„ვინ ჩააწვინა ბელა თელის ხეში?“ – რა იპოვეს პატარა ბიჭებმა მიდლენდის ტყეში
„ვინ ჩააწვინა ბელა თელის ხეში?“ – ეს წარწერა ყველგან გამოჩნდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ბიჭმა პირდაპირ ხეში ადამიანის თავის ქალა იპოვეს. როდესაც პოლიცია დანაშაულის ადგილზე მივიდა, აღმოჩნდა, რომ ძველი ხე გაცილებით მეტ საშინელ საიდუმლოს ინახავდა.
ეს 1943 წელს მოხდა ბრიტანეთში, დასავლეთ მიდლენდში, ქალაქში სახელად სტურნრიჯი. რამდენიმე ბიჭი სასეირნოდ წავიდა ტყეში, თამაშით და საუბრით გაერთნენ, იმაზე შორს წავიდნენ – ვიდრე გეგმავდნენ.
ისინი დიდ, ძველ თელის ხესთან მივიდნენ. ერთ-ერთმა გადაწყვიტა, ზედ ასულიყო, რომ შეემოწმებინა, იყო თუ არა იქ ჩიტის ბუდეები. ხე სხვის მიწაზე იდგა და ბიჭები დრო და დრო უკან იხედებოდნენ, ამოწმებდნენ – ვინმე ხომ არ მოდიოდა.
ბიჭი ხეზე ავიდა და ხელი მსხვილი ხის ტოტის სიღრმეში შეყო, რომ შეემოწმებინა – ჩიტს კვერცხები ხომ არ ჰქონდა დადებული. მაგრამ იქ რაღაც სხვა აღმოჩნდა. ხვრელში ადამიანის თავის ქალა იდო კბილებითა და თმებით. შეშინებულმა ბიჭმა თავის ქალა უკან დააბრუნა, ხოლო როდესაც მეგობრებს მოუყვა, მათ გადაწყვიტეს, რომ სჯობდა – არავისთვის გაემხილათ ეს ამბავი. ეს ხომ სხვისი ტერიტორია იყო და როგორ უნდა აეხსნათ, რას აკეთებდნენ ისინი იქ.
როგორც მოსალოდნელი იყო, საიდუმლოს ყველა კარგად ვერ შეინახავდა და ერთმა ბიჭმა მაინც მოუყვა მშობლებს ამ საშინელების შესახებ. მშობლებმა მაშინვე პოლიციას გამოუძახეს და დანაყოფი თელის ხისკენ გაემართა.
თავის ქალა იმავე ადგილას იდო, მაგრამ პოლიციამ იქვე მთელი ჩონჩხიც იპოვა, თუმცა, ერთი ხელი აკლდა. იქვე იყო საქორწილო ბეჭედი, ფეხსაცმელი და კაბის ნაჭერი, რომელიც თავის ქალის კბილებს შორის იყო მოქცეული. პოლიციამ ხელი ახლომახლოს იპოვა. კორონერმა გაარკვია, რომ ჩონჩხი 35 წლის ქალს ეკუთვნოდა, რომელიც 18 თვის წინ იყო გარდაცვლილი. დიდი ალბათობით ხეში ის ან ჯერ კიდევ ცოცხალი ან ახალი მოკლული მოათავსეს.
ნაჭრიდან გამომდინარე, რომელიც მას კბილებს შორის ჰქონდა მოთავსებული, ქალი შესაძლოა, გაგუდვის შედეგად მომკვდარიყო. ეს ომის პერიოდი იყო, ამიტომ, ინგლისელები გამუდმებით იცვლიდნენ საცხოვრებელ სახლს და შეუძლებელი იყო, ვინმეს დაედგინა – ეს ქალბატონი ადგილობრივი იყო თუ უბრალოდ გავლით ამ მიდამოებში. იმ დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების სია ძალიან დიდი იყო.
43 წლის დეკემბრიდან მთელი ქალაქის მასშტაბით სახლების კედლებსა და სხვა ზედაპირებზე გამოჩნდა წარწერა: „ვინ ჩააწვინა ლუბელა თელის ხეში?“
აღსანიშნავია, რომ არავის არასდროს უნახავს მხატვარი, რომელიც ამ წარწერებს აკეთებდა. სახელი იყო იშვიათი – ლუბელა. მაგრამ ადგილობრივებიდან არავის სმენია ამ სახელის მქონე ქალის შესახებ არაფერი. მოგვიანებით, წარწერაში სახელი შეიცვალა და ლუბელას მაგივრად გაჩნდა „ბელა“. მაგრამ გამოძიებას ესეც არაფერში დაეხმარა.