ვახტანგ ძაბირაძე: როდესაც რაღაცას სთავაზობ საზოგადოებას, ვადამდელი არჩევნები იქნება თუ სხვა რამ, საჭიროა მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა
“ლოზუნგებს თავი უნდა დავანებოთ. როდესაც რაღაცას სთავაზობ საზოგადოებას, ვადამდელი არჩევნები იქნება თუ სხვა რამ, საჭიროა მკაფიო არგუმენტირება და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა. ნათელმხილველი არავინ არის, მაგრამ რატომ გგონია, რომ ეს მომგებიანი იქნება, ის მაინც ხომ უნდა თქვა?”,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
ძაბირაძის თქმით, ახლა მთავარი ევროკომისიის 12- პუნქტიანი გეგმის შესრულებაა.
“დავიწყოთ იმით, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება თავად “ნაცმოძრაობას” არ მოუტანს არაფერს. “ქართული ოცნება” იფიცება, რომ 12 პუნქტიდან უკვე ყველა შეასრულა, გარდა იმ პუნქტისა, სადაც მას ხმები არ ჰყოფნის და ოპოზიციის ხმები სჭირდება. ოპოზიციის ვალია გამოიკვლიოს, “ოცნებამ” მართლაც შეასრულა ყველა პუნქტი ისე, როგორც საჭიროა, თუ როგორც თავად სურდა. უნდა დაიწყონ უკვე მიღებული კანონების შესწავლა, თუ რამდენად შეესაბამება ისინი იმას, რასაც ჩვენგან ითხოვენ, რომ არ მივიღოთ უარყოფითი შეფასება.
“ნაციონალურ მოძრაობას” უნდა მოვთხოვოთ განმარტოს, ვის წარმოადგენს მერაბიშვილი – იმ ახალ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელსაც სათავეში ხაბეიშვილი უდგას? თუ პარტიის პოზიციას არ ამჟღავნებს, მაშინ ვის პოზიციაზე ლაპარაკობს? ვისი სახელით? მე მოვუსმინე მის ინტერვიუს და ჩანდა, რომ “ნაცმოძრაობის” სახელით ლაპარაკობდა. თუ ასე არ არის, მაშინ “ნაცმოძრაობამ” უარყოს და რაც მთავარია, დამზღვევი სისტემაც შექმნას, რადგან არ შეიძლება ეს კაცი მუდმივად ლაპარაკობდეს, რას უნდა აკეთებდეს პარტია, ხოლო პარტია აცხადებდეს, ეს არ არის ჩვენი აზრიო. თუ ასეა, მაშინ მერაბიშვილის ნათქვამი უნდა უარყოფილ იქნეს არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაშიც. უნდა გაუგზავნონ ტელევიზიებს განცხადება, რომ ეს არის კერძო მოსაზრება და არა პარტიის პოზიცია.
თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, ჩატარდება იმავე სისტემით, რა სისტემითაც 2020-ში ჩატარდა, და მეორე – ამას დათანხმდება თუ არა ხელისუფლება, კაცმა არ იცის. რაც მთავარია, საარჩევნო სისტემა ისეთია, ისევ ხელისუფლებას აქვს უმრავლესობის მოპოვების დიდი შანსი – მაჟორიტარებს ისევ გაიყვანს, პროპორციული წესით 40-მდე კაცის გაყვანა არ გაუჭირდება უმრავლესობის მოსაპოვებლად. რაც შეეხება ოპოზიციას, ისედაც დაშლილი და ფრაგმენტირებული იყო და ასპარეზზე კეზერაშვილი-მერაბიშვილის გამოჩენამ თუ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობამ თავად “ნაცმოძრაობაც” დაანაწევრა. ასეთ ვითარებაში რა შანსია, რომ “ოცნება” ისევ დიდ უმრავლესობას არ აიღებს? თუ უმრავლესობას ისევ აიღებს, ხოლო 2024 წელს არჩევნები ისევ ჩატარდება, წელს გამარჯვებული მმართველი პარტია იმ არჩევნებს არა რეიტინგდაკარგული და დასუსტებული შეხვდება, არამედ ახალი ლეგიტიმაციით იქნება მოსული და ეს ვის უნდა აწყობდეს?
სხვა საკითხია, რომ ვადამდელი არჩევნები “ქართული ოცნების” ლიდერებს არ აწყობთ, რადგან მომავალ არჩევნებში, ვადამდელი იქნება თუ ვადიანი, უმრავლესობის უმრავლესობა მანდატს გამოეთხოვება და მერწმუნეთ, ისინი მდუმარე დეპუტატები არ იქნებიან. ვინც უფრო აქტიურია და ვისი იმიჯიც ძალიან შელახულია, დიდი ალბათობით, სიიდან ამოიღებენ. ამიტომ ახლა, როდესაც მათი ბედიც გაურკვეველია, ახალი არჩევნების ჩატარება არ აწყობთ. ასე რომ, იდეები კარგია, მაგრამ იდეებს არგუმენტები სჭირდება, ვის აძლევს ხელს და რა შედეგს მოგვიტანს ვადამდელი არჩევნები. ლოზუნგებს თავი უნდა დავანებოთ. როდესაც რაღაცას სთავაზობ საზოგადოებას, ვადამდელი არჩევნები იქნება თუ სხვა რამ, საჭიროა მკაფიო არგუმენტირება და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა. ნათელმხილველი არავინ არის, მაგრამ რატომ გგონია, რომ ეს მომგებიანი იქნება, ის მაინც ხომ უნდა თქვა? ამის ნაცვლად კი ვისმენთ ლოზუნგებს, ასეა ამ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაშიც. ჯობს, იმაზე ვიფიქროთ, როგორ ვაიძულოთ “ქართული ოცნება” შეასრულოს 12-პუნქტიანი გეგმა ისე, როგორც აუცილებელია. ამისთვის უნდა დახარჯოს ოპოზიციამ დრო და ენერგია, ამასთან, როგორღაც ჩამოყალიბდეს. ეს ერთი წელი ამისთვის უნდა გამოიყენონ და არა ვადამდელი არჩევნების ძახილზე. სხვა გამოსავალს, რომ 2024 წელს არჩევნები მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარდეს, ვერ ვხედავ”,- განაცხადა ძაბირაძემ.