ვახტანგ ძაბირაძე: ჩემი აზრით, მმართველი გუნდი შემოდგომაზე შეეცდება რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს
“4 მოსამართლის დასანქცირება საქართველოსთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა. ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ჩვენსა და ჩვენს მთავარ პარტნიორს შორის ვითარება უკვე კრიტიკულია და კრიზისის უმაღლეს დონეზე მიანიშნებს”,- ამის შესახებ ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
ძაბირაძე ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართული ოცნება” შემოდგომაზე შეეცდება რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს.
“შევძლებთ თუ არა ევროინტეგრაციას მაშინ, როცა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ასეთი ურთიერთობა გვაქვს, სერიოზულ კითხვებს აჩენს. მოსახლეობის უმრავლესობა ჩვენი პარტნიორების მომხრეა. ჯერ ევროკავშირის განცხადებები არ ჩანს, მაგრამ, ადრე თუ გვიან, იქნება მკაცრი განცხადებები. რაც მთავარია, საქართველოს დასავლეთთან დაპირისპირებით და ქვეყანაში არეულობით რუსეთი სარგებლობს.
მუდმივად არის შიში, რომ უკან დახევას მოსახლეობა სისუსტედ ჩათვლის. მარტის აქციების შემდეგ იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ, მაგრამ მას შემდეგ მუდმივად იმას გაიძახიან, კანონი სწორი იყოო. ამ შემთხვევაშიც თუ მათ პასუხებს ქუჩიდან არ მოჰყვება მძაფრი რეაქცია, პარტნიორების რეაქცია ნაკლებად ადარდებთ, რადგან ამერიკის არ ეშინიათ.
ჩემი აზრით, არის სიმპტომები იმისა, რომ “ქართული ოცნება” შემოდგომაზე შეეცდება რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს.
გარდა ამისა, არის სიმპტომები, რომ თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, ამას მოჰყვება დიდი აქციები, ამაზე თვითონაც ლაპარაკობენ და აქედან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება იქნება ხელახალი ლეგიტიმაცია. შემოდგომაზე “ოცნება” თუ ამას გააკეთებს, დღევანდელი ოპოზიციითა და იმ კანონით, რაც დღეს მოქმედებს, დიდი შანსი აქვს, რომ ისევ დარჩეს ხელისუფლებაში ახალი ლეგიტიმაციით. 2024 წელსაც ჩაატარებს არჩევნებს, მაგრამ პოლიტიკურად უკვე ლეგიტიმური ხელისუფლება იქნება. ძველი გუნდი მთლიანად ჩანაცვლდება ახლით, რომელიც მოსახლეობაში სიახლის განცდას გააჩენს. ვფიქრობ, სწორედ ამისთვის ემზადება “ქართული ოცნება”. თუ ევროკავშირი სტატუსს მოგვცემს, მოგვცემს დათქმებით, ხელისუფლებას ლეგიტიმაცია ასეთ შემთხვევაშიც დასჭირდება. კაცმა არ იცის, შემოდგომამდე რა მოხდება. ველოდები, რომ კრიზისი უფრო გაღრმავდება და გამოსავალი კი ახალი ლეგიტიმაცია იქნება.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას რამდენიც არ უნდა უძახო, ამერიკა ცუდიაო, საშუალება რომ ჰქონდეს, 100-დან 90 კაცი ამერიკაში გაიქცევა. ხალხი სახლებს ყიდის, ვალებს იღებს, მექსიკით მიდის, რომ ამერიკაში მოხვდეს… რაც უფრო მეტად დაუპირისპირდება ხელისუფლება ამერიკას, მით უფრო მოხვდება იზოლაციაში და მით მეტად გააღრმავებს დაპირისპირებას ქვეყანაში. ხელისუფლება რომ პარტნიორების რეკომენდაციებს ანგარიშს არ უწევს, გავიგეთ, მაგრამ ოპოზიციაც რომ არ უწევს? იმედია, პროცესში პრეზიდენტიც ჩაერთვება – ვგულისხმობ ყველაფერს, მათ შორის იმასაც, რომ რაღაც მომენტში დატოვოს პოსტი და ოპოზიციის გამაერთიანებელი გახდეს”,- განაცხადა ძაბირაძემ.