თენგიზ ფხალაძე: დღევანდელი პოლიტიკური ვითარება ძალიან შორს დგას ევროპული სტანდარტებისგან
“პოლარიზაციის დასრულება ნამდვილად არის შესაძლებელი, ოღონდ ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო. პარლამენტში პოლიტიკოსებს შორის სიტყვიერი თუ ფიზიკური კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ აღრმავებს დაპირისპირებას. ე.წ. აგენტების კანონპროექტი სხვა არაფერი იყო, თუ არა საზოგადოების ერთი ნაწილის სტიგმატიზაცია”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა თენგიზ ფხალაძემ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი პოლიტიკური ვითარება ევროპული სტანდარტებისგან ძალიან შორს დგას.
“ჩვენი პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში ყოფნის ან მოსვლის ერთადერთ საშუალებად პოლარიზაციას მიიჩნევენ. ოპონენტის გაშავებასა და დემონიზაციაზე აქვთ აგებული პოლიტიკური დღის წესრიგი.
როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები დეპოლარიზაციისკენ მოგვიწოდებენ, იმას კი არ გულისხმობენ, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიები და პოზიცია არ უნდა არსებობდეს. არა, ისინი გვეუბნებიან, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე პარტიებმა უნდა შეძლონ თანამშრომლობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არავითარ შემთხვევაში არ ცდილობდნენ ერთმანეთის დემონიზებას.
დღევანდელი პოლიტიკური ვითარება ძალიან შორს დგას ევროპული სტანდარტებისგან. 12-პუნქტიან რეკომენდაციაში სიტყვა “დეპოლარიზაცია” ვინმეს ახირების გამო კი არ მოხვდა, არამედ იმიტომ, რომ ქართველები შეეჩვიონ ევროპული ტიპის პოლიტიკის გატარებას, საწინააღმდეგო აზრის მიღებას და ქვეყნის ინტერესებისთვის პირადი და პარტიული ინტერესების დათმობას. ამასვე ითვალისწინებდა შარლ მიშელის შეთანხმებაც, მაგრამ კი იცით, რა ბედიც ეწია… საქართველოში არ არსებობს ძლიერი ოპოზიციური პარტია. მთელი ოპოზიციური სპექტრი დეზინტეგრირებულია. ჩვენ რომ ძლიერი ოპოზიცია გვყავდეს, ახლა სულ სხვა პოლიტიკური მოცემულობა გვექნებოდა. რაც არ უნდა ბევრი ნაკლი ჰქონდეს ოპოზიციას, არ შეიძლება ხელისუფლება თითს იშვერდეს მისკენ და ყველა პრობლემას აბრალებდეს. ხელისუფლებაში ყოფნა იმით განსხვავდება ოპოზიციაში ყოფნისგან, რომ შესაძლებლობაც მეტი გაქვს და პასუხისმგებლობაც. ჩვენთან არ არის კოალიციური მმართველობა, ქვეყანას კონკრეტული პარტია მართავს და სწორედ მის ხელშია ქვეყნის მართვის ბერკეტები. შესაბამისად, სწორედ მმართველ გუნდს ეკისრება პასუხისმგებლობა პოლარიზაციაზე. საქართველოს დღევანდელი მმართველი გუნდი თავადვე ახდენს სტიგმატიზებას, ამბობს, ყველა, ვინც გვაკრიტიკებს, “ნაციონალიაო”. რატომ აკეთებს ამას?! იმიტომ, რომ სჭირდება, უფრო ადვილია ოპონენტს 9 წელი წამოაყვედრო, ვიდრე საქმე აკეთო. მიუხედავად იმისა, რომ “ოცნება” უკვე თერთმეტი წელია ხელისუფლებაშია, მაინც “ნაციონალების” 9 წელზე ლაპარაკობს. მათ გარდა, სხვა ოპოზიციის აღიარება არ სურს. სხვებს ვერ ეტყვიან, შენ გააფუჭე ყველაფერი და მე შენგან მძიმე მემკვიდრეობა მერგოო…
“ხალხის ძალის” შემოთავაზებულ აგენტების კანონში რუსული გავლენების შეჩერებაზე არაფერია ნათქვამი, მხოლოდ ფინანსური ფონდების გაკონტროლებაზეა აქცენტი. არადა, ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ დასავლური ფონდები მოქმედებენ გამჭვირვალედ. ევროკავშირი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონით ცდილობს კონკრეტულად რუსული გავლენისგან, არამეგობრული სახელმწიფოებისგან დაიცვას თავი. ამრიგად, ამერიკული კანონი ტერმინოლოგიით კი ჰგავს “ხალხის ძალის” კანონპროექტს, მაგრამ შინაარსობრივად სრულიად განსხვავებულია. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის საკითხი ყბადაღებულ თემად იქცა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას არეგულირებს. არსებობს კანონი “გრანტების შესახებაც”. დასავლური ფულის გამჭვირვალობას კანონი ისედაც უზრუნველყოფს, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, არაფერში არ ჯდება გამჭვირვალობისთვის მეგობრებისა და პარტნიორების აგენტებად და ჯაშუშებად მონათვლა.
ჩვენ ხომ იმიტომ გვინდა ევროკავშირში შესვლა, რომ ქვეყანაში ევროპული ტიპის ინსტიტუციები და წესები არსებობდეს?! 12-პუნქტიანი რეკომენდაცია სწორედ ევროპული ინსტიტუციების შექმნას, დემოკრატიას, უკეთესი ცხოვრების წესს უზრუნველყოფს. თუ ამ ყველაფერზე უარს ვიტყვით, ან ისინი როგორ მიგვიღებენ ევროპულ ოჯახში, ან ჩვენ რა გვინდა იქ?! დაზუსტებით ვიცი, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მართლაც ძალიან სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მათი ყველა ვიზიტი გამიზნულია იმისთვის, რომ ხელიდან არ გავუშვათ ისტორიული შანსი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის თბილისში ვიზიტიც ამის დასტურია. თუმცა ჩვენი პარტნიორები ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერ გააკეთებენ, რეფორმებს ვერ გაატარებენ!
ჩვენ ხშირად ვიწონებთ თავს, რომ მთელი რიგი პარამეტრებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვართ. კი, ნამდვილად ასეა, მაგრამ პრობლემა ის არის, პოლიტიკური სიტუაცია არ არის შესაბამისად მომწიფებული. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი მზად არ არის პირადზე წინ ქვეყნის ინტერესები დააყენოს… საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკოსების უმრავლესობა აცდენილია პოლიტიკურ რეალობას, ვერ ხვდება, რა არის საზოგადოების დაკვეთა, ვერ აცნობიერებს, რომ ხელისუფლებით უკმაყოფილება თავისთავად ოპოზიციის მხარდაჭერას არ ნიშნავს… არა მაქვს კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის რეცეპტი. თუმცა შემიძლია თქმა, კარგი იქნება, თუ პოლიტიკიდან წავლენ ის პირები, რომლებმაც ამდენი ხნის განმავლობაში წარმატებას ვერ მიაღწიეს. არ შეიძლება ქვეყანა 11 წლის განმავლობაში ორი პოლიტიკური დაჯგუფების კინკლაობის მსხვერპლი იყოს”,- განაცხადა ფხალაძემ.