“რისი უფლება აქვს კანონით საგამოძიებო კომისიას” – კონსტიტუციონალისტის განმარტება
“რისი უფლება აქვს კანონით საგამოძიებო კომისიას”, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.
“პირველი, რაც რეგლამენტში წერია, ის არის, რომ საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს სხდომაზე მიიწვიოს ნებისმიერი პირი და ის ვალდებულია გამოცხადდეს. კომისიას უფლება აქვს, ამ პირს ჩამოართვას ზეპირი და/ან წერილობითი განმარტება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთ უფლებას არ აძლევს კანონი ან რეგლამენტი. მაგალითად, საგამოძიებო კომისია ვერ ჩამოართმევს ახსნა-განმარტებას მოსამართლეს მისი რომელიმე გადაწყვეტილების გამო. არა აქვს უფლება, ჰკითხოს, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მოსამართლე არ არის ვალდებული ვინმეს, არც იუსტიციის საბჭოს, არც მეორე ინსტანციას, არც პარლამენტს და არც არავის, აუხსნას, თუ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები მოცემულია კონსტიტუციით, კანონით და ასევე არის შინაგანი რწმენა. თუმცა შეიძლება მას კითხვა დაუსვან რომელიმე საქმეზე – მაგალითად, ვინმე ხომ არ ეცადა ზეგავლენას მის გადაწყვეტილებაზე. ნებისმიერ თემაზე კითხვის დასმა შეიძლება თუ კითხვა არ ეხება ამ კონკრეტული მოსამართლის კონკრეტულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პროცესს, თუ რამე დაირღვა, უპირველესად თავად პროცესის მონაწილეებს უნდა აღენიშნათ და, ბოლოს და ბოლოს, მხარეებს გაესაჩივრებინათ ჯერ მოსამართლესთან და შემდეგ ზემდგომ ინსტანციაში. წინასწარ განსაზღვრა, როგორი შემთხვევები შეიძლება იყოს, ძალიან ძნელია, შეიძლება მრავალნაირი იყოს. ამიტომ არის, რომ კანონის ნორმები ამომწურავად არ იძლევა პასუხს ყველა სიტუაციაზე, რადგან შეუძლებელია ყველაფრის განჭვრეტა. როგორც მოგახსენეთ, გამოძახებული პირი ვალდებულია სხდომაზე გამოცხადდეს და მისცეს განმარტება, პასუხი გასცეს შეკითხვას.
შემდეგ საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს მოსთხოვოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურს, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს, უწყებებს, რომ თავისი თანამშრომელი, მაგალითად, გამომძიებელი, მიავლინოს საგამოძიებო კომისიაში, თუ კომისიას მიაჩნია, რომ შესასრულებელი აქვს ისეთი მოქმედება, რომელსაც სჭირდება, მაგალითად, გამოძიების ცოდნა და უნარი. ზემოჩამოთვლილი ორგანოებიც ვალდებული არიან თავიანთი თანამშრომელი მიავლინონ კომისიაში. კომისიას ასევე უფლება აქვს მოსთხოვოს სახელმწიფო ორგანოებს, თანამდებობის პირებს, ფიზიკურ პირებს, ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომ წარუდგინონ კომისიას საინტერესო საკითხზე დასკვნა, პასუხი თუ დოკუმენტი, მასალები კონკრეტულ კითხვაზე. კომისიას შეუძლია როგორც რაღაც გამოითხოვოს და თავად გააანალიზოს, გამოიძიოს, ასევე მოსთხოვოს სხვას კონკრეტულ საკითხზე, მაგალითად, საექსპერტო დასკვნა. ასევე უფლება აქვს მოითხოვოს გამოძიებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეები და გენპროკურორი ვალდებულია დაავალოს გამომძიებელს მასალების წარდგენა. საგამოძიებო კომისიას ასევე აქვს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე. გარდა ამისა, შეუძლია სამუშაო ჯგუფის შექმნა მაშინ, როცა რომელიღაც საკითხზე საკმარისი არ არის კომისიის წევრთა ცოდნა და ექსპერტების მოწვევაა საჭირო. სამუშაო ჯგუფში გარეშე პირების მოწვევაც შეუძლიათ. კომისიის სხდომა საჯაროა და როდესაც ამა თუ იმ მიზეზით არის საფუძველი, კომისიას შეუძლია სხდომა დახუროს. მაგალითად, როდესაც განიხილება სახელმწიფო საიდუმლოება ან მასთან დაკავშირებული დოკუმენტი. მოკლედ, კომისიას შეუძლია სხდომაზე მიიწვიოს ნებისმიერი პირი – ეს მისი ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა. ამასთან, თუკი სხდომა საჯარო იქნება, მას მოუსმენს მთელი საზოგადოება. კომისიის სხდომაზე გახმაურებული ინფორმაციის უგულებელყოფა ბევრად პრობლემური იქნება. საბოლოოდ, როდესაც კომისია დაწერს დასკვნას, მას არა აქვს უფლება ვინმეს ბრალი წაუყენოს, მაგრამ აქვს უფლება თქვას, არის თუ არა დანაშაულის ნიშნები ამა თუ იმ პირის მოქმედებაში და ასეთ შემთხვევაში გადასცეს პროკურატურას საქმის მასალები.
პროკურატურა, თავის მხრივ, ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება. წესით, ეს უნდა იძლეოდეს იმის შესაძლებლობას, რომ თუ საპარლამენტო კომისიის გამოძიებულ საქმეში არის დანაშაულის ნიშნები, საქმე არ შემოიდოს თაროზე და ბოლომდე იქნეს მიყვანილი. სამწუხაროდ, საგამოძიებო კომისიის დასკვნით გამოკვეთილ კორუფციის დანაშაულზე ყოველთვის არ ხდება გამოძიება. მაგალითად, 2002-2003 წლებში პარლამენტში შექმნილი იყო საგამოძიებო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დარღვევების შესასწავლად, რომელმაც, ჩემი შეფასებით, მაშინ კარგად იმუშავა და დაწერა დასკვნა, რომელშიც მიუთითა, რომ ქუთაისსა და ფოთში გამოიკვეთა საარჩევნო ადმინისტრაციის ცალკეულ პირთა დანაშაულის ნიშნები. იყო ამის დამადასტურებელი მასალაც, მათ შორის, კომისიის ზოგიერთი წევრის ფაქტობრივი აღიარება. მასალა პროკურატურას გადასცეს, მაგრამ მას შემდეგ ოცი წელია გასული და მგონი, დღემდე იძიებენ. ეს კი უაღრესად სახიფათოა, რადგან როდესაც დამნაშავე არ ისჯება, ჩნდება დაუსჯელობის სინდრომი. შესაბამისად, ასეთ დროს კომისიის ეფექტიც იკარგება. ჩვენთან ისიც პრობლემაა, რომ საგამოძიებო კომისიების მუშაობის ძალიან მწირი გამოცდილება გვაქვს. მეტ-ნაკლებად წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი კომისია. მან დანაშაულები გამოავლინა და ამას სამართლებრივი შედეგიც მოჰყვა. მეტ-ნაკლებად იმიტომ ვამბობ, რომ ფაქტობრივად, არავინ დასჯილა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენელთაგან. თუმცა ერთი შედეგი კი ის იყო, რომ მაშინდელი მთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადადგა. თუმცა მერე ისევ დანიშნეს და ეს კიდევ სხვა უბედურებაა. ასე რომ, ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი და დავამატებდი ერთსაც – ზოგიერთი სახელმწიფოს კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას აქვს ისეთივე უფლებამოსილებები, როგორიც ნებისმიერ საგამოძიებო ორგანოს, ჩვენთან კი ძალზე შეზღუდულია, კომისიას მოსამართლეებისთვის საქმეზე კითხვის დასმის უფლება არა აქვს. მოსამართლეებს კონსტიტუციით აქვთ ეს უფლება გარანტირებული. რაც შეეხება იმას, ვის შეუძლია არ უპასუხოს, ასეთი წრე უფრო ფართოა.
მაგალითად, კონსტიტუცია ადგენს, რომ პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა, როგორც პარლამენტის წევრისთვის, და არავის აქვს უფლება მოსთხოვოს ინფორმაციის გამჟღავნება. პარლამენტის წევრს ასევე უფლება აქვს არავის გადასცეს ისეთი დოკუმენტი, რომლის გადაცემასაც მისგან ითხოვენ, თუ ის მიიღო მაშინ, როდესაც პარლამენტის წევრი იყო. ყოველივე ეს პარლამენტის წევრის უფლებაა და არა ვალდებულება. თუკი ის მიიჩნევს, რომ საჭიროა ამ ინფორმაციის გადაცემა, აქვს უფლება გადასცეს. ასევეა მღვდელი, მან აღსარების საიდუმლო უნდა დაიცვას; ექიმი, რადგან ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუ არ ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეიძლება გავლენა იქონიოს სახელმწიფო გადაწყვეტილებასა და შესაბამისად, საზოგადოებაზე. ასევე ნებისმიერ პირზე ვრცელდება ნორმა, რომ არ არის ვალდებული თავის თავსა და ოჯახის წევრებზე გასცეს ის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა მათ წინააღმდეგ გამოიყენონ. კორუფციაში იგულისხმება არა მარტო ქრთამის მიცემა, არამედ ნებისმიერი მოქმედება, რომელმაც შეიძლება რაღაც სახის სარგებელი მოუტანოს პირს, მაგალითად, მოსამართლეებზე თუ ვილაპარაკებთ, სარგებელი მათი ოჯახის წევრებისთვის, დაასაქმეს სადღაც და სხვა. სხვა მხრივ, თუ არსებობს რაღაც ინფორმაცია, რომელიც შეიძლება სხდომაზევე გავრცელდა, კომისიამ შეუძლია დაუსვას კითხვები. საგამოძიებო კომისიაში არ შეიძლება უმრავლესობა საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდეს. თავმჯდომარესა და მდივანს კომისია ირჩევს და არ შეიძლება თავმჯდომარეც და მდივანიც უმრავლესობის წევრები იყვნენ. თუმცა, როგორც ახსენეთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროპელი სოციალისტების გამოყენების საფრთხე ნამდვილად არის. ამიტომაც ვითომ ოპოზიციის არსებობა თავისთავად არის უკვე დიდი პრობლემა. თუმცა, ჩემი აზრით, ამ კომისიის შექმნას მაინც ექნება არსებითი მნიშვნელობა. კომისიამ გადაწყვეტილებაც რომ ვერ მიიღოს, სხდომები ხომ მაინც უნდა გაიმართოს და რაც ითქმება, ხომ ყველა მოისმენს? სულ უშედეგო ეს კომისია ვერ იქნება. ის შედეგი მაინც იქნება, რომ საზოგადოებისთვის ბევრი რამ გახდება ცნობილი და ამან შესაძლოა მყისიერი შედეგი არ მოიტანოს, მაგრამ გრძელვადიანი თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ექნება”,- განაცხადა ხმალაძემ.