დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო ტურნირიდან 23 მედლით დაბრუნდნენ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ში გამართულ „საჰაერო ძალების თამაშებში“ წარმატებით იასპარეზეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდაცვის სამინისტროს გუნდმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში 23 მედალი მოიპოვა, მათ შორის თერთმეტი ოქრო, რვა ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო. დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური დახვდნენ და წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს.

ტურნირისთვის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა. საერთაშორისო ტურნირი აშშ-ში, ლას-ვეგასში მდებარე საჰაერო ბაზაზე ჩატარდა და თავდაცვის სამინისტროს გუნდმა სპორტის 6 სახეობაში – პარაკალათბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, სროლაში, სირბილში, ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში მიიღო მონაწილეობა. აშშ-ში თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი-დაშავებული მოსამსახურეების კიდევ ერთი გუნდი იმყოფება, რომელიც სან-დიეგოში, საზღვაო ქვეითთა თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები