარტიის ნახევარი ჩვენს პოზიციას იზიარებს. იმის გამო, რომ ახალ მენეჯმენტთან ჩვენი თანხვედრა ვერ შედგა, რა უნდა ქნას ამდენმა ხალხმა, პოლიტიკურ აქტიურობას გამოეთიშოს? ლევანისა და მისი მომხრეების განცხადებებს რომ ვუსმენ, მრჩება განცდა, რომ გვეუბნებიან, წადითო. მგონი, ერთადერთი მენეჯმენტია ოპოზიციაში, რომელიც ხალხს გაგდებისკენ მოუწოდებს, ნაცვლად იმისა, შემოიკრიბოს. პარტიის კარი დაკეტილია ძალიან ბევრი პირისთვის ერთი მიზეზის გამო, რომ ვანო მერაბიშვილის პოზიციას არ იზიარებენ. ამ კარს ყველა შემთხვევაში გავხსნით. ერთპიროვნულად მართვა ქართულ პოლიტიკაში დასრულდა. როცა ვამბობთ, რომ კოალიციური მმართველობა გვჭირდება, გვაქვს შესაძლებლობა ჩვენივე მოქმედებებით დავამტკიცოთ, რომ კოალიციური თანაცხოვრება შესაძლებელია პარტიაში და ანალოგიური მოდელი იმუშავებს ხელისუფლებაშიც. თუ პარტიაში ვერ შევძელით ეს, ხელისუფლებაში მოსვლას უნდა დავემშვიდობოთ”,- განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები