ანრი ოხანაშვილი: „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში სრულად ავსახავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს
“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში სრულად ავსახავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უზრუნველყოფილი იქნება იმ პირთა საპროცესო უფლებები, ვინც პოტენციურად ოლიგარქად შეიძლება, იყვნენ მიჩნეული.
“ჩვენთვის დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტის ინდიკატორად ევროკომისიის ის შეფასებები და დამოკიდებულება იყო მიჩნეული, რომელიც არსებობდა და არსებობს უკრაინასთან მიმართებით, უკრაინის მიერ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მიღებულ კანონზე. ეს იყო ჩვენთვის ინდიკატორი, რომ თუ ჩვენ იმავე პრინციპებზე დაფუძნებულ კანონს მივიღებდით, ჩვენ მიმართ ანალოგიური სამართლებრივი მოპყრობა უნდა იყოს და რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვალოს. დღეს კომიტეტს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით განახლებულ ვერსიას წარვუდგენ. „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში სრულად ავსახავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. იქნება უზრუნველყოფილი იმ პირთა საპროცესო უფლებები, ვინც პოტენციურად ოლიგარქად შეიძლება, იყვნენ მიჩნეული. მათ თავის დაცვის და კონკრეტული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების სრული შესაძლებლობა ექნებათ. იარსებებს ყველა ის გარანტია, რაც მათ პერსონალურ მონაცემებს დაიცავს. ოპოზიციას ისეთი მოდელი აქვს წარმოდგენილი, მას მხარი რომ დავუჭიროთ, მათი პროექტი გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებას ვერ უზრუნველყოფს და ევროკომისია შესაბამის პუნქტს შესრულებულად ვერ ჩათვლის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.