“კოკაინის დათუნია” – დათვი, რომელმაც 34 კილოგრამი კოკაინი შეჭამა

კონტრაბანდული ნარკოტიკების ისტორიაში ძალიან ბევრი უცნაური შემთხვევაა, მაგრამ “კოკაინის დათუნიას” საქმე – ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია. ის ადგილობრივი ლეგენდა გახდა მას შემდეგ, რაც 30 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი შეჭამა, რომელიც კონტრაბანდისტებმა ჯორჯიას შტატში, ტყეში ჩამოაგდეს. სამწუხაროდ, საცოდავი ცხოველი ზედოზირების შედეგად დაიღუპა, მაგრამ მისი ფიტული დღემდე შენახულია.

როდესაც ქირურგებმა 80 კილოგრამიანი დათვი გაკვეთეს, მათ ძალიან ბევრი კოკაინი აღმოაჩინეს, რომლის ღირებულებაც მილიონებს შეადგენდა. ცხოველმა 34 კილოგრამი ნარკოტიკი შეჭამა. ის ჯორჯიას შტატში, ეროვნული ნაკრძალის ტერიტორიაზე იპოვეს.

ნარკოტიკით მოწამლული დათვის საქმე კიდევ უფრო უცნაურ შემთხვევას დაუკავშირეს, რომელიც სამი თვით ადრე მოხდა. მაშინ ციდან ჩამოვარდა კონტრაბანდისტი, რომელსაც 15 მილიონის ღირებულების კოკაინის პარკები ჰქონდა ჩამოკიდებული. ის აღმოჩნდა ენდრიუ ტორტონი, ყოფილი პოლიციელი და იურისტი. მისი ცხედარი ზურგს უკან გაუხსნელი პარაშუტით გზაზე, ტენესიში იპოვეს.

ენდრიუ ტორტონი
ენდრიუ ტორტონი

კონტრაბანდის გარდა, დაღუპულს თან ჰქონდა ათასობით დოლარი და ორი ცეცხლსასროლი იარაღი. ზედ ეკეთა ღამის ხედვის სათვალე, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და Gucci-ს ბრენდის ფეხსაცმელი ეცვა. მოგვიანებით გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ენდრიუ გადმოხტა თვითმფრინავიდან და გადმოაგდო ტომრები კოკაინით, რომელთაგან ერთ-ერთი ამ დათვმა იპოვა.

ენდრიუ ტორტონმა თითქმის მიაღწია დანიშნულების ადგილს. კოლუმბიიდან გამოფრენის შემდეგ მან კოკაინით სავსე ტომრები ჯორჯიის ტყეში მიმოფანტა. შემდეგ დამნაშავე დარჩენილ ნარკოტიკთან ერთად თვითონაც გადმოხტა ვერტმფრენიდან, რომელიც ავტოპილოტით მიფრინავდა და ჩრდილო კალიფორნიის მთებში ჩამოვარდა. ექსპერტების დასკვნის თანახმად, ტორტონმა თავი მიარტყა ვერტმფრენის კუდს და ვერ შეძლო პარაშუტის გახსნა.

დათვის ფიტული შტატ ჯორჯიას ეროვნული პარკის ტურისტულ ცენტრში დადგეს. ხანძრის დროს, რომელიც 90-იან წლებში ტყეში მოხდა, ცენტრის თანამშრომლებმა ლეგენდარული დათვი საწყობში დამალეს და განადგურებას გადაარჩინეს. მიუხედავად ამისა, ექსპონატი მაინც მოიპარეს და ლომბარდში ჩააბარეს, საიდანაც ის მუსიკოსმა უელონ ჯენინგსმა გამოისყიდა.

მუსიკოსმა ფიტული თავის მეგობარს აჩუქა, ხოლო როდესაც იგი გარდაიცვალა, “კოკაინის დათუნია” 200 დოლარად გაყიდეს აუქციონზე.

დათვი იყიდა ჩჟუ ტანმა, ჩინური აფთიაქის მფლობელმა ნევადაში, რომელმაც თავის მაღაზიაში დადგა სილამაზისთვის. არც მან და არც მისმა ცოლმა არაფერი იცოდნენ ამ ექსპონატის ისტორიის შესახებ, სანამ მათთან არ მივიდა გასართობი ცენტრის, Kentucky for Kentucky-ის მფლობელი ფიტულის გამოსასყიდად. მას შემდეგ “კოკაინის დათუნია” კენტუკის გასართობ ცენტრში დგას და ტურისტებს იზიდავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები