ემზარ კვიციანი: სახელებითა და გვარებით ვიცი, რომელ რუს გენერლებს ხვდებოდა მერაბიშვილი კოდორის ხეობაში და რა გარიგებებს დებდა მათთან
“სახელებითა და გვარებით ვიცი, რომელ რუს გენერლებს ხვდებოდა მერაბიშვილი კოდორის ხეობაში და რა გარიგებებს დებდა მათთან… მერე სცენებს დგამდნენ, თითქოს, კოდორის ხეობის დატოვებისას მერაბიშვილს რუსებმა ჩასაფრება მოუწყვეს და ესროლეს. მერაბიშვილს რუსულ სპეცსამსახურებთან ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და დღემდე აქვს”, – ამის შესახებ მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ ბოლო დრო გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით “ასავალ-დასავალს” განუცხადა.
მისივე თქმით, ამერიკა და რუსეთი ერთმანეთის ზურგს უკან და ერთმანეთთან შეუთანხმებლად არცერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს არ დგამენ.
“როცა ვანო მერაბიშვილი და მისნაირი რუსეთის აგენტები მსგავს განცხადებებს აკეთებენ, ეს იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა, რუსეთს უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა სურდეს. დიახ, თუ კრემლს ჩვენი ომში ჩათრევა დასჭირდება, ამას სწორედ საკუთარი აგენტების მეშვეობით გააკეთებს, რომელთაგან ერთ-ერთი ვანო მერაბიშვილი გახლავთ.
მრავალსერიიანი საბჭოთა ფილმი “გაზაფხულის 17 გაელვება” ალბათ ყველას აქვს ნანახი… გერმანიაში საბჭოთა კავშირის დაზვერვის აგენტი შტირლიცი საბჭოთა დროშას აფრიალებდა? რა თქმა უნდა არა, ის კარგად იყო შენიღბული როგორც ნაცისტური რეჟიმის ერთგული მსახური. აგენტები რეალურ ცხოვრებაშიც ასე ინიღბებიან, თუმცა მერაბიშვილსა და მისნაირებს შტირლიცის ჭკუა და გამბედაობა ვინ მისცა.
სახელებითა და გვარებით ვიცი, რომელ რუს გენერლებს ხვდებოდა მერაბიშვილი კოდორის ხეობაში და რა გარიგებებს დებდა მათთან… მერე სცენებს დგამდნენ თითქოს კოდორის ხეობის დატოვებისას მერაბიშვილს რუსებმა ჩასაფრება მოუწყვეს და ესროლეს. მერაბიშვილს რუსულ სპეცსამსახურებთან ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და დღემდე აქვს.
უკრაინის ხელისუფლებაში 90 პროცენტი რუსეთის ჯაშუშია. როგორ ფიქრობთ, ამერიკელებს უკრაინაში რუსეთისათვის ომის მოგება რომ უნდოდეთ პრეზიდენტად და უმაღლეს მთავარსარდლად ზელენსკისნაირ მასხარას დააყენებდნენ?
გლობალისტების მიზანია მეომრული და ეროვნული სულისკვეთების მატარებელ ყველა ერში თუ ასეთები მსოფლიოში კიდევ დარჩნენ, მეომრული და ეროვნული სული ბოლომდე ჩაკლან. ამიტომაც არის, რომ უკრაინელებს აქეზებენ და “ბოლო ჯარისკაცამდე” ბრძოლისკენ მოუწოდებენ. საერთოდ, უკრაინას, როგორც ევროპის შუაგულში მდებარე უზარმაზარ მართლმადიდებელ ქვეყანას, გლობალისტები დაუშლელს რომ არ დატოვებდნენ, ამას დიდი მიხვედრილობა არ სჭირდებოდა.
ამერიკა და რუსეთი ერთმანეთის ზურგს უკან და ერთმანეთთან შეუთანხმებლად არცერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს არ დგამენ. თუნდაც საქართველოს მაგალითი ავიღოთ – სწორედ ამერიკელები ეხმარებოდნენ რუსებს, რომ კოდორის ხეობაზე კონტროლი დაემყარებინათ. ამერიკელები “გვაწვებოდნენ”, რომ კოდორის ხეობა რუსეთისათვის ჩაგვებარებინა, და ამას რომ არ ვთანხმდებოდი, რუსები და ამერიკელები ერთად დამიპირისპირდნენ. მათ საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილი იმიტომ მოიყვანეს, რომ პირობა ჰქონდა დადებული – კოდორის ხეობას, როგორც აფხაზეთის გასაკონტროლებელ ბოლო ბასტიონს, რომელზეც რუსებმა კონტროლი ვერ დაამყარეს, უბრძოლველად ჩაგაბარებთო.
შევარდნაძის მმართველობის დროს საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში ამერიკის თავდაცვის მდივნის მრჩეველი იყო წარმოშობით ქართველი, გენერალი ოთარ შალიკაშვილი, რომელმაც ჩვენს თავდაცვის მინისტრს, გენერალ დავით თევზაძეს პირდაპირ უთხრა – კოდორი რუსეთს უნდა ჩააბაროთო. როცა დავით თევზაძემ მიზეზი ჰკითხა, შალიკაშვილმა უპასუხა – ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, რომ კოდორი საქართველოს იურისდიქციაში დარჩესო. კითხვაზე, რომელ ხელშეკრულებას გულისხმობდა, შალიკაშვილმა თევზაძეს უპასუხა – ეს შენი საქმე არ არისო.
დღეს უკრაინაშიც მსგავსი პროცესი მიმდინარეობს – ამ უზარმაზარ ქვეყანას რუსეთი და ამერიკა ნაწილ-ნაწილ დაშლიან და გავლენის ზონებად გადაინაწილებენ.
თუ მართლა აგენტი არ ხარ, რატომ არ უნდა გინდოდეს ისეთი კანონის მიღება, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტთა ლუსტრაციას მოახდენს?! ჩემი აზრით, ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტთა შესახებ კანონპროექტის ინიცირებაც და შემდეგ ამას მოყოლებული ვნებათაღელვაც ერთი სცენარის ნაწილი იყო, რათა ამ თემამ კარგა ხანს არ წამოიწიოს და საქართველოში ლუსტრაციის კანონის მიღება კიდევ 20-30 წლით შეაჩერონ. არც რუსეთს, არც ამერიკას, არც თურქეთს და არცერთ უცხო ქვეყანას რომელსაც საქართველოში საკუთარი ჯაშუშები და გავლენის აგენტები ჰყავს, ლუსტრაციის ან მასთან მიმსგავსებული კანონის მიღება არ აწყობს”, – განაცხადა კვიციანმა.