10 ტყუილი, რომელიც ახალი კანონპროექტის შესახებ ვრცელდება – ირაკლი კობახიძის განმარტება (ვიდეო)

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში იმ 10 ტყუილზე ისაუბრა, რომელიც “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში ვრცელდება:

“მინდა გავარჩიო ძალიან სწრაფად ერთ-ერთი პოსტი, რომელიც გამოაქვეყნა ილიას უნივერსიტეტის ლექტორმა. სტუდენტებს ასწავლის წარმოიდგინეთ ეს ადამიანი. მის პოსტს აქვს 700 მოწონება დაახლოებით, ანუ მინიმუმ 700 ადამიანი მოტყუვდა კონკრეტული პოსტით და ახლა გავყვები სათითაოდ, 10 პუნქტია:

პირველი უწერია, რომ “ახალი კანონპროექტით უცხო ქვეყნის აგენტები ხდებიან ფსიქოლოგები, სოცმუშაკები, დამწყები რეჟისორები, ახალგაზრდა იურისტები, წამების მსხვერპლთა თერაპევტები, სოციოლოგები, პოლიტიკის მკვლევრები, მეწარმეები, მედია მუშაკები -რატომ, იმიტომ რომ ის ორგანიზაციები, რომლებსაც ეს ადამიანები წარმოადგენენ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ”.
პირველი ტყუილი. მინიმუმ უხეში მანიპულაცია, რატომ – არცერთი ადამიანი, არცერთი ფიზიკური პირი, განსხვავებით ამერიკული კანონისგან, განსხვავებით რუსული კანონისგან, ქართული კანონის მიხედვით არ ცხადდება უცხოური გავლენის აგენტად. ორგანიზაცია რეგისტრირდება, როგორც უცხოური გავლენის აგენტი. აქ არის არსებითი განსხვავება. ამერიკული კანონის მიხედვით ადამიანს შეიძლება ეწოდოს არა უცხოური გავლენის აგენტი არამედ უცხოელი აგენტი. ქართულ კანონში საუბარია უცხოური გავლენის აგენტზე, რაც პრინციპულად განსხვავებული რამ არის და მხოლოდ ორგანიზაციებზეა საუბარი.

მეორე – ახალი კანონით იუსტიციის სამინისტროს ანონიმური წერილის საფუძველზეც კი ეძლევა უფლება მუშაობა შეუჩეროს არასამთავრობო ორგანიზაციას”.
ეს არის მეორე ტყუილი და რას ვგულისხმობ ამაში – ანონიმურ წერილს რაც შეეხება ეს მანიპულაციაა. კანონში წერია რომ მონიტორინგი იუსტიციის სამინისტრომ შეიძლება განახორციელოს როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე განცხადების საფუძველზე. დაკონკრეტებული არაფერი არაა, რა თქმა უნდა, განცხადება შეიძლება ნებისმიერი ფორმის იყოს ანონიმური, არაანონიმური, მაგრამ ეს მანიპულაციაა. მაგრამ სად არის ტყუილი კიდევ უფრო უხეში – “მუშაობა შეუჩეროს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას”. ეს არის ისეთი სამარცხვინო ტყუილი, რომ წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ეს იკადროს ვინმემ. არსად არ წერია ქართულ კანონში, რომ ვინმეს შეიძლება საერთოდ შეუჩერო მუშაობა, განსხვავებით იგივე რუსული კანონისგან.

მესამე ტყუილი – “ამ კანონით უცხო ქვეყნის აგენტი ექვემდებარება საყოველთაო კონტროლს და საჭიროებისამებრ შეზღუდვას”.
შეზღუდვა არის ტყუილი. არსად, არცერთ მუხლში არ წერია, რომ საქმიანობა შეიძლება შეეზღუდოს ნებისმიერ ორგანიზაციას. საყოველთაო კონტროლიც არის ტყუილი. ერთადერთი რაც ხდება, საზოგადოებისთვის ხდება ცნობილი წლიური დეკლარაცია, მეტი არაფერი. ეს არის საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი.

მეოთხე ტყუილი – “კანონპროექტის ამერიკულ ანალოგთან შედარება სიბეცეა. აშშ-ში უცხოური გავლენის აგენტად მხოლოდ იმ შემთხვევაში რეგისტრირდები თუკი რომელიმე სახელმწიფოს პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურები”. ეს არის მეოთხე ტყუილი. მაგალითად, არის ცნობილი კომპანია “აკერმანი” რომელიც დაიქირავა მიხეილ სააკაშვილმა. რომელი სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილია, ხომ. დაფიქსირებულია მიხეილ სააკაშვილი, როგორც უცხოური ძალა და კომპანია “აკერმანი”, როგორც უცხოური გავლენის აგენტი.

მეხუთე ტყუილი – “კანონპროექტის ბრიტანულ ანალოგთან შედარებაც სიბეცეა, ნისლიან ალბიონზე უცხოური გავლენის აგენტად მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში რეგისტრირდები თუკი მტრულად შერაცხილი სახელმწიფოდან- რუსეთი, ჩინეთი, ჩრდ. კორეა – ფინანსდები”. ესეც ტყუილია. არავითარი ასეთი ჩანაწერი ბრიტანულ კანონმდებლობაში არ არის და პრაქტიკაც ასეთია, როგორც ამერიკაში.

მეექვსე – “მაღალი ალბათობით, თუმცა ეს ჩემი აზრია, ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, უფრო შორს წავა და ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება მომავალში. მაგალითად, თუკი ადამიანი უცხო ქვეყნიდან იღებს გზავნილებს, ან სტიპენდიით მიდის სასწავლებლად, ისიც უცხო ქვეყნის აგენტად შეიძლება იქცეს” – ალბათობით საუბრობს, მაგრამ ეს ტყუილია. არანაირი მინიშნება არ არის ამაზე კანონპროექტში.

მეშვიდე ტყუილი – “რატომ არის ეს კანონი რუსულის ანალოგი, იმიტომ რომ სიტყვა-სიტყვით იმეორებს მას” – ეს ძალიან სამარცხვინო ტყუილია. რუსულ კანონში პირდაპირ დაბრკოლებებია შექმნილი კანონით შესაბამისი ორგანიზაციების რეგისტრაციის დროს, არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგენილი და ხალხს იჭერენ პირდაპირ. ამერიკაშიც იჭერენ ადამიანებს ფარას კანონით და რუსეთშიც იჭერენ.

შემდეგი ტყუილი – “ვისაც ჰგონია, რომ ეს კანონპროექტი გამჭვირვალობას ემსახურება, მაღალი ალბათობით არასდროს ჰქონია შეხება მესამე სექტორთან და ვერ ხვდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტი 10-ჯერ უფრო გამჭვირვალეა ვიდრე (ამას ალბათ არასდროს დაიჯერებთ რომ ლექტორმა დაწერა) ნებისმიერი რესტორნის”.
ჯერ რესტორანი და არასამთავრობო ორგანიზაცია ლექტორმა როგორ უნდა შეადარო ერთმანეთს, რა შუაშია საერთოდ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ პარტიებთან შედარებით, რომ ავიღოთ, დღეს იქ არის გამჭვირვალე პარტიების საქმიანობა, ეს არის აბსოლუტურად ბუნდოვანი. NGO-ებთან დაკავშირებით არის მიზერული ინფორმაცია ხელმისაწვდომი დღეს საზოგადოებისთვის.

და ბოლო ტყუილი – ეს კანონი არ შეეხება პრორუსულ ალტინფოს, რადგან იგი სპს-დ არის დარეგისტრირებული. ესეც ტყუილი და რატომ, იმიტომ რომ ალტინფოს აქვს თავისი ტელევიზია და ეს ტელევიზია ასევე ექვემდებარება რეგისტრაციას ამ კანონის საფუძველზე” , – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები