სანდრო თვალჭრელიძე: მე თუ მკითხავთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი განაღდებული გვაქვს

“მე თუ მკითხავთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი განაღდებული გვაქვს. ის ცნობილი რეკომენდაციების 12 პუნქტიც ფორმალურად აუცილებლად შესრულდება და მათი შეფასებისას ევროკომისია არ იქნება ძალიან მკაცრი”,- ამის შესახებ ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ განაცხადა.

თვალჭრელიძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული პროცესები შეაფასა.

“გაგახსენებთ, ჩვენს წინა ინტერვიუში გითხარით, რომ ეს კანონპროექტი (“ხალხის ძალის” კანონპროექტი) ვერ გავიდოდა. პროცესების მთლად ასე დრამატულად განვითარებას შეიძლება არ ველოდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ არ დაკანონდებოდა, რაც ასეც მოხდა. ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ ეს კანონი ჩვენი დასავლური კურსისთვის იყო სახიფათო, ის ემუქრებოდა ჩვენს თავისუფალ არჩევანსაც და გაცილებით დამაზიანებელი იყო, ვიდრე ეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ეგონათ.

ჩემი აზრით, ამ კანონის ინიცირება და პირველი მოსმენით მიღება სულ სხვა პროცესების მხოლოდ ზედაპირია. რასაც ახლა ვიტყვი, ჩემი ვარაუდია, არა მაქვს სხვა არანაირი დოკუმენტი ამის დასამტკიცებლად და არც იმას გამოვრიცხავ, ვცდებოდე…

1951 წელს ფანტასტიკის ჟანრის ძალიან ცნობილმა მწერალმა რობერტ ჰაინლაინმა დაწერა რომანი “თჰე Pუპპეტ Mასტერს”, რომელიც შეიძლება ვთარგმნოთ როგორც “მეთოჯინეები”. მასში უცხოპლანეტელების აგრესია დედამიწაზე ცეცხლითა და მახვილით კი არ ხდება, არამედ ხელისუფლებების მმართველი რგოლებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა ტვინში შეღწევითა და მათი მენტალიტეტის შეცვლით. ჩემი დაკვირვებით, ხელისუფლება სწორედ ამგვარი “მეთოჯინეების” თუ “მეთოჯინის” ბრძანებებს ასრულებს. არ დავასახელებ ბრძანებების გამცემს, რომელსაც, ჩემი აზრით, განსხვავებული მიზნები აქვს. ვფიქრობ, “მეთოჯინემაც” მშვენივრად იცოდა, რომ შეუძლებელი იყო ამ კანონპროექტის კანონად გადაქცევა და ეს დემარში განკუთვნილი იყო დასავლეთისთვის ამგვარი გზავნილით, მთავრობა ისე მოიქცევა, როგორც მინდა და ამიტომ მოდით და მე მელაპარაკეთო. ასე სცადა თავისი მიზნების მიღწევა.…

წარმოუდგენელია, არ სცოდნოდათ, ეს რა რეაქციას გამოიწვევდა. ბოლო კვლევები ნახეთ, ევროკავშირში გაწევრების მომხრეა ჩვენი საზოგადოების 80%.

ორი კაცი გამოდგა მთელ ამხელა საპარლამენტო უმრავლესობაში, რომლებიც საკუთარი პრინციპების კარნახით მოიქცა. სერგეენკოსა და ჩაჩიბაიას აქამდეც ვცემდი პატივს, მაგრამ ახლა განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი პოზიცია, ისინი პიროვნებები არიან, მათ ღირსება არ დაივიწყეს. მთელი უბედურება ის არის, რომ მართვის ამგვარი სტრუქტურა ჰქონდა ყველა ჩვენს ხელისუფლებას – ასე ხდებოდა ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის თუ მიხეილ სააკაშვილის დროს – ანუ გადაწყვეტილებების მიღება ერთი პირის ნებაზე იყო ყოველთვის დამოკიდებული. ერთადერთი გიორგი გახარია ცდილობდა დამოუკიდებლობას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა…

მოგეხსენებათ, ამ მოვლენების დროს პრეზიდენტი აშშ-ში იყო და ძალიან სწორი და მკვეთრი პოზიცია გამოხატა. დიდი ყურადღებით ვუსმინე მის ბოლოდროინდელ ინტერვიუებს სი-ნე-ენთან თუ ფრანგულ ტელევიზიებთან, საოცრად ხისტი და სწორი გამოსვლები ჰქონდა. ამ კარიერის დიპლომატმა, ფაქტობრივად, გვერდზე გადადო დიპლომატიური ენა და ისე ილაპარაკა… ასეთი გაბრაზებული სალომე ზურაბიშვილი არც გვინახავს. მისი აქცენტები იყო ზუსტი, როდესაც ევროკავშირს შეახსენა, წლების განმავლობაში რუსეთთან ლოიალურმა დამოკიდებულებამ სადამდე მიიყვანა მსოფლიო.

სამწუხაროდ, ასაკი არ მიწყობს ხელს, რომ მეც რუსთაველზე ვმდგარიყავი, არც სოციალურ ქსელებში ვარ დარეგისტრირებული, რათა იქ გამომეხატა ჩემი პოზიცია. ამიტომ ახლა თქვენი გაზეთის საშუალებით ვიტყვი, რომ სულით და გულით მეც რუსთაველზე ვიყავი მათი პროტესტის დროს. დიახ, საქართველოს გზა მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და ძალიან კარგია, რომ ჩვენს ახალგაზრდობას აღმოაჩნდა ბრძოლის ასეთი ჟინი და შემართება.

რას აჩვენებს ეს პროცესი? – უპირველესად იმას, რომ საქართველოში ძალიან ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება.

ამას აქვს მეორე მხარეც – ასეთმა პროტესტმა უნდა გაწვრთნას, გამოჩეკოს ახალი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მოახერხებენ ახლო მომავალში ქვეყნის მართვის ხელში აღებას. ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან, მათ ჯერ კიდევ ბევრის სწავლა და გამოცდილების დაგროვება სჭირდებათ, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ დღეებმა გვაჩვენა, რომ მოდის თაობა, რომელსაც ქვეყნის მართვის სტილის შეცვლა შეუძლია, თაობა, რომელსაც ძალუძს თვითორგანიზება. მათ ნათელი გონება აქვთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაცადოთ გაზრდა. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი ადრეულ ასაკში რომ არ გამხდარიყო პრეზიდენტი, ახლა ციხეში არ იჯდებოდა. ეს იქცა მისთვის პიროვნულ უბედურებად. ამ უთუოდ ნიჭიერმა კაცმა ახალგაზრდა ასაკში ძალაუფლების ცდუნებებს ვერ გაუძლო და ბევრი შეცდომა სწორედ ახალგაზრდული სულსწრაფობით დაუშვა.

რაც შეეხება რუსეთიდან განცხადებებს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს მათთვის დამახასიათებელი ქცევის გაგრძელებაა და აქ ვითარების ამტუტებას ემსახურება. რუსეთიდან ხიფათი 1796 წლიდან გვემუქრება, როგორ მოიქცევიან ისინი, არ ვიცი, მაგრამ მათგან აგრესიისათვის არავითარი საბაბი არ არსებობს.

დუმის სპიკერის განცხადება იყო საინტერესო, თურმე ამ კანონის უკან გამოწვევით ამერიკელებმა სუვერენიტეტი დაგვაკარგვინეს, რაც, რა თქმა უნდა, სისულელეა. კანონი გამოიწვიეს ქართველი ხალხის სურვილით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაც. ლავროვისა და პესკოვის განცხადებები არ ყოფილა რაიმეთი გამორჩეული, რაც შეეხება სიმონიანს, მას საკუთარი ერიც მოღალატედ მიიჩნევს და მაგის მუქარას ჩალის ფასი აქვს. ჩემი აზრით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხე არა მგონია იმაზე დიდი იყოს ახლა, რაც, მაგალითად, 10 წლის წინ იყო”,- განაცხადა რესპონდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე: “თბილისში განვითარებულ მოვლენებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა დასავლეთიდან. არ დარჩენილა წამყვანი მედიასაშუალება, რომ ეს პროცესები არ გაეშუქებინა. აქტიურობდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქართულ ენაზე გამოეხმაურა ქართველების ევროპულ მისწრაფებას, რაც მისი თქმით, ევროპაში გაიგონეს. როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად აისახება საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე?”, – თვალჭრელიძე პასუხობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქვეყანას განაღდებული აქვს.

“მე თუ მკითხავთ, უკვე აისახა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი განაღდებული გვაქვს. ის ცნობილი რეკომენდაციების 12 პუნქტიც ფორმალურად აუცილებლად შესრულდება და მათი შეფასებისას ევროკომისია არ იქნება ძალიან მკაცრი”,- განაცხადა თვალჭრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები