გიორგი კობერიძე: ახლა ყველაზე ჯანსაღი და მარტივი ნაბიჯი შეიძლება, იყოს სანქცირებული მოსამართლეების სასამართლო სისტემიდან ჩამოშორება

“ახლა ყველაზე ჯანსაღი და მარტივი ნაბიჯი შეიძლება, იყოს სანქცირებული მოსამართლეების სასამართლო სისტემიდან ჩამოშორება, მათი საქმეების საჯარო სივრცეში გამოტანა და შესწავლა”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი, გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.

მისივე თქმით, პოლიტიკურმა ელიტამ, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა შეძლოს და შეცდომები აღიაროს.

“ეს არის აშშ-ის კონკრეტული პოლიტიკური აქტი, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებში გაჩენილი ბზარის შედეგია. ვიყოთ ობიექტური და ვაღიაროთ, რომ წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიისთვის სასამართლო სისტემა კვლავ აქილევსის ქუსლია. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი რეალობის პრობლემა, ის არსებობდა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული. ამერიკა წინა თუ დღევანდელ ხელისუფლებას მუდმივად მიუთითებდა სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე. მუდმივად იყო ლაპარაკი, რომ მოსამართლეების დანიშვნის წესისთვის უნდა გადაეხედათ. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა ესაქმება ამერიკას საქართველოს შიდა საქმეებშიო, მაგრამ ამ 20 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ამერიკას დიდძალი ინვესტიცია აქვს ჩადებული. იგულისხმება არა მარტო დაფინანსება, არამედ უამრავი სხვა რამ, მაგალითად, გამოცდილების გაზიარება, საჯარო მოხელეების გადამზადება, უმნიშვნელოვანესი სასწავლო პროგრამები… ბოლოს და ბოლოს, ამერიკა საქართველოს განიხილავდა მოკავშირედ და დემოკრატიის დასაყრდენად კავკასიაში. აქედან გამომდინარე, ის ანტიდასავლური რიტორიკა, რაც არა მარტო სასამართლოს უკავშირდებოდა, სრულიად მიუღებელი გახდა არა მარტო აშშ-ისთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვისაც. შექმნილ ვითარებას ორი მხარე აქვს; ერთია სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, რომელსაც მარტო ამერიკელები კი არა, უპირველესად ქართველი მოსახლეობა გრძნობდა, მეორე კი ის პოლიტიკური პროცესები, რაც ბოლო ხანს ვიხილეთ და რაც აშკარად აშშ-სთან დაპირისპირება იყო – ირიბად თუ პირდაპირ მიანიშნებდნენ, რომ თურმე ე.წ. ომის პარტიასთან კავშირი ჰქონდა მთლიანად ამერიკას თუ მის წარმომადგენლებს, სულ ცოტა, რამდენიმე სენატორს მაინც. ამ ძალიან ნეგატიურმა პროცესებმა განაპირობა ბზარის გაჩენა ურთიერთობაში, ხიდჩატეხილობა, რომელსაც წინ უძღოდა საქართველოს არაერთი შეუსრულებელი დაპირება. მოკლედ, ამ პროცესების ლოგიკური შედეგია ის, რაც მივიღეთ. ჩემი აზრით, მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება უპირველესად ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობის გაგრძელებაა. ისიც კი, ვინც ხელისუფლების მომხრეა, დიდწილად დარწმუნებულია, რომ სასამართლო სისტემა არაჯანსაღად, პოლიტიკური ზეგავლენების მიხედვით იმართება. ეს არ არის ახალი ამბავი, ასეთივე განწყობა იყო წინა ხელისუფლების დროსაც და ასეთივეა ახლაც. ამ ხელისუფლებამ სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე ოდიოზური მოსამართლეები გადმოიბარა. დარწმუნებული ვარ, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება სწორედ საზოგადოებრივ განწყობებზე დაკვირვებით მიიღო.

ეს არის პოლიტიკური აქტი, რასაც შესაძლოა სხვა ჩვენთვის არასახარბიელო გადაწყვეტილებებიც მოჰყვეს. სანქციებს არავინ განიხილავს პანაცეად და არ ელის, რომ მათი დაწესების შემდეგ ყველაფერი მყისიერად გამოსწორდება. სანქციები საფეხურებრივი და გრძელვადიანი პროცესია. გავიხსენოთ, როგორ ხდებოდა რუსეთში, ირანში თუ ჩრდილოეთ კორეაში. თუ ვინმე იტყვის, რომ პარტნიორები ერთმანეთში სანქციებით არ საუბრობენო, დავეთანხმები, მაგრამ გატეხილი პირობებისა და არაერთი “გადაგდების” შემდეგ, აშშ-ს, ფაქტობრივად, სხვა გზა აღარ დაუტოვეს.

ახლა ყველაზე ჯანსაღი და მარტივი ნაბიჯი შეიძლება იყოს სანქცირებული მოსამართლეების სასამართლო სისტემიდან ჩამოშორება, მათი საქმეების საჯარო სივრცეში გამოტანა და შესწავლა. თუ ხელისუფლებას სურს საკუთარი თავის გაჯანსაღება, მაშინ ეს უნდა გააკეთოს. ეს პროცესი ორმხრივი უნდა იყოს: საშინაო და საგარეო. საგარეო თვალსაზრისით, ბევრად უფრო რთული იქნება გაჯანსაღება, ქვეყანაშიც სულ უფრო ეწურება ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ ძლიერი პოზიცია დაიბრუნოს როგორც ჯანსაღმა და ფუნქციონირებადმა სისტემამ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, უნდა შეძლოს და აღიაროს შეცდომები. სასამართლო სისტემიდან ერთი ან ორი კაცის წასვლა ხელისუფლების სანდოობას ვერ გაზრდის, უფრო სხვა, ღრმა და სერიოზული პროცესებია საჭირო, რაც შეცდომების აღიარებით უნდა დაიწყოს. უნდა დაისაჯონ ის პირები, რომელთა ქმედებებმაც ეს შეცდომები განაპირობა. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ქმედითი ნაბიჯი. სანქციები არის პოლიტიკური აქტი და არა სამართლებრივი სასჯელი. მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება ნამდვილად არა აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს, მაგრამ თუ საჭიროდ მიიჩნევს, ვფიქრობ, არც ეგ გაუჭირდება. სავარაუდოდ, დაინდობენ ჩვენი ხელისუფლების იმიჯს და ამას საჯაროდ არ გააკეთებენ, მაგრამ კულუარულად ამ მტკიცებულებებს გაუზიარებენ, თუ, რა თქმა უნდა, საჭიროდ მიიჩნევენ.

საქართველოს ომში ჩართვაზე ლაპარაკი ძირშივე მცდარია. ამერიკისა და ევროპისთვის რეგიონში, მათ შორის საქართველოში, მშვიდობა უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, ჰიპოთეზურადაც კი წარმოუდგენელია იმის დაშვება, რომ მათ აქ ომის გაჩაღება სურთ. გარდა ამისა, დასავლეთმა იმდენად დიდი თანხა ჩადო საქართველოს ინსტიტუციებსა და დემოკრატიული პროცესის განვითარებაში, ნგრევა ნამდვილად არ აწყობს. ამდენი მილიარდი იმიტომ კი არ ჩაყარეს, რომ აქ ახლა ომი გააჩაღონ. ომი დღეს არც დასავლეთის, არც საქართველოს და სავარაუდოდ, არც რუსეთის ინტერესშია. მას თავისი უდიდესი პრობლემები აქვს უკრაინაში. ამიტომაც ამგვარი დადანაშაულება პოლიტიკურადაც და იდეურადაც წარმოუდგენლად მცდარია და ემსახურება რუსეთის პროპაგანდის გაგრძელებას, რომ თურმე “ომის და ძალადობის პარტია არის დასავლეთი”, და ასევე ემსახურება ხალხის დაშინებას”,- განაცხადა კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები