კულტურის სამინისტრო გოგი მარგველაშვილს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დანიშვნას ულოცავს

 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ პროფესორი გოგი მარგველაშვილი დაინიშნა. იგი უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლად მუშაობდა, ახალ პოზიციას კი მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან იკავებს.
„გოგი მარგველაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამის რეჟისორის სპეციალობით და პედაგოგიური საქმიანობაც იქვე დაიწყო. მან არაერთი თაობა აღზარდა. წლების მანძილზე იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, 1989 წლიდან – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი, 2005-2009 წლებში – ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2009 წლიდან დღემდე კი ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორია.
გოგი მარგველაშვილმა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრში, კინომსახიობთა, თავისუფალ და გრიბოედოვის თეატრებში დადგა სპექტაკლები: „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, „ჯულიეტა და რომეო”, „ალუბლის ბაღი”, „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“, „სამი და“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „მოთამაშეები“, „შეშლილის წერილები“, „ჰელვერის ღამე“ და სხვა.
რეჟისორის საქმიანობა არაერთი პრემიითა და ჯილდოთი აღინიშნა. მათ შორის არის: თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია რეჟისორული ნამუშევრისათვის (1995 წ.), რუსთავის თეატრალური ფესტივალის პრემია საუკეთესო რეჟისურისათვის (1996 წ.), პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის (საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, 2001 წ.),
პრიზი საუკეთესო ექსპერიმენტული რეჟისურისათვის (რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, 2004 წ.) და სხვა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წარმატებებს უსურვებს ბატონ გოგის და მადლობას უხდის არაერთი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის”. – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები