სამცხე-ჯავახეთის საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის – „არა ფემიციდს“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის საოლქო და რაიონული პროკურატურების თანამშრომლებმა, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროკურორებმა ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ადიგენის, ვალეს და აწყურის მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის, ასევე ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზების, გენდერული სტერეოტიპებისა და ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერების შესახებ.
შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა შეავსეს ანონიმური კითხვარი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად გრძელდება საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით.