გიორგი გობრონიძე: სამართლებრივად ყველაფერი ნათელია – რუსეთს დღეს მართავს დამნაშავე

“სამართლებრივად ყველაფერი ნათელია – რუსეთს დღეს მართავს დამნაშავე, რომელიც იძებნება საერთაშორისო დანაშაულისთვის და ექვემდებარება უნივერსალურ იურისდიქციას, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქვეყანას ეძლევა უფლება თავის ტერიტორიაზე დააკავოს და გადასცეს სასამართლოს”,- ამის შესახებ ექსპერტი, საერთაშორისო საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის საკითხზე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრისას აღნიშნავს.

გობრონიძე ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობამაც და ოპოზიციამაც საქმეზე უნდა ილაპარაკონ.

“ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ითქვას, უახლეს ისტორიაში პირველად მოხდა მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი სახელმწიფოს ლიდერის ქმედებების ამგვარი სამართლებრივი შეფასება, სახელმწიფოსი, რომელიც აქამდე მეტ-ნაკლებად იყო ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი, ყოველ შემთხვევაში, ჰქონდა ამაზე პრეტენზია. ეს სამართლებრივი შეფასება მიუთითებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი ყველა იმ დანაშაულზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს უკრაინის ტერიტორიაზე. ამით პირდაპირ ითქვა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა. სამართლებრივად ყველაფერი ნათელია – რუსეთს დღეს მართავს დამნაშავე, რომელიც იძებნება საერთაშორისო დანაშაულისთვის და ექვემდებარება უნივერსალურ იურისდიქციას, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქვეყანას ეძლევა უფლება თავის ტერიტორიაზე დააკავოს და გადასცეს სასამართლოს. პუტინს პირდაპირ უთხრეს – ომი გაგრძელდება ბოლომდე. რაც შეეხება ამის პოლიტიკურ განზომილებას, რუსეთის პრეზიდენტმა მოახერხა, რომ მისი ქვეყანა ცივილიზებული სამყაროდან ისეთი ქვეყნების გვერდით ინაცვლებს, როგორიც არის სომალი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სუდანი. სხვათა შორის, ჰააგის სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება სწორედ სუდანის დიქტატორზე მიიღო. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციამ საკუთარ რეპუტაციას მიაყენა ისეთი მასშტაბური ზიანი, რომელსაც ვერავითარი მტერი ვერ მიაყენებდა. გყავდეს პრეზიდენტი, რომელიც საერთაშორისო დამნაშავე და ძებნილია, ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის უდიდესი დარტყმაა. არ ვიცი, რუსეთისთვის ამაზე მეტი რა უნდა დაეშავებინათ იმ ქვეყნებს, რომელთაც კრემლი მტრად მიიჩნევს… ნებისმიერი სახელმწიფო, მმართველი რეჟიმი, რომელიც თანამშრომლობს დღეს რუსეთის ხელისუფლებასთან, ავტომატურად აღიქმება მხარედ, რომელიც ომის დამნაშავეებთან თანამშრომლობს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას ექნება შემაკავებელი ეფექტიც, რათა აღიკვეთოს რუსეთის ფედერაციის ზედმეტად მხარდაჭერა, განსაკუთრებით უკრაინაში ომის გათვალისწინებით. გარკვეულწილად ეს ქმნის საფუძველს იმისთვისაც, რომ ამ სახელმწიფოების ხელისუფლებებზე სხვა ტიპის პოლიტიკური შეფასებები გაკეთდეს.

სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯერ ვერ გავცდით იმას, რომ ოპონენტი არ მოვიხსენიოთ აგენტად, ხალხის მტრად და ქვეყნის მოღალატედ. თუ გავყვებით იმ ლოგიკას, რომ ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, ახდენენ გავლენას საზოგადოებრივ აზრზე და ამიტომ უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის აგენტებად, მაშინ იქვე უნდა დარეგისტრირებულიყო საქართველოს ხელისუფლებაც, რადგან ის ახდენს გავლენას საზოგადოებრივ აზრზე და იღებს დახმარებას უცხოეთიდან, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 15%-ს შეადგენს. მოკლედ, ეს კანონპროექტები მოკლებული იყო ლოგიკას, დასაბუთებას, სოციალურ რელევანტურობას და საერთოდ არაფერს იძლეოდა. ისედაც გვაქვს საკანონმდებლო ბაზა როგორც ფინანსების გამჭვირვალობის, ისე სხვა თვალსაზრისით. მოკლედ, იმთავითვე ეს იყო შეცდომა… ჯერ საკითხავია, რა რედაქციით იღებენ ამგვარ საკანონმდებლო ნორმას კანადასა თუ ევროკავშირში, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც სხვაა, კანადასა და ევროკავშირის ქვეყნებში დგას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ან არჩევნების სამართლიანად ჩატარების პრობლემები? – რა თქმა უნდა, არა! შესაძლოა კანადაშიც მიიჩნევენ, რომ ეს არ არის ქვეყნის დემოკრატიისთვის კარგი, მაგრამ როდესაც ჩვენი ხელისუფლება ედარება კონსოლიდირებულ დემოკრატიას, მაშინ კეთილინებოს და შექმნას პირობები, რათა ყველა ინსტიტუტმა საქართველოშიც იმუშაოს ისე გამართულად, რომ არ არსებობდეს კითხვები…

რაც შეეხება შს ყოფილ მინისტრს – არ მაინტერესებს მერაბიშვილი რას ამბობს, ვერც კონსპირაციულ თეორიებზე ვილაპარაკებ. ქართველი პოლიტიკური კლასი თავიდან ბოლომდე, მთავრობაც და ოპოზიციაც, უხარისხოა. ამომრჩევლის 67%-ს არა აქვს გადაწყვეტილი, ვის უნდა მისცეს ხმა. მეც მათ რიცხვში ვარ, ვისაც არც ხელისუფლება მოსწონს და არც ოპოზიცია.

რა საბჭო და ვადამდელი არჩევნები?! ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები, ოპოზიციაში ვინმე ფიქრობს, რომ გამარჯვების შანსი აქვს? საბჭოებზე ლაპარაკის სანაცვლოდ, ოპოზიცია მე, როგორც ამომრჩეველს, უნდა მესაუბრებოდეს იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები ქვეყანაში. საბჭო, კონგრესი, მრგვალი მაგიდა და ამისთანები გავლილი გვაქვს გასული საუკუნის 90-იან წლებში. მთავრობაც და ოპოზიციაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდნენ ამ ნარატივიდან და საქმეზე ილაპარაკონ. მე მაინტერესებს კონკრეტული პრობლემები, ისეთი, როგორიცაა ეკონომიკური საკითხების მოგვარება, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საგარეო პოლიტიკური ვექტორის გაძლიერება, განათლების რეფორმები, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უამრავი სხვა რამ. აქედან გამომდინარე, საბჭოს შექმნიან, დარბაზს თუ საფიხვნოზე ჩამოსხდებიან, არ არის რიგითი ამომრჩევლისთვის საინტერესო. შეაფასონ კონკრეტული პრობლემები და იმუშაონ მათი მოგვარების გზებზე. სამწუხაროდ, მე დღეს ქართველ პოლიტიკოსებში ვერ ვხედავ იდეოლოგიურ და კონცეპტუალურ განსხვავებას. მეტიც, ისინი ღირებულებათა სისტემითა და მორალითაც კი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან”,- განაცხადა გობრონიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები