თენგიზ ფხალაძე: ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ არ დაგვაშვებინონ საბედისწერო შეცდომა
“ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ საბედისწერო შეცდომა არ დაგვაშვებინონ”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პროფესორი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
ფხალაძე “ხალხის ძალის” კანონპროექტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა ისედაც გამჭვირვალეა და ქვეყანაში არსებობს კანონი გრანტების თაობაზე, რომლითაც განსაზღვრულია, ვინ შეიძლება იყოს გრანტის გამცემი.
“ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაგვეხმარონ. დღეს გაჩნდა რეალური შანსი იმისა, რომ საქართველო, ბოლოს და ბოლოს, სრულად გამოვიდეს ოკუპანტი რუსეთის გავლენიდან და გაერთიანდეს თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნების იმ ისტორიულ ოჯახში, რომლის წევრიც ვიყავით და საიდანაც ისტორიული უსამართლობის შედეგად ამოგვგლიჯეს. ეს დღეს გახდა რეალური და ჩვენს პარტნიორებს არ სურთ საქართველომ დაკარგოს ეს შანსი. ბუნებრივია, ჩვენს გასაკეთებელს ისინი ვერ გააკეთებენ. ამიტომ ყველა ღონეს ხმარობენ, რომ არ დაგვაშვებინონ საბედისწერო შეცდომა. ვერ დავიჯერებ, რომ დღეს ხელისუფლებაში ვინმეს ეს არ ესმის.
არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა ისედაც გამჭვირვალეა. მათ წელიწადში რამდენჯერმე სახელმწიფოსთვის ანგარიშის ჩაბარება ევალებათ თითოეულ იმ თეთრზე, რომელსაც იღებენ და ხარჯავენ. მოკლედ, ესა თუ ის დაფინანსების წყარო, თანხის მიზნობრიობა და ხარჯვა სავსებით გამჭვირვალეა. ეს ხდება წელიწადის განმავლობაში რამდენჯერმე მომზადებული ანგარიშის საფუძველზე და დაინტერესებულ პირებს ყოველთვის შეუძლიათ მისი ნახვა.
ამ ქვეყანაში არსებობს კანონი გრანტების თაობაზე, რომლითაც განსაზღვრულია, ვინ შეიძლება იყოს გრანტის გამცემი. გრანტს ვერ მიიღებთ ისეთი ორგანიზაციისგან, რომელიც სახელმწიფოს არ უღიარებია როგორც დაფინანსების წყარო.
როდესაც ვლაპარაკობთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში რამდენიმე ათეული ათასი ასეთი ორგანიზაცია არსებობს. მათში დასაქმებულია არაერთი ჩვენი მოქალაქე და თუ დაფინანსება შეწყდება, მათი ბედი ჰაერში გამოეკიდება. გარდა ამისა, უამრავი პროგრამა ხორციელდება დევნილებისთვის, ბავშვებისთვის, ფინანსდება სოციალური საწარმოების, შშმ პირთა თუ უფასო იურიდიული დახმარების პროგრამები და გამოდის, ეს ყველაფერი შეიძლება შეჩერდეს. ასევე არაერთი პროგრამაა, რომლებითაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ეხმარებიან ადამიანებს ადგილებზე დამკვიდრებასა და შემოსავლის ნახვაში, არის პროექტები მაღალმთიანი რეგიონებისათვის, სოფლის განვითარებისთვის და ა.შ. რიგ შემთხვევაში ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ იმ საქმეს, რომელსაც სახელმწიფო უნდა აკეთებდეს, მაგრამ არ და ვერ აკეთებს. უპირველესად ვგულისხმობ მოქალაქეების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას. თავისთავად ცხადია, რომ ძალიან ბევრი დონორი დაფრთხება, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი პროგრამები დაიხურება. აქ დონორები ფულს დებენ იმიტომ, რომ საქართველოს განიხილავენ იმავე ღირებულების სახელმწიფოდ, რომელზეც დგას დემოკრატიული სამყარო, და ხელს უწყობენ მის განვითარებას”,- განაცხადა ფხალაძემ.