ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ბაზაზე აგრარული ექსტენციის ცენტრი გაიხსნა

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ბაზაზე აგრარული ექსტენციის ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის  მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და ბსუ-ის აგრარული მიმართულების აკადემიური პერსონალი.

„ცენტრის დაარსების მიზანია სოფლის მეურნეობის დარგების მხარდაჭერა, საზოგადოებისათვის აგრარული ექსტენციის მიწოდებაში უნივერსიტეტის როლის და მონაწილეობის გაძლიერება.

ბსუ აქტიურად ჩაერთვება სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, კლიმატთან ადაპტირებული მიდგომების შემუშავების და მეცნიერული კვლევების მიმართულებით.

ცენტრი განახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს, სასკოლო და სტუდენტურ აქტივობებს, პრაქტიკოს ექსტენციონისტებთან ერთობლივ ინიციატივებს და სამეცნიერო პროექტებს.

აგრარული ექსტენციის ცენტრი გაიხსნა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ადგილობრივი პარტნიორია „მომავლის ფერმერი“.

„აგრო-კლინიკის“ გახსნა აშშ-ში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტის დროს დაიგეგმა.  6-10 თებერვალს შეხვედრები გაიმართა ტეხასის და ოჰაიოს შტატებში აგრარულ ექსტენციაში ჩართულ სხვადასხვა ინსტიტუციის ხელმძღვანელებთან. მათ შორის, ტეხასის შტატის ექსტენციის ცენტრის ჰიუსტონის წარმომადგენლობასთან, Prairie View A&M უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან; ოჰაიოს შტატის ექსტენციის ოფისთან; Сentral State უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, მენეჯმენტთან და აკადემიურ პერსონალთან; ტეხასის და ოჰაიოს შტატის იმ სკოლებთან, რომლებიც აგრარულ ექსტენციაში არიან ჩართულები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები