ვახტანგ ძაბირაძე: მოსამართლეების საკითხი და ქოლცენტრების საქმე ერთმანეთს უცნაურად დაემთხვა

“საინტერესო ამბები ხდება. მოსამართლეების საკითხი და ქოლცენტრების საქმე ერთმანეთს უცნაურად დაემთხვა – “ქართული ოცნება” და “ნაცმოძრაობა” პროცესებს საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით აფასებს და არც ერთს არ აინტერესებს რეალობა”, – ამის შესახებ ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ექსპერტი ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

“საინტერესო ამბები ხდება. გარდა იმისა, რომ მოსამართლეების საკითხი და ქოლცენტრების საქმე ერთმანეთს უცნაურად დაემთხვა, საინტერესოა ისიც, რომ “ქართულ ოცნებას” BBC-ის სანდოობაში ეჭვი არ შეაქვს, მაგრამ უნდობლობას უცხადებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს. “ნაცმოძრაობა” ვერ ამბობს, რომ BBC შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ ირწმუნება, რომ კეზერაშვილი თავის სიმართლეს დაამტკიცებს. სცადეს ეთქვათ, რომ ამ ამბის უკან რაღაც ინტრიგაა, მაგრამ საეჭვოს ვერაფერს ხედავენ მოსამართლეების სანქცირებაში. ამ ორ ამბავს შორის პარალელი იმის დასადასტურებლად გავავლე, რომ მმართველი გუნდი და მთავარი ოპოზიციური ძალა ერთმანეთისგან თითქმის არაფრით არ განსხვავდებიან. ორივე პროცესებს საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით აფასებს და არც ერთს არ აინტერესებს რეალობა.

რა კავშირში შეიძლება იყოს ერთმანეთთან BBC-ის გამოძიება და მოსამართლეების საქმე? საზოგადოება ვერ ახერხებს ამოსვლას იმ ჭაობიდან, რომელშიც 30 წელია ჩაფლულია. “ქართული ოცნება” რასაც წარმოადგენს, ვიცით. ისიც ვიცით, რა იყო “ნაცმოძრაობა”, მაგრამ ვერ ვახერხებთ, რომ ერთიც და მეორეც პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვათ. აი, ამაში გვჭირდება დახმარება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და BBC-ის განცხადებები, ორივე მიმართულია “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” დისკრედიტაციისკენ. სხვანაირად როგორ უნდა დაგვეხმაროს დასავლეთი, ხელისგულზე დაგვიდო, რას წარმოადგენს ერთი ან მეორე პოლიტიკური ძალა… პროცესი გაგრძელდება. არც იმას გამოვრიცხავ, გავიგოთ, თუ როგორ შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ ხელისუფლება, კეზერაშვილი და აწ მისი “ნაცმოძრაობა”. წესით, ქართველმა ხალხმა გამოფხიზლება უნდა დაიწყოს და საბოლოოდ მიხვდეს, რომ ეს ორი ძალა ერთნაირია და ორივე პოლიტიკას უნდა ჩამოაშოროს. თუ ამას გავაკეთებთ, მოჯადოებულ წრეს თავს დავაღწევთ, თუ არადა, დავრჩებით ისევ იმ უბედურებაში, რომელშიც 30 წელია უკვე ვართ. კეზერაშვილმა საკუთარი თავისთვის სასარგებლო არჩევანი გააკეთა. 2013-2014 წლებში სააკაშვილის მაქებარიც იყო, მისი დაკვეთების შემსრულებელიც და დამფინანსებელიც. მოგვიანებით პირველად სწორედ სააკაშვილმა თქვა კეზერაშვილზე, ჩვენი ხელისუფლების დროს იშოვა ფულიო – როგორც ჩანს, ერთხანს უარი თქვა “ნაცმოძრაობის” დაფინანსებაზე და “ევროპული საქართველოს” დაფინანსება დაიწყო, მაგრამ არც ეს პროექტი აღმოჩნდა მომგებიანი და სხვაგან გადაწყვიტა ფულის დაბანდება. კეზერაშვილის, “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” შეთანხმებული მოქმედებები მეტყველებს, რომ სააკაშვილი დღეს აღარც “ნაცმოძრაობისთვის” არის ფაქტორი და აღარც კეზერაშვილისთვის. ეს კი ნიშნავს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც დაკარგავს მნიშვნელობას.

იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო და ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა, ანგარიშს მაინც უწევდნენ. მას შემდეგ, რაც “ნაცმოძრაობაში” “ხავერდოვანი რევოლუცია” მოხდა და პარტიის სათავეში ის ხალხი მოვიდა, რომელსაც “ქართულ ოცნებასთან” დალაგებული აქვს საქმე, სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა ფასი. ეს ლოგიკურიცაა – როდესაც ერთმანეთთან იდეისა და ღირებულების კი არა, პირადი გამორჩენის მიზნით იწყება თანამშრომლობა, “გადაგდება” ჩვეულებრივი ამბავია. რაში სჭირდებათ ახლა სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას”, კეზერაშვილს ან მერაბიშვილს? ყველაფერი იმაზე მეტყველებს, სააკაშვილი პოლიტიკურ პენსიაზე მიდის…

ვადამდელ არჩევნებს არ გამოვრიცხავ. თუ ჩემი ვარაუდი გამართლდა და მოსამართლეების სანქცირება და ქოლცენტრების საქმე მართლა გახდა “ქართული ოცნების” ლიდერებისა და კეზერაშვილის შეთქმულების გამოაშკარავების წინა პირობა, მაშინ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აუცილებელი გახდება… კარგად ვიცნობ ქართველ ხალხს და ვიცი, რომ ყველაფრის მიუხედავად, “ოცნებას” და “ნაცმოძრაობას”, საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ – ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას მაძლევს “ნაცმოძრაობის” მაგალითი. რაც “ნაციონალებმა” ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთეს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, წესით, აღარ უნდა ჰქონოდათ ხალხის მხარდაჭერა. არადა, დღეს მთავარი ოპოზიციური პარტიაა. იგივე ითქმის “ქართულ ოცნებაზეც”. ამ პოლიტიკურ ძალას აუცილებლად დაუდგება კრიზისი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ელექტორატს დაკარგავს. ეს დასავლეთმაც კარგად იცის და ცდილობს საფუძველი ჩაუყაროს მესამე ძალის შექმნას. რამდენად შეძლებს “ნაციონალებისა” და “ოცნებისგან” გამიჯნული ოპოზიცია ამ შესაძლებლობის გამოყენებას, ეს უკვე მათი საქმეა. ორივე პოლიტიკური პარტია დარჩება პოლიტიკურ ასპარეზზე. მაგრამ წამყვანი უნდა გახდეს მესამე ძალა.

სალომე ზურაბიშვილის სტრატეგიაა წარმოაჩინოს, რომ სახელმწიფოებრივ ინტერესებს არც “ქართული ოცნება” ატარებს და არც “ნაცმოძრაობა”. დარწმუნებული ვარ, ამ ხაზს გააგრძელებს. შესაბამისად, არც გვარამიას შეიწყალებს და არც სააკაშვილს. რატომ? იმიტომ, რომ ორივე “ნაცმოძრაობასთან” ასოცირდება… ზურაბიშვილს კი აქვს ნათქვამი, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკაში აღარ დარჩება და ამის მიზეზად ასაკი აქვს დასახელებული, მაგრამ არა მგონია, მომენტის გამოჩენის შემთხვევაში უარი თქვას. ბაიდენი მასზე გაცილებით უფროსია, მაგრამ… ჩემი აზრით, ზურაბიშვილი ცდილობს არ დაიტოვოს შავი ლაქები, ამასთან, “ოცნებას” არ მისცეს საშუალება, “ნაციონალების” მხარდამჭერად გამოიყვანოს. თავად განსაჯეთ, რამხელა კოზირი ჩაუვარდება ხელში მმართველ გუნდს ზურაბიშვილის წინააღმდეგ, თუ ის გვარამიასა და სააკაშვილს შეიწყალებს. მისი სტრატეგია, შეინარჩუნოს ნეიტრალური მდგომარეობა “ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას” შორის, მეტყველებს, რომ ნიადაგს ამზადებს პოლიტიკაში დარჩენისთვის”, – განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები