ალეკო ელისაშვილი: კეზერაშვილი რომ იშვიათი გარეწარია, რად გვინდოდა ამისთვის BBC-ის გამოძიება?
“კეზერაშვილი რომ იშვიათი გარეწარია, რად გვინდოდა ამისთვის BBC-ის გამოძიება? აქ იყო და, ქართული ჯარი გაძარცვა, ევროპაში წავიდა და, ევროპელი პენსიონერები გაძარცვა, თან მილიარდ დოლარს მეხუმრებით?! ვინ შეარჩენს?”,- ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, დავით კეზერაშვილის ადგილი ციხეშია.
“2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში ერთადერთი ბედნიერი ის იყო. რუსებმა რომ იარაღის საწყობები გაძარცვეს, განსაკუთრებით უფლისციხის ცენტრალური საწყობი, კეზერაშვილმა, ალბათ, ცხვრები და ხარები დაკლა და დავლურიც დაუარა ბედნიერებისგან. იმ დღეებში ისედაც ჰეროინი ჰქონდა მიღებული და უაზროდ გახარებული დარბოდა. აქ იყო და, ქართული ჯარი გაძარცვა, ევროპაში წავიდა და, ევროპელი პენსიონერები გაძარცვა, თან მილიარდ დოლარს მეხუმრებით?! ვინ შეარჩენს?
იმედია, ახლა მაინც დაიჭერენ! BBC პროკურატურა არ არის, მაგრამ მისი გამოძიება რეპუტაციულად დამანგრეველია. რა თქმა უნდა, ეს გამოძიება საფუძვლად დაედება გამოძიებას ევროპულ ქვეყნებში კეზერაშვილის წინააღმდეგ. კეზერაშვილისთანა გათახსირებული ხალხის ადგილი ციხეშია. ჩემი ნება რომ იყოს, რაც ჯარს მოჰპარა, ვარწყევინებდი ბოლო თეთრამდე. ახლა ევროპელებმა უნდა დაიჭირონ!
18 აპრილის საპარლამენტო სხდომას რაც შეეხება – აუცილებლად მივალ და მხარს დავუჭერ საგამოძიებო კომისიის შექმნას. მხოლოდ ოთხი სანქცირებული მოსამართლის კი არა, ყველას საქმე უნდა იყოს გამოძიებული. მე არ ვიცი, “ნაცმოძრაობა” რას იზამს, მაგრამ, ვფიქრობ, კომისია მხოლოდ 2012 წლის შემდეგ პერიოდით არ უნდა დაინტერესდეს, წინა პერიოდიც გამოსაძიებელია. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის მოსამართლეები ასეთ გათახსირებულ ხალხად სწორედ წინა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა. “ქართული ოცნების” სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ “ნაციონალების” გამოჩეკილ კორუმპირებულ მოსამართლეებს თავზე ხელი გადაუსვა და დააწინაურა. სწორედ ეს ხალხი იყო ბოროტების შემოქმედი პოლიტიკურ ხელისუფლებასთან ერთად, განსაკუთრებით, მურუსიძე. მისი გვარი უსამართლო სასამართლოს ზედსართავ სახელად იქცა. ასე რომ, “მოქალაქეები” აუცილებლად დავუჭერთ მხარს კომისიის შექმნას.
თქვენს კითხვას, ვფიქრობ თუ არა, რომ შეიძლება “ნაციონალებმა” არ დაუჭირონ მხარი კომისიის შექმნას – არის ასეთი ეჭვი და ვნახოთ. ამ დრომდე ყველა საგამოძიებო კომისია ჩააგდო “ნაცმოძრაობამ”. როცა მოსმენების ფაილები გავრცელდა საეკლესიო პირებსა და მაღალჩინოსნებზე, მაშინ დავაინიცირეთ საგამოძიებო კომისია, ჩვენც შევუერთდით, მაგრამ სხდომაზე არ მოვიდა “ნაცმოძრაობა”. ეს კარგად გაიხსენონ ხოლმე განსაკუთრებით მათ, ვისაც გრძელი ენები აქვთ და ჩვენზე ათას სისულელეს ამბობენ”,- განაცხადა ელისაშვილმა.