სამტრედიაში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო და საუბნო გზების კეთილმოწყობა.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ასფალტ-ბეტონის საფარი იგება სოფელ ჩხენიშში N-4-ე უბანში, ე.წ ჭანტურიების უბანში. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯორჯიან ბილდი“ ასრულებს.

სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ვაჟა სტურუასთან, ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, ოთარ წულეისკირთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  გზის დაგების სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

როგორც ადგილობრივმა აკაკი ჭანტურიამ განმარტა, აღნიშნულ ლოკაციაზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა და გზის დაგებით მათი მთავარი პრობლემა გვარდება.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის მოთხოვნები. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიმართ ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, ადგილობრივები დარჩნენ კმაყოფილნი და სამუშაოები იყოს უმაღლეს დონეზე შესრულებული“, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები