ახმეტაში, 71 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბაჩო ხაშმელაშვილის ადვოკატის, დავით ახალაურის თქმით, ბრალდებულს არ ახსოვს მომხდარი ფაქტები და ვერ იხსენებს დეტალებს.
უფლებადამცველის განმარტებით, ბრალდებულმა მას უთხრა, რომ ფსიქიატრიულ მედიკამენტებს მოიხმარს.
ადვოკატს აქვს ეჭვი, რომ შესაძლებელია ბაჩო ხაშმელაშვილს რაიმე დაავადება ჰქონდეს.
“ბრალდებულს არ ახსოვს მომხდარი ფაქტები, ვერ იხსენებს დეტალებს. მან განაცხადა, რომ აქვს გარკვეული სახის დაავადებები. განაცხადა, რომ მისი დედა იღებს ფსიქიატრიულ მედიკამენტებს, რასაც თვითონაც მოიხმარს ხოლმე. რამდენადაც ვიცი დედამისი აღრიცხვაზეა ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში. მე როგორც ადვოკატს მაქვს ეჭვი, რომ შესაძლებელია, მასაც ჰქონდეს რაიმე სახის დაავადება”, – თქვა ადვოკატმა.
მკვლელობაში ბრალდებული 18 წლის ახალგაზრდა თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
მკვლელობა ახმეტაში 17 აპრილს მოხდა. 71 წლის ქალს 18 წლის მეზობელმა სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მომხდარის მოტივად, მხარეებს შორის წლების წინ სახლზე დაწყებული დავა სახელდება.