ვახტანგ ძაბირაძე: უნდა ვიბრძოლოთ სტატუსის მისაღებად, უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რომ ერთობლივად იმუშაონ 12 პუნქტის შესრულებაზე
“ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სტატუსის მისაღებად. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რომ ერთობლივად იმუშაონ 12 პუნქტის შესრულებაზე”,- ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
ექსპერტი ინტერვიუში საუბრისას, საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტსაც გამოეხმაურა.
“ერთია, რა განაცხადა საჯაროდ პრესისა და საზოგადოებისთვის და მეორე, რა თქვა ქალბატონმა მინისტრმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. იმას, რაც მოვისმინეთ ანალენა ბერბოკისგან, ფაქტობრივად, ვისმენთ თითქმის ყველა ევროპელი პოლიტიკოსისგან, ევროპარლამენტისგან თუ სხვა ევროპული სტრუქტურებისგან. მას შეეძლო გერმანიაშიც ეთქვა, რომ ევროპა მზად არის საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებისთვის… მთავარია, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რა და როგორ თქვა დახურულ კარს მიღმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე. არ იქნებოდა მარტივი საუბრები. ვფიქრობ, ლაპარაკი იქნებოდა დღევანდელ პოლიტიკურ პროცესზე საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში არასდროს ყოფილა ასეთი მასშტაბური და გავეშებული ანტიდასავლური პროპაგანდა, როგორიც დღეს არის. სხვათა შორის, ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი. სამწუხაროა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა “ნაციონალური მოძრაობა” ისევ ბოიკოტზე ლაპარაკობს, არადა, მოწოდებაში, რომ საჭიროა დეპოლარიზაცია, ისიც იგულისხმება. აუცილებელია ითანამშრომლონ და იმუშაონ პარლამენტში ხელისუფლებასთან ერთად 12 პუნქტის შესასრულებლად. რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია. ეს მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე.
თუ აკვირდებით გარკვეულ ექსპერტთა ჯგუფს, ჩინეთ-რუსეთის ლიდერების შეხვედრის შემდეგ მათი რიტორიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა, ცდილობენ გააჩინონ იმის მოლოდინი, რომ ეს ორი ქვეყანა ერთ ტანდემად იქცევა და დაამარცხებს უკრაინასა და დასავლეთს. არადა, ცხადია, ჩინეთს რუსეთის გამარჯვება არ აწყობს, შესაძლოა არც დასავლეთის, მაგრამ რუსეთი მისი ბუნებრივი მოკავშირე ვერასდროს გახდება. მას აწყობს შექმნილი ვითარება რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და რაც შეიძლება მეტად მოითბოს ხელი.
შეგახსენებთ, 2024 წელს არჩევნები პროპორციული წესით გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოების უდიდესი ნდობა და რეიტინგი გაანიავა, ის დღესდღეობით მაინც ყველაზე გავლენიანი პარტიაა, რომელიც, მართალია, ვერ აიღებს 50%-ს არჩევნებში, მაგრამ ყველა სხვა პარტიაზე მეტ მხარდაჭერას მაინც მიიღებს. ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს – თუ არ შესრულდება 12 პუნქტი და ისევ უარს გვეტყვიან, დასავლეთი აუცილებლად მიიღებს ზომებს ყველა იმ საშუალებით, რაც ხელთ ექნება. ამ შემთხვევაში საკითხავია, ეს ზომები პერსონიფიცირებული იქნება თუ მთელ ქვეყანას შეეხება. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სტატუსის მისაღებად. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რომ ერთობლივად იმუშაონ 12 პუნქტის შესრულებაზე. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, რომ ხელისუფლება თუ არა, ქართველი ხალხი სტატუსს იმსახურებს. შემდეგ კი უნდა ვიფიქროთ არა მარტო ხელისუფლების, არამედ სახელმწიფო მოწყობის სისტემურ ცვლილებაზე. ცოტა კი ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა, მათ შორის კოალიციური ხელისუფლებაც, ამას მოინდომებს, მაგრამ ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და მოვითხოვოთ”,- განაცხადა ძაბირაძემ.