სანდრო ბრეგაძე: ბოლო დროს საეჭვოდ გააქტიურებული მერაბიშვილის, კეზერაშვილისა და სხვა ე.წ. პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციების მთელი სერია
“მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების სანქცია გასცა, რუსეთის მხრიდან გარდაუვალია უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამწვავება და კიდევ უფრო განვრცობა. ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ კი საქართველო და მოლდოვა დგებიან”, – ამის შესახებ “ქართული მარშის” ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო დროს, საეჭვოდ გააქტიურებული მერაბიშვილის, კეზერაშვილისა და სხვა ე.წ. პოლიტიკური ლიდერების მხრიდან პროვოკაციების მთელი სერიაა მოსალოდნელი.
“ეს საფრთხე იმაზე ბევრად რეალურია, ვიდრე ეს შეიძლება, ერთი შეხედვით ჩანდეს. ბოლო დროს, საეჭვოდ გააქტიურებული მერაბიშვილის, კეზერაშვილისა და სხვა ე.წ. პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციების მთელი სერია რაც დიდი ალბათობით, რუსეთს საქართველოზე ახალი სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის განვრცობის საბაბს მისცემს. თუ ეს მოხდება, აბა, ერთი ეს ხალხი არ გვინახავს ფრონტის წინა ხაზზე, ვინც დღეს გაიძახის – სადაც ვიწროა იქ გაწყდეს, სადაც საომარია ვეომოთ რუსებსო. აბა, ერთი იარაღი არ აუღიათ ხელში და სანგრებში არ ჩამსხდარან, ჩემი ხელით დავაჭედებ ტყვიას, ახალგაზრდა იქნება თუ ძველგაზრდა.
ქართველი ლიბერალებისა და “ნაცების” გარდა, მსოფლიოში არავის სჯერა, რომ პუტინს დააპატიმრებენ, თუმცა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ და სამხედრო ვითარებას, რომ ძალზე გაამწვავებს ეს ცხადზე უცხადესია.
უცხო ქვეყნის აგენტების გამოვლენას “ახალი ველოსიპედის” გამოგონება არაფერში სჭირდება – საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ქართული სპეცსამსახურების პირდაპირი ვალდებულებაა, გაშიფრონ და პასუხი აგებინონ ნებისმიერი უცხო ქვეყნის აგენტსა თუ აგენტურულ ორგანიზაციას, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს.
ასე, რომ ხელისუფლებას მივმართავ – თუ რეალური საქმე გინდათ და არა ხალხის დასაზაფრი პოლიტიკური სპექტაკლები, მიიღეთ ლუსტრაციის კანონი და მაშინ გავიგონებთ იმათ განწირულ წკმუტუნს, ვინც დღეს ყელყელაობს და საკუთარი თავის შესანიღბად სხვას აწებებს აგენტის იარლიყს.
“ნაცებმაც” და “ქოცებმაც” თავი დაანებეთ უნიჭო სანახაობების მოწყობას, კმარა, უკვე ყელში ამოუვიდა ქართველ ხალხს”, – აცხადებს ბრეგაძე.