ვახტანგ ძაბირაძე: არ მგონია, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა შემთხვევით წამოსწიეს, ერთი მხრივ, მოსამართლეების თემა, ხოლო მეორე მხრივ – კეზერაშვილის ძალიან სკანდალური საკითხი

“ქოლცენტრების” თემა ძალიან საინტერესოა… არა მგონია, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა შემთხვევით წამოსწიეს, ერთი მხრივ, მოსამართლეების თემა, ხოლო მეორე მხრივ – კეზერაშვილის ძალიან სკანდალური საკითხი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი პარტნიორები ქართულ პოლიტიკაში თუ მასთან კავშირში მყოფი ოდიოზური ფიგურების გამოაშკარავებას იწყებენ”,- ამის შესახებ ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს.

ექსპერტი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხსაც ეხმაურება.

“რაც თავი მახსოვს, სასამართლო სისტემა ყველა ხელისუფლების აქილევსის ქუსლი იყო. აღმასრულებელი ხელისუფლებები მუდმივად ცდილობდნენ დაემორჩილებინათ როგორც პარლამენტი, ისე სასამართლო სისტემა. კარგად გვახსოვს, წინა ხელისუფლებების დროს რაც ტრიალებდა სასამართლო სისტემაში. მმართველმა გუნდმა არათუ რამე შეცვალა, სრულად გადმოიბარა სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი სასამართლო სისტემა და კიდევ უფრო მეტად დაიმორჩილა. დღეს ეს სისტემა თითქოს ნაკლებად მონაწილეობს პოლიტიკაში, მაგრამ ასე მხოლოდ გარედან ჩანს, რეალურად კი შიგნით ძალიან დიდი პრობლემებია. სახელისუფლებო ვერტიკალი კვლავაც შენარჩუნებულია – აღმასრულებელ ხელისუფლებას, სამწუხაროდ, უსიტყვოდ ემორჩილება როგორც პარლამენტი, ისე სასამართლო. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ჩემი აზრით, დღეს ოპოზიციას ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეუძლია გააკეთოს, ის არის, რომ სასესიო პერიოდში მუდმივად იყოს დარბაზში 50 ოპოზიციონერი დეპუტატი. სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაცილებით ქმედუნარიანი იქნება, ვიდრე მიტინგების გამართვა.

რაც შეეხება კეზერაშვილის საქმეს, ეს ქოლცენტრების თემა ძალიან საინტერესოა… აქვე გეტყვით ბარემ – არა მგონია, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა შემთხვევით წამოსწიეს, ერთი მხრივ, მოსამართლეების თემა, ხოლო მეორე მხრივ კეზერაშვილის ძალიან სკანდალური საკითხი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი პარტნიორები ქართულ პოლიტიკაში თუ მასთან კავშირში მყოფი ოდიოზური ფიგურების გამოაშკარავებას იწყებენ. ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყო, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით. დარწმუნებული ვარ, ოდიოზური ფიგურების მხილება გაგრძელდება. დღეს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ჭარბად არიან ისეთი პირები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას სჩადიოდნენ დანაშაულს და დღეს უკვე “ქართული ოცნების” სახელით იმავეს აკეთებენ. ასე რომ, ნამდვილად გვჭირდება ავგიას თავლის დასუფთავება.

“ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, მელია სწორად იქცევა, რომ ჯერჯერობით პარტიიდან არ მიდის. ის ცდილობს პროცესი ისე წარმართოს, რომ შემოდგომაზე “ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი დადგეს. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ხაბეიშვილი ძალიან უსუსურია როგორც თავმჯდომარე. მან ჯერ ვერც ერთი ნაბიჯი სწორად ვერ გადადგა. მოგეხსენებათ, ის მოვიდა დაპირებით, რომ სააკაშვილს გაათავისუფლებდა, თუმცა ვერაფერი გააკეთა. განსაკუთრებით, 9 აპრილის აქცია იყო მისთვის დიდი დარტყმა, მეტიც, კატასტროფა, როდესაც საპროტესტოდ პარტიული აქტივიც კი არ გაჰყვა.

სიმართლე უნდა ითქვას, მისი თავმჯდომარეობით პარტიის საქმე გაცილებით უკან წავიდა. ის დატოვა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფიგურამ და ლაპარაკია იმაზეც, რომ შეიძლება პარტია კიდევ გაიყოს. ხაბეიშვილს “ნაციონალური მოძრაობა” გაძლიერების ნაცვლად, დასუსტებისკენ მიჰყავს. ამას დაემატა კიდევ კეზერაშვილის ფაქტორი, რაც აუცილებლად იმუშავებს ნიკა მელიას სასარგებლოდ – მოგეხსენებათ, ის კეზერაშვილს კარგა ხნით ადრე დაუპირისპირდა. თუ სტრასბურგის სასამართლომაც არ მიიღო სააკაშვილის საქმეზე ისეთი გადაწყვეტილება, როგორსაც ელიან, ეს კიდევ ერთი ფაქტორი გახდება, რომ პარტიაში რიგგარეშე არჩევნების საკითხი დადგეს.

შემოდგომამდე დიდი დროა, ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები. თუ რიგგარეშე არჩევნები არ გაიმართა და რაიმე არსებითად არ შეიცვალა, მაშინ ნამდვილად გაიყოფა “ნაციონალური მოძრაობა” – ანუ მელია იძულებული გახდება წავიდეს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მისი მხარდამჭერების ბაზა “ნაციონალური მოძრაობიდან” გაცილებით დიდი იქნება შემოდგომაზე, ვიდრე დღეს არის”, – განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები