ბუტჩ კესიდი – ველური დასავლეთის ყველაზე ცნობილი მძარცველი

1866 წლის 13 აპრილს დაიბადა რობერტ ლეროი პარკერი, იგივე ბუტჩ კესედი – „ველური დასავლეთის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მძარცველი. მთელი მისი ცხოვრება, სიკვდილამდე, ლეგენდად იქცა, რომელიც დროთა განმავლობაში მხოლოდ ფართოვდება.
ის პირველი იყო 13 შვილიდან, რომელიც მორმონებს – მაქსსა და ენდი პარკერებს გაუჩნდათ. როდესაც ბუტჩი 13 წლის იყო, ოჯახი რანჩოზე გადავიდა საცხოვრებლად. იქ მოზარდი ადგილობრივი მძარცველის, მაიკ კესიდის  გავლენის ქვეშ მოხვდა, რომელმაც სროლა ასწავლა, აჩუქა თოფი და ცხენის უნაგირი. მისი გავლენის გამო დაიწყო რობერტმა თავისი კრიმინალური კარიერა და ბოლოს იძულებული გახდა, სახლიდან წასულიყო, ვინაიდან მშობლები ეჭვობდნენ, რომ მათი შვილი ცუდ საზოგადოებაში ტრიალებდა.
1889 წლის 24 ივნისს მან პირველი მნიშვნელოვანი დანაშაული ჩაიდინა – გაქურდა ბანკი ტელურიდეში, შტატ კოლორადოში და დაახლოებით 20 000 დოლარი წაიღო. პოლიციისგან თავის დაღწევის მიზნით, მან სახელი გადაირქვა ჯორჯ კესიდიზე, ცოტა ხნით მიიმალა და იპოვა სამსახური ხორცის ჯიხურში. ამ სამსახურიდან გამომდინარე, მიიღო მეტსახელი ბუტჩერი (butcher – ყასაბი, ჯალათი), რომელიც მოგვიანებით „ველური დასავლეთის“  ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახელი გახდა კრიმინალურ ისტორიაში.
1901 წელს კესიდი თავის საყვარელთან, ეტო პლეისთან და სანდენს კიდთან ერთად არგენტინაში გაიქცა. 1904 წელს დეტექტივებმა კესიდი იპოვეს. ბუტჩმა და სანდენსმა იყიდეს რანჩო და ძარცვა განაგრძეს – ისინი ძარცვავდნენ ბანკებს არგენტინაში, ჩილესა და ბოლივიაში. დანამდვილებით ცნობილი არ არის, მაგრამ ბოლივიის ჯარი იტყობინებოდა, რომ ისინი 1908 წელს მოკლეს სან-ვისენტეში. მაგრამ ორივე ქურდის ნათესავები ამტკიცებენ, რომ ისინი გადარჩნენ და აშშ-ში დაბრუნდნენ, სადაც ღრმა სიბერემდე იცხოვრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები